ComCom-ის თავმჯდომარემ ITU-ს ევროპის ოფისის დირექტორთან შეხვედრა გამართა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ და ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ევროპის ოფისის დირექტორთან, იაროსლავ პონდერთან და ITU-ს მარეგულირებელი საკითხებისა და ბაზრის გარემოს განყოფილების უფროსთან, აჰმედ ალრაგჰთან შეხვედრა გამართეს, რომელიც მხარეებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას და სამომავლო ერთობლივი პროექტების განხილვას ისახავდა მიზნად. შეხვედრის ფარგლებში, გოგა გულორდავამ ყურადღება ComCom-სა და ITU-ს შორის საუკეთესო პრაქტიკისა და მიდგომების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„საქართველოს ტელეკომ სექტორის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდროდ გაგრძელდეს, განსაკუთრებით ისეთ საკვანძო თემებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: ფართოზოლოვანი ციფრული რუქის განვითარება; ციფრული უთანასწორობის დაძლევა და ციფრული უნარების განვითარება, ასევე, ახალი ტექნოლოგიების მარეგულირებელი ჩარჩოების შემუშავება, სპექტრის ეფექტური მართვა და სხვა."- აღნიშნა გოგა გულორდავამ.
იაროსლავ პონდერი ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის ევროპის ოფისის ხელმძღვანელია. წლების განმავლობაში მას ITU-ში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა: გენერალურ სამდივნოში, ტელეკომუნიკაციების განვითარების ბიუროსა და რეგიონულ ოფისებში, სადაც მუშაობდა ინფორმაციული საზოგადოების განვითარებისა და ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობის მიმართულებით ეროვნულ, რეგიონულ, საერთაშორისო და გაეროს დონეებზე. მისი დაფუძნებულია ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა ყოველწლიური WSIS ფორუმი და სხვა ინიციატივები. ამჟამინდელ თანამდებობაზე იაროსლავ პონდერმა შექმნა რამდენიმე საკოორდინაციო მექანიზმი, რომლებიც გაეროს ეროვნულ და რეგიონულ დონეზე ციფრული ტრანსფორმაციის წინსვლის მიმართულებით სააგენტოებთან მუშაობაში უწყობს ხელს.
11 თებერვალს, თბილისში, კომუნიკაციების კომისია ITU-ს ციფრული რეგულირების ქსელის მმართველი საბჭოს შეხვედრას უმასპინძლებს. ღონისძიება მიზნად ისახავს კავშირის დაგეგმვის, მარეგულირებელი რეფორმისა და საინვესტიციო ანალიზის მიმართულებით სტრატეგიული ინსტრუმენტების გაძლიერებასა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას.
შეგახსენებთ, რომ ITU წარმოადგენს გაერთიანებული ერების სპეციალიზირებულ სააგენტოს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მიმართულებით, რომლის მიზანიც საკომუნიკაციო ქსელებში საერთაშორისო კავშირის ხელშეწყობაა. ორგანიზაცია 1865 წელს შეიქმნა და 1947 წელს გახდა გაერთიანებული ერების სპეციალური სააგენტო, ხოლო დღეს-დღეობით 193 ქვეყანასა და 900 კომპანიას, უნივერსიტეტს, ასევე, საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებს აერთიანებს. თავდაპირველად ITU-ს საქმიანობა მხოლოდ ტელეგრაფს მოიცავდა, ამჟამად კი იგი მთლიანად ICT სექტორს ფარავს. საქართველო ITU-ში 1992 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლობით გაწევრიანდა. კომისია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, როგორც მარეგულირებელი ორგანო, შექმნის დღიდან აქტიურად თანამშრომლობს ITU-სთან.
სხვა სიახლეები
საქართველოში ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გაიხსნა
06.03.2026.19:04
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან, ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორ ლესლი ბეარმან ლაჰმსა და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის მრავალწლიან ნაყოფიერ პარტნიორობას და ADB-ს ქვეყნისა და მთავრობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„საქართველოს აზიის განვითარების ბანკთან განსაკუთრებული თანამშრომლობა აკავშირებს, რასაც ძალიან ხელშესახები შედეგები მოაქვს. დიდი ხანია, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ყველაზე სანდო, მნიშვნელოვანი, განვითარებაზე ორიენტირებული საერთაშორისო პარტნიორია და მისი საქმიანობა საქართველოში სრულად შეესაბამება ჩვენს ეროვნულ პრიორიტეტებს. ვაფასებთ ბანკის წვლილს სხვადასხვა დარგის განვითარებაში. ბანკის მოქმედი საინვესტიციო პორტფელი 5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, რაც მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას ხმარდება. მადლობას ვუხდი აზიის განვითარების ბანკის მთელს გუნდს და საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ქალბატონ ლესლი ბეარმან ლაჰმს, რომლის პირადი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ განსაკუთრებულია", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის მზარდ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება ADB-ის პრეზიდენტმა მასატო კანდამ.
„ჩვენი პარტნიორობა მტკიცეა. აზიის განვითარების ბანკის კომიტეტმა ბოლო სხდომაზე 1 მილიარდზე მეტი აშშ დოლარის გამოყოფა განსაზღვრა საქართველოს კერძო და საჯარო სექტორების განვითარებისთვის, რაც ინვესტიციების გზით ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. ერთად მივაღწიეთ წინსვლას მასშტაბური პროექტების მხარდაჭერით, მუნიციპალური სერვისების გაძლიერებით, დარგობრივი და ინსტიტუციური რეფორმების ხელშეწყობით და ხალხში ინვესტირებით. ბევრად ადრე, ვიდრე საქართველოს ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერის გადაწყვეტილებას მივიღებდით, მიზნად დავისახეთ ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ჩვენი პარტნიორობა ძლიერ საფუძველს ემყარება, რაც მოიცავს საერთო ფასეულობებს და ერთობლივ ძალისხმევას ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა მასატო კანდამ.
აზიის განვითარების ბანკს ახალი ოფისის გახსნა მიულოცა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და აღნიშნა, რომ ADB-ის მხარდაჭერით ქვეყანაში არაერთი ტრანსფორმაციული პროექტი განხორციელდა.
„აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობა საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესაბამისად იზრდება. მატულობს ბანკის საინვესტიციო პორტფელიც. მომდევნო წელს ჩვენი თანამშრომლობის 20 წლის იუბილეს აღვნიშნავთ და მთელ ამ პერიოდში აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთვის წამყვან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. ტრანსფორმაციული პროექტები საქართველოში სწორედ აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. ჯამში მათი მოცულობა 5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება და მოიცავს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორებში ინვესტიციებს. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის. აზიის განვითარების ბანკთან გვაკავშირებს 2024-2028 წლების პარტნიორობის სტრატეგია, რომელშიც გაწერილია საქართველოს მთავრობის საშუალო და გრძელვადიანი ინიციატივები. ძალიან ინტენსიური და ამბიციური თანამშრომლობის დღის წესრიგი გვაქვს და გვახარებს ის ფაქტი, რომ აზიის განვითარების ბანკი ჩვენს გვერდით იქნება. პროექტები, რომლებსაც ერთად ვახორციელებთ, ნამდვილად ცვლის ჩვენი მოსახლეობის ცხოვრებას", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნის ცერემონიას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.