ჩვენი მოლოდინები თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის დასრულების შემდეგ ძალიან პოზიტიურია - მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი შეაფასა. მინისტრის თქმით, ფორუმზე თითოეულ ქვეყანას, განსაკუთრებით კი საქართველოს, ჰქონდათ შესაძლებლობა, კიდევ უფრო დეტალურად ესაუბრათ იმ მიღწევებზე, შედეგებსა და გეგმებზე, რომლებიც უშუალოდ ტრანსპორტის, ლოგისტიკის და ინვესტიციების მიმართულებით გააჩნიათ.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა და ბევრი ვისაუბრეთ იმ მიღწევებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აქვს უშუალოდ ეკონომიკის განვითარების კუთხით, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ისინი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებისთვის როგორც უშუალოდ შუა დერეფანში, ასევე ტრანზიტული ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციის გაძლიერებისთვის," - აღნიშნა მინისტრმა.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025 წლის 22-23 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით გაიმართა და მასში 70-ზე მეტი ქვეყნის 2300-ზე მეტმა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოლოდინები ფორუმის დასრულების შემდეგ ძალიან პოზიტიურია, რომ საქართველოს ექნება არაერთი ხელშესახები შედეგი, რადგან ფორუმის ფარგლებში უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გაიმართა.
„ფორუმზე გამართული შეხვედრების ფარგლებში ჩვენ ვისაუბრეთ კონკრეტულ პროექტებზე, მათი შესრულების გეგმებსა და ვადებზე, რაც, რა თქმა უნდა, აისახება ასევე კონკრეტულ შედეგებში. აღნიშნული პროექტები უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკის, მისი როლისა და ფუნქციის გაძლიერებას შუა დერეფანში და მისი პოზიციონირების კიდევ უფრო მეტად გამყარებას, როგორც ტრანზიტული - ლოგისტიკური ჰაბის," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
„თბილისის ფინანსურ სამიტზე“ განხილულმა თემებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობა და საქართველოს სტრატეგიული როლი შუა დერეფანში - ნათია თურნავა
27.10.2025.14:05
„თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა.
პანელზე, სახელწოდებით „მაკროეკონომიკური და გეოპოლიტიკური დიალოგი, სამომავლო პერსპექტივები“ რეგიონის მაკროეკონომიკური პერსპექტივები, გეოპოლიტიკური პროცესების გავლენა ფინანსებსა და ტექნოლოგიაზე და ახალი ფინანსური დერეფნების მნიშვნელობა განიხილეს.
სებ-ის პრეზიდენტთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობდნენ სომხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი მარტინ გალსტიანი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში დიდიე ტრებუკი და ყაზახეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილე ვიტალი ტუტუშკინი.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და საქართველოს სტრატეგიულ როლს შუა დერეფანში.
ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ფინანსური ინდუსტრია უფრო მეტად ინტეგრირდება რეგიონულ ეკონომიკაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური ფრაგმენტაციის ტენდენციის ფონზე, საქართველო კი აქტიურად უწყობს ხელს რეგიონული ფინანსური კავშირების გაძლიერებასა და ინოვაციების განვითარებას.
„რამდენადაც თანამედროვე გლობალური ლანდშაფტი მნიშვნელოვანი ფრაგმენტაციითა და გაურკვევლობით ხასიათდება, რეგიონული თანამშრომლობა აუცილებლობად იქცა. ამიტომ, ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთლიანად ჩვენი რეგიონის მდგრადობისა და კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად. ჩვენ ვხედავთ ქართული ბანკების რეგიონულ ექსპანსიას და ამავდროულად საპასუხო ინტერესს ყაზახეთის, სინგაპურის, ჩინეთისა და ევროპის ფინანსური ინსტიტუტებისა და ინვესტორების მხრიდან, რომლებმაც მზარდი ინტერესი გამოავლინეს საქართველოში თავიანთი წარმომადგენლობის გაფართოების მიმართ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
რაც შეეხება მეორე პანელურ დისკუსიას „მთავრობის ლიდერთა დიალოგი: შემდეგი გლობალური ინოვაციური ციკლი ფინანსურ სერვისებსა და გადახდებში“, ნათია თურნავა აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე ტალეჰ კაზიმოვთან და ხორვატიის ეროვნული ბანკის მმართველის ოფისის მრჩეველთან ლინარდო მარტინჩევიჩთან ერთად მონაწილეობდა.
მხარეებმა იმსჯელეს დამოუკიდებელი, ურთიერთთავსებადი საგადახდო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე შუა დერეფანში. საუბარი შეეხო რეალურ დროში ანგარიშსწორებისა და რეგიონული კაპიტალის ნაკადების შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველყოფას.
ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა მომავალი თაობის გადახდის სისტემების პრაქტიკაში გამოყენებისთვის სტრატეგიული ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობას, რაც ხელოვნური ინტელექტის, ტოკენიზაციის და კვანტური ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს.
„ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ვქმნით ახალ ეპოქას, სადაც საქართველო ფინანსური პროცესების ეპიცენტრში დგას. საქართველოს ეროვნულ ბანკში აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ინოვაციებისკენ მიმავალ გზაზე დანარჩენ მსოფლიოს არ ჩამოვრჩეთ. ვირტუალური აქტივებისა და ციფრული ბანკების მარეგულირებელი ჩარჩოები, ტრანსსასაზღვრო გადახდის სისტემები და ღია ბანკინგი იმ ძირითად ინიციატივათა მცირე ჩამონათვალია, რომლებზეც ფოკუსირებული ვართ. ეს პროექტები ჩვენს ფინანსურ სისტემას მომავლისთვის ამზადებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ორივე პანელურ დისკუას მოდერატორობას უწევდა - გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი, სოპნენდუ მოჰანტი.
„თბილისის ფინანსური სამიტს“, რომელიც „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გაიმართა 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი და 1000-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა.