ჩინეთის იმპორტის გამოფენაზე ქართველ მეწარმეებს საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობა ეძლევათ - ირაკლი ნადარეიშვილი
„ჩინეთის იმპორტის 2025 წლის გამოფენაზე, სადაც საქართველო ტრადიციულად იქნება წარმოდგენილი, ჩინეთის მხარემ წელს განსაკუთრებული სტუმრის სტატუსი მოგვანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული მეწარმეობა, საინვესტიციო გარემო, ტურიზმი და ყველა ის მიმართულება, რასაც ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს, კიდევ უფრო მეტად იქნება წარმოჩენილი " - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა შანხაიში განაცხადა, სადაც ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული მასშტაბური გამოფენა მეშვიდედ ტარდება და წელს მასში საქართველოს 40-ზე მეტი ადგილობრივი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სპეციალური სტატუსის ფარგლებში ქართული კომპანიების მხრიდან გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კულტურული, კულინარიული, ფოლკლორული და სხვადასხვა მიმართულებები.
"საქართველო სამი პავილიონით იქნება წარმოდგენილი - ნაციონალური, მეწარმეობის, საკვებისა და სასმელის პავილიონით. გამოფენის მნიშვნელობა განსაკუთრებულია ქართველი მეწარმეებისთვის, ვინაიდან აღნიშნულ გამოფენაზე ადგილობრივ მეწარმეებს საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობა ეძლევათ" - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა
ჩინეთში, სადაც საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაემგზავრა, დაგეგმილია არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა, მათ შორის, ჩინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ასევე ხელი მოეწერება ორმხრივ შეთანხმებებს, რომლებიც კიდევ უფრო გაამყარებს როგორც სავაჭრო ეკონომიკურ, ისე ხალხთა შორის ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი ხელს მოაწერს რამდენიმე ურთიერთგაგების მემორანდუმს, მათ შორის, ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციასთან, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროსა და ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიასთან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანხმხლებ დელეგაციაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
სხვა სიახლეები
სგპ ,,ყაზბეგის" მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
03.11.2025.16:20
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ყაზბეგი" მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც კუთვნილი ავტომობილის, ასევე ფიზიკური და ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 1194 გრამი ოქროსა და 18 გრამი ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 260 092 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.