ComCom-ი კომპლექსური კვლევის II ეტაპზე ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად ოპერატორებს შეხვდა
ComCom-მა კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპის ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, ოპერატორებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. კვლევის ეს ეტაპი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან დაშვების ბაზრის სიღრმისეულ შესწავლას და კორპორატიული ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურებების საცალო ბაზრის ანალიზს ემსახურება. შეხვედრები, სადაც „მაგთიკომის“, „სილქნეტის“, „ახალი ქსელების“, „სქაიტელის“, ასევე, მცირე და საშუალო ოპერატორების და მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების (MVNO) ასოციაციის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, ბაზარზე არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების შესასწავლად, დეტალური ინფორმაციის შეგროვებას ისახავდა მიზნად. საგულისხმოა, რომ შეხვედრა ასევე დაეთმო კომპლექსური კვლევის პირველი ეტაპის ფარგლებში, ComCom-ის მიერ „მაგთიკომისთვის“ დაკისრებული ვალდებულებების მონიტორინგის საკითხებს.
სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან დაშვების ბაზარი, კომპლექსური კვლევის პირველ ეტაპზე, პოტენციურად რეგულირებას დაქვემდებარებადად იქნა მიჩნეული, შესაბამისად, შეხვედრები აღნიშნული ბაზრის მდგომარეობის ანალიზის მიზნით, ოპერატორებთან სიღრმისეულ ინტერვიუებს მოიცავდა. მიღებულ დეტალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კომუნიკაციების კომისია, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად შეაფასებს ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის არსებობას და ასეთის გამოვლენის შემთხვევაში, ევროპული პრაქტიკის მიხედვით, განსაზღვრავს მარეგულირებელ ჩარჩოს.
კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპზე ასევე დაგეგმილია შეხვედრები იმ იურიდიულ პირ აბონენტებთან, რომელთაც განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის ინტერნეტ შეთავაზებების მოთხოვნა აქვთ, რათა შეფასდეს მათ მიერ მიღებული კორპორატიული მომსახურებები, კერძოდ - თუ რომელი პაკეტებია ყველაზე მოთხოვნადი; რა ფაქტორები არსებობს მომსახურებების შერჩევისას და სირთულეები, რომელსაც აწყდებიან პროვაიდერზე არჩევანის გაკეთებისას.
„მაგთიკომთან“ შეხვედრის ფარგლებში, ComCom-ის წარმომადგენლებმა და კვლევის ექსპერტთა ჯგუფმა, ოპერატორის წარმომადგენლებს გაუზიარეს სატარიფო ვალდებულებების მონიტორინგის მიზნით შემუშავებული მარჟის შეკუმშვის ტესტის მეთოდოლოგიის წინასწარი ვერსია და განიხილეს ძირითადი მიდგომები, მეთოდოლოგიის გამოქვეყნების ეტაპები და მისი მნიშვნელობა ბაზრის გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისთვის. ტესტის მიზანს წარმოადგენს იმის შეფასება, უზრუნველყოფს თუ არა „მაგთიკომი“, როგორც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორი, სამართლიან პირობებს მობილურ და ფიქსირებულ ქსელზე დაშვების მსურველებისთვის. გარდა ამისა, ოპერატორთან გამართული სამუშაო შეხვედრა დაეთმო კომპანიის მიერ გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტების განხილვას. ComCom-მა, ექსპერტების დახმარებით, „მაგთიკომს“ ოფერტებთან დაკავშირებული შინაარსობრივი შენიშვნები გააცნო, რათა მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ შეთავაზებული პროცედურული, კომერციული თუ ტექნიკური პირობები, დაშვების მსურველთათვის გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული ყოფილიყო.
შეგახსენებთ, რომ კომპლექსური კვლევის პირველი ეტაპი 2024 წელს დასრულდა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ როგორც ფიქსირებული, ასევე მობილური კომუნიკაციების ბაზარი იყო არაკონკურენტული და განიცდიდა სტაგნაციას, ხოლო ორივე ბაზარზე „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორი იყო, რის გამოც ComCom-მა მას სხვა კომპანიების ქსელზე დაშვების ვალდებულებები განუსაზღვრა.
კომუნიკაციების კომისიამ 2022 წელს ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility“) ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომელიც ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობას, მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება. საგულისხმოა, რომ კვლევა ევროკავშირში მოქმედ სატელეკომუნიკაციო ბაზრის ანალიზის მიდგომებთან სრულ შესაბამისობაშია და ევროპულ საუკეთესო პრაქტიკას ეყრდნობა.
სხვა სიახლეები
საქართველოში ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გაიხსნა
06.03.2026.19:04
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან, ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორ ლესლი ბეარმან ლაჰმსა და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის მრავალწლიან ნაყოფიერ პარტნიორობას და ADB-ს ქვეყნისა და მთავრობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„საქართველოს აზიის განვითარების ბანკთან განსაკუთრებული თანამშრომლობა აკავშირებს, რასაც ძალიან ხელშესახები შედეგები მოაქვს. დიდი ხანია, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ყველაზე სანდო, მნიშვნელოვანი, განვითარებაზე ორიენტირებული საერთაშორისო პარტნიორია და მისი საქმიანობა საქართველოში სრულად შეესაბამება ჩვენს ეროვნულ პრიორიტეტებს. ვაფასებთ ბანკის წვლილს სხვადასხვა დარგის განვითარებაში. ბანკის მოქმედი საინვესტიციო პორტფელი 5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, რაც მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას ხმარდება. მადლობას ვუხდი აზიის განვითარების ბანკის მთელს გუნდს და საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ქალბატონ ლესლი ბეარმან ლაჰმს, რომლის პირადი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ განსაკუთრებულია", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის მზარდ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება ADB-ის პრეზიდენტმა მასატო კანდამ.
„ჩვენი პარტნიორობა მტკიცეა. აზიის განვითარების ბანკის კომიტეტმა ბოლო სხდომაზე 1 მილიარდზე მეტი აშშ დოლარის გამოყოფა განსაზღვრა საქართველოს კერძო და საჯარო სექტორების განვითარებისთვის, რაც ინვესტიციების გზით ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. ერთად მივაღწიეთ წინსვლას მასშტაბური პროექტების მხარდაჭერით, მუნიციპალური სერვისების გაძლიერებით, დარგობრივი და ინსტიტუციური რეფორმების ხელშეწყობით და ხალხში ინვესტირებით. ბევრად ადრე, ვიდრე საქართველოს ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერის გადაწყვეტილებას მივიღებდით, მიზნად დავისახეთ ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ჩვენი პარტნიორობა ძლიერ საფუძველს ემყარება, რაც მოიცავს საერთო ფასეულობებს და ერთობლივ ძალისხმევას ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა მასატო კანდამ.
აზიის განვითარების ბანკს ახალი ოფისის გახსნა მიულოცა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და აღნიშნა, რომ ADB-ის მხარდაჭერით ქვეყანაში არაერთი ტრანსფორმაციული პროექტი განხორციელდა.
„აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობა საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესაბამისად იზრდება. მატულობს ბანკის საინვესტიციო პორტფელიც. მომდევნო წელს ჩვენი თანამშრომლობის 20 წლის იუბილეს აღვნიშნავთ და მთელ ამ პერიოდში აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთვის წამყვან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. ტრანსფორმაციული პროექტები საქართველოში სწორედ აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. ჯამში მათი მოცულობა 5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება და მოიცავს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორებში ინვესტიციებს. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის. აზიის განვითარების ბანკთან გვაკავშირებს 2024-2028 წლების პარტნიორობის სტრატეგია, რომელშიც გაწერილია საქართველოს მთავრობის საშუალო და გრძელვადიანი ინიციატივები. ძალიან ინტენსიური და ამბიციური თანამშრომლობის დღის წესრიგი გვაქვს და გვახარებს ის ფაქტი, რომ აზიის განვითარების ბანკი ჩვენს გვერდით იქნება. პროექტები, რომლებსაც ერთად ვახორციელებთ, ნამდვილად ცვლის ჩვენი მოსახლეობის ცხოვრებას", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნის ცერემონიას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.