ჩვენი მიდგომით, თბილისი კვლავაც უნდა დარჩეს ძირითად საუნივერსიტეტო კერად, სადაც ჯამში სტუდენტების ნახევარზე მეტი მიიღებს განათლებას - ირაკლი კობახიძე
ჩვენი მიდგომით, თბილისი კვლავაც უნდა დარჩეს ძირითად საუნივერსიტეტო კერად, სადაც ჯამში სტუდენტების ნახევარზე მეტი მიიღებს განათლებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამასთან ერთად შესაძლებელია ქუთაისის განვითარება მეორე კერად და რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერება.
„რაც შეეხება სტუდენტების თბილისში კონცენტრაციას, აქ ასეთი ციტატა უნდა გავიხსენო - „სტუდენტები ფეხებში გვედებიან" - ჩვენ ასე არ ვსაუბრობთ ახალგაზრდებზე. ეს არ არის ჩვენი ციტატა, ეს ჩვენ არ გვითქვამს. არა მარტო არ გვითქვამს, არც ვფიქრობთ ასე. რაც შეეხება თბილისს, კვლავაც თბილისი უნდა დარჩეს ძირითად საუნივერსიტეტო კერად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. უბრალოდ, ვფიქრობთ, ამასთან ერთად შესაძლებელია ქუთაისის განვითარება მეორე კერად და ამასთანავე რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერება ისე, რომ მეტად გადანაწილდეს სტუდენტების რაოდენობა რეგიონულ ჭრილში. ჩვენი მიდგომით, თბილისი კვლავაც უნდა დარჩეს ძირითად საუნივერსიტეტო კერად, სადაც ჯამში სტუდენტების ნახევარზე მეტი მიიღებს განათლებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება სოხუმის უნივერსიტეტს, ირაკლი კობახიძის თქმით, ბუნებრივია, ის სტატუსს შეინარჩუნებს, მათ შორის პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, თუმცა კონკრეტულად როგორ და რა ფორმით შეეხება ეს რეფორმა, ამაზე მსჯელობა შედგება უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან.
სხვა სიახლეები
არავითარი ხელოვნური დაბრკოლება მოსწავლეებს არ შეექმნებათ, ვისაც ენდომება 12 კლასის დახურვა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება, ყველას მივცემთ ამის შესაძლებლობას - ირაკლი კობახიძე
26.11.2025.17:37
უახლოეს მომავალში გვექნება ზოგადი განათლების კონცეფციის პრეზენტაციაც, დაახლოებით ერთ კვირაში განათლების მინისტრი წარადგენს ამ ხედვას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, უნდა გადაიხედოს ზოგადი განათლების პროგრამის შინაარსი და ბოლო წლის პროგრამა მაქსიმალურად უნდა უყოს მორგებული მისაღები გამოცდების მოთხოვნებზე.
„რაც შეეხება ძირითად უპირატესობებს, რაც დაკავშირებულია 12 წლიდან 11-წლიანი სწავლების მოდელზე გადასვლასთან. როდესაც ამაზე მსჯელობა დავიწყეთ, კითხვა დავუსვი განათლების სპეციალისტებს, განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს, არის თუ არა შესაძლებელი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა 11 წელიწადში. ამაზე საწინააღმდეგო პასუხი ვერ მივიღე, რეალურად დადასტურდა, რომ 11 წელიწადში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა არის შესაძლებელი. მცირე გადანაწილება დასჭირდება სასწავლო პროგრამას. ამის შემდეგ დაისვა მარტივი შეკითხვა, თუ ეს შესაძლებელია, რატომ უნდა ისწავლოს მოსწავლემ 12 წელიწადი, თუ შესაძლებელია 11 წელიწადში აითვისოს იგივე პროგრამა. უპირატესობა ხანგრძლივობის შემცირებას ბევრი აქვს. იგივე რომ ავიღოთ ეკონომიკური ეფექტი, აქაც დამატებით გემატება 30-40 ათასი სამუშაო ძალა, რაც ეკონომიკისთვის ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ვიცით, რა არის არსებული პრობლემა რეალურად, არათუ მეთორმეტე კლასში, მეთერთმეტე კლასშიც მოსწავლეები საერთოდ არ დადიან სკოლაში. აქ ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ ბოლო კლასების პროგრამა საერთოდ არ არის თავსებადი მისაღები გამოცდების შინაარსთან, შესაბამისად, მოსწავლეს ურჩევნია, სკოლაში სიარულის ნაცვლად, მოემზადოს რეპეტიტორთან ან სახლში მოემზადოს და ჩააბაროს მისაღები გამოცდა უმაღლესი განათლების სისტემაში. ეს უნდა შეიცვალოს. ერთი, რომ გადაიხედოს ზოგადი განათლების პროგრამის შინაარსი და ბოლო წლის პროგრამა მაქსიმალურად უნდა იყოს მორგებული მისაღები გამოცდების მოთხოვნებზე. ამას აუცილებლად გავაკეთებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ერთადერთი, რაც ოპონენტებმა დაუპირისპირეს ამ გზავნილს, იყო ის, რომ 11-წლიანი სწავლების პირობებში მოსწავლეებს გაუჭირდებათ საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების სისტემაში სწავლის გაგრძელება.
"არავინ საუბრობდა იმაზე, საჭიროა თუ არა 12 წელიწადი, კარგია თუ არა არსებული სისტემა. ერთადერთი, რაც იყო, თუ 12 წელი არ ისწავლა ბავშვმა, საზღვარგარეთ ვერ წავა პირველი კურსიდან უნივერსიტეტში. ჩვენ გვაქვს მარტივი გადაწყვეტა, ეს არ არის მთავარი საკითხი, მთავარია, 11 ჯობია თუ 12 წელი, ამაზე არავინ არ საუბრობს. საუბარია, წავა თუ არ წავა საზღვარგარეთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, მიგრაციას ბევრი მინუსი აქვს, ვინაიდან როდესაც პირველი კურსიდან მიდის ბავშვი საზღვარგარეთ სასწავლებლად, უდიდესი ნაწილი აღარ ბრუნდება ქვეყანაში.
„ეს არის თითოეული მოსწავლისა და მშობლის არჩევანი. ამაში ჩვენ ვერ შევალთ, მაგრამ თუ ვინმეს სურს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, აქაც იქნება შესაბამისი პირობები შექმნილი. ეს მოთხოვნა არ შეეხება კერძო სკოლებს. კერძო სკოლებს შეეძლებათ, შეინარჩუნონ 12-წლიანი საწავლო პროგრამა. რაც შეეხება საჯარო სკოლებს, აქაც თუ ვინმეს ექნება სურვილი, რომ გაიაროს მე-12 კლასი, იმისათვის, რომ შემდეგ ადვილად განაგრძოს სწავლა საზღვარგარეთ, ამისათვის სპეცკლასები შეიქმნება სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, თბილისში შეგვიძლია, თითოეულ რაიონში შევქმნათ შესაბამისი სპეცკლასები. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს ექნება სურვილი, დაამთავროს მე-12 კლასი და განაგრძოს პირველი კურსიდან სწავლა საზღვარგარეთ, ამის ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი. შესაბამისად, ჩანს, რომ მთლიანად სპეკულაციურია ის განცხადებები, რომლებიც უკავშირდებოდა ხელოვნური დაბრკოლების შექმნას ბავშვებისთვის. არავითარი ხელოვნური დაბრკოლება მოსწავლეებს არ შეექმნებათ, ვისაც ენდომება 12 კლასის დახურვა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება, ყველას მივცემთ ამის შესაძლებლობას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.