ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ეს ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ მათ, ვინც ამას ამტკიცებს, შესაბამისი ორგანოებიც უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით - ლაშა ავალიანი
ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ასეთი ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ იმ პირებმა, ვინც ამას ამტკიცებს, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა.
მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, გორში, მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს თავშესაფრის ტერიტორიაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიუსაფარი ძაღლების გადაყვანასთან დაკავშირებით, რეალობას არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
„ზოგიერთ ვიდეოში მტკიცებით ფორმაში იყო ნათქვამი ის, რაც რეალობას არ შეესაბამება. შინაურ ბინადარ ცხოველებთან მიმართებაში ღონისძიებები მიმდინარეობდა კახეთსა და იმერეთში; ასევე გამოიყო ჯგუფი, რომელმაც სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე დაიწყო ოპერირება და პირველი გასვლა ადგილობრივ მერიასთან ერთად განხორციელდა მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო არც ერთ სხვა რეგიონში და მუნიციპალიტეტში არ შესულა და არც ერთ სხვა თავშესაფარში ცხოველები არ მიუყვანია“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.
მისივე განმარტებით, შიდა ქართლის ტერიტორიაზე სააგენტოს მანქანების გადაადგილება და თავშესაფარში შესვლა არ დაფიქსირებულა, რაც მარტივად გადამოწმებადია, მათ შორის ვიდეოკამერების ჩანაწერების გადამოწმებით. მინისტრის მოადგილემ შესაბამის ორგანოებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
„ვინც ამტკიცებს, რომ ასეთი ფაქტი მოხდა და არსებობს კადრები, ვთხოვ, გაასაჯაროონ. ეს ძალიან ადვილი დასამტკიცებელია და აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები. ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ასეთი ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ იმ პირებმა, ვინც ამას ამტკიცებს. შესაბამისი ორგანოებიც უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით. დღეის მდგომარეობით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს არანაირი შეხება არ აქვს შიდა ქართლის თავშესაფართან. ერთადერთი, რაც მე ვნახე, არის ბოლი ინსენერატორიდან, რომლის ფუნქციაა ნარჩენების, მათ შორის ცხოველური ნარჩენების დაწვა, რომელიც ოპერაციის შემდეგ წარმოიქმნება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
ფულის გლობალური კვირეულის კამპანიის ფარგლებში სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი წეროვანის სკოლას ეწვია
სხვა სიახლეები
ფულის გლობალური კვირეულის კამპანიის ფარგლებში სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი წეროვანის სკოლას ეწვია
02.04.2026.12:19
ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანის №3 საჯარო სკოლას ეწვია.
ეკატერინე მიქაბაძემ მოსწავლეებს ფინანსური განათლების საკითხებზე ღია გაკვეთილი ჩაუტარა და სკოლის ბიბლიოთეკას ახალი საგანმანათლებლო მასალები გადასცა.
სკოლაში სტუმრობა ფულის გლობალური კვირეულის კამპანიის ნაწილია, რითიც დაიწყო ღია გაკვეთილების მასშტაბური პროექტი „მოიწვიე ფინედუ კლასში“. 2026 წლის კვირეული დევიზით - „ისაუბრე ფულზე“ - განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ახალგაზრდებში ფულთან დაკავშირებულ საკითხებზე ღია საუბარსა და ინფორმაციის გაზიარების მნიშვნელობაზე.
„ფინანსებზე საუბარი, სწორედ პატარა ასაკიდან, სკოლიდან უნდა დავიწყოთ, ამ ასაკში ეყრება საფუძველი კრიტიკულ აზროვნებას, ყალიბდება პასუხისმგებლიანი ფინანსური ჩვევები და დამოკიდებულებები. ამიტომ ამ პერიოდში მიღებული ინფორმაცია და ცოდნა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ზრდასრულ ასაკში ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს“ - განაცხადა ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ.
აღსანიშნავია, რომ „მოიწვიე ფინედუ კლასში“, ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ (www.finedu.gov.ge) ინიციატივით, უკვე მეათე ნაკადად ტარდება. ტრადიციულად, ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების თანამშრომლები 15 მაისამდე თბილისისა და რეგიონების სკოლებს ეწვევიან და V-XII კლასის მოსწავლეებს საინტერესო და შემეცნებით გაკვეთილებს ჩაუტარებენ.
მიმდინარე ნაკადის ფარგლებში სკოლებს კომერციული ბანკებიდან საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკის, ტერაბანკის, კრედო ბანკისა და მიკრობანკი ემბისის თანამშრომლები შემოუერთდებიან.
ფულის გლობალური კვირეულის აღნიშვნას საქართველო წელს უკვე მეთორმეტედ უერთდება. მისი მიზანია, ახალგაზრდებს გაუძლიეროს თავდაჯერება ფინანსურ გადაწყვეტილებებში, წაახალისოს სწორი კითხვების დასმა და ფინანსური განათლების საშუალებით დაეხმაროს უფრო გონივრული ფინანსური ჩვევების ჩამოყალიბებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ფულის გლობალური კვირეული 16-22 მარტს აღინიშნა, საქართველოში კამპანია უფრო მასშტაბურად, ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობს და არაერთ მრავალფეროვან საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობას მოიცავს.