ბრაკონიერობის შეზღუდვის მიზნით, მონადირეთა სერტიფიცირება იგეგმება
„აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა „ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე, რომელიც ხელს შეუწყობს ნადირობის მდგრადი სისტემის დანერგვას. ვფიქრობთ, მიმდინარე წლის ბოლომდე შევძლებთ აღნიშნული კანონპროექტის წარმოდგენასაც“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.
კანონპროექტის მიზანია ნადირობის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ფასეულობების თანაბრად გათვალისწინება და სანადირო სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს (ჰაბიტატი) მდგრადი მართვა, სახეობათა პოპულაციების კონტროლი, სოფლის მოსახლეობისთვის ახალი სამუშაო სივრცის შექმნა და მონადირეთა სერტიფიცირება, რის შედეგადაც შეიზღუდება ბრაკონიერობა.
აღსანიშნავია, რომ ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოში, შვედეთის მთავრობის დაფინანსებით, 2022 წელს დაიწყო პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო", რომლის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა კანონზე „ნადირობისა და სანადირო სახეობათა მართვის შესახებ“.
აღნიშნული პროექტით გაძლიერდება ველური ბუნების სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობები და ხელი შეეწყობა საქართველოს ველური ბუნების მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვას.
სხვა სიახლეები
30.07.2025.15:56
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ევდოშვილის ქუჩაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი კომპანიის 2025 წლის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში ხორციელდება და მისი ჯამური ინვესტიცია 1.6 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ჯივიპის ტექნიკური დირექტორი გიგა ნადირაძე, დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა და დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში, გივი ჩხარტიშვილი ადგილზე გაეცნენ.
სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება 1.7 კმ-მდე სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები, დამონტაჟდება 37 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, მოეწყობა 76 საკვანძო ჭა და 3 სახანძრო ჰიდრანტი.
„ჯივიპი აქტიურად აგრძელებს წყალმომარაგებისა და წყალარინების მოძველებული ქსელების შეცვლა-განახლებას. ახლა ჩვენ ვიმყოფებით დიდუბის რაიონში, ევდოშვილის ქუჩაზე, სადაც წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელის სრული განახლება მიმდინარეობს. სამუშაოები ივლისის თვეში დაიწყო და მისი დასრულება სექტემბრის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. აღნიშნული საინვესტიციო პროექტის ღირებულება 1.6 მილიონ ლარზე მეტია,“ - გიგა ნადირაძე, ჯივიპის ტექნიკური დირექტორი.
პროექტის დასრულების შემდეგ ევდოშვილის და მიმდრებარე ქუჩების მოსახლეობას წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.
ჯივიპი მომავალშიც განაგრძობს გეგმური საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, რაც ქალაქის მასშტაბით წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის ეტაპობრივ განახლებას ემსახურება.