ჩვენი მოლოდინით, ინფლაცია ჩამოვა ქვევით და შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ არ მოგვიწევს რეფინანსირების განაკვეთის ზრდა - ნათია თურნავა
უახლოეს ხანებში ველოდებით, რომ ინფლაცია ჩამოვა ქვევით. შესაბამისად, დიდი იმედი გვაქვს, რომ არ მოგვიწევს რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა და პირიქით, არის მიჯნა, რომ 7%-მდე დავუახლოვებთ რეფინანსირების განაკვეთს, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე, 2026-2028 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის წარდგენისას განაცხადა.
„ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ სწორი ბალანსი დავიცვათ საპროცენტო განაკვეთსა და ინფლაციას შორის, თუმცა ინფლაციაა მთავარი საზრუნავი და ფასების დონე. ამ ეტაპზე ჩვენი მოლოდინი ცენტრალური სცენარის მიხედვით არის სწორედ ეს, წლევანდელი წელი 4%-ის ირგვლივ, მომავალ წელს დაიწყებს მიახლოებას 3%-თან“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე, 2026-2028 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარადგინა. პროექტში მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის დონე, მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოყენებული მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები და მიმოხილულია არსებული მაკროეკონომიკური გარემო და რისკები.
ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა წლიური ინფლაციის შედარებით გაზრდილ მაჩვენებელზე და განმაპირობებელ ფაქტორებზე. მან ხაზი გაუსვა, რომ მიზნობრივ, 3 პროცენტიან მაჩვენებელთან შედარებით, ინფლაციის ზრდას ძირითადად სურსათის ინფლაცია განაპირობებს, რაც ნაწილობრივ წინა წლის დაბალი საბაზო ეფექტისა და ეგზოგენური ფაქტორების ასახვაა. ხოლო სურსათის გამორიცხვით, ინფლაციის მაჩვენებელი და ამავდროულად შედარებით ხისტი ფასების საზომები, რომლებიც კარგად ასახავენ გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს, მიზნობრივ დონესთან ახლოს ნარჩუნდება.
სხვა სიახლეები
საქართველოში განხორციელდება ყველა ის პროექტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ამის პირობას ვაძლევთ საზოგადოებას - ირაკლი კობახიძე Eagle Hills-ის პროექტზე
24.11.2025.14:57
საქართველოში განხორციელდება ყველა ის პროექტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ამის პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ვატიკანში, Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით განუცხადა.
პრემიერის თქმით, ერთი ხელიდან მართული მედიასაშუალებები უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და კოორდინირებულად ეწევიან კონკრეტული საინვესტიციო პროექტის საწინააღმდეგო კამპანიას.
„აქ ჩანს სრული კოორდინაცია. ეს არის ერთი ხელიდან მართული მედიასაშუალებები, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და ეს ორგანიზაციები კოორდინირებულად ეწევიან კონკრეტული საინვესტიციო პროექტის საწინააღმდეგო კამპანიას. ესენი არიან კონკრეტული პოლიტიკური ძალები. ეს კამპანია დააწყებინეს „ლელოს", შემდეგ გააგრძელებინეს „ალტ ინფოს", „პატრიოტთა ალიანსს", „ნაცმოძრაობას", ეს არის ძირითადად ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც უპირისპირდებიან ამ უპრეცენდენტო ინვესტიციას და უნაკლო პროექტს, რომელიც საქართველოში უნდა განხორციელდეს. ასეთი მარგინალური პოლიტიკური ძალები ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწევენ და წარმატებას ვერ მიაღწევენ ვერც ეს უცხოელი დონორები, ევროპელი ბიუროკრატები, რომლებიც აფინანსებენ საბოტაჟს საქართველოში. საქართველოში განხორციელდება ყველა ის პროექტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ამის პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, - განაცხადა პრემიერმა.