ბოლო დღეებში თბილისში იწმინდება და ტექნიკური მარილით მუშავდება ტროტუარები, მეორე-მესამეხარისხოვანი ქუჩები და ჩიხები - კახა კალაძე
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, 17 იანვრიდან დღემდე, მოსული უხვის ნალექის გამო, გზებზე 5 000 ტონაზე მეტი მარილი დაიყარა.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ ეტაპზე, მეორე და მესამეხარისხოვანი ქუჩების, ასევე, ჩიხების გაწმენდა და ტექნიკური მარილით დამუშავება მიმდინარეობს.
„თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები კვლავ უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. 17 იანვრის საღამოდან დღემდე იწმინდება გზები დედაქალაქსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე. იწმინდება და ტექნიკური მარილით მუშავდება ტროტუარები, მეორე და მესამეხარისხოვანი ქუჩები, ჩიხები. ქალაქის მასშტაბით დაიყარა 5 000 ტონაზე მეტი მარილი. ხდება მუდმივი მონიტორინგი, უბნების შემოვლა და შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მანვე მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებიც ბოლო დღეებში 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა დედაქალაქში გადაადგილება უსაფრთხოდ იყოს შესაძლებელი.
„მინდა, მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს. ისინი 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რომ ქალაქში გადაადგილება უსაფრთხოდ იყოს შესაძლებელი. ასევე, მადლობას ვუხდი რაიონულ გამგეობებს, გამგებლებს, თითოეულ თანამშრომელს, „ეკოსერვის ჯგუფის“ და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს. მუნიციპალიტეტის შესაბამის უწყებებს კოორდინირებას უწევდა და ყველა რთულ ლოკაციაზე 24-საათის განმავლობაში იმყოფებოდა ჩემი მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, რისთვისაც მინდა, მას მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მადლობა ასევე გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს.
„მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რადგან მათთან კოორდინაციით შევძელით, აღმოგვეფხვრა ყველა პრობლემა, რომელიც საგზაო მოძრაობის დროს დაფიქსირდა. ზამთარი წინ გვაქვს, მუნიციპალიტეტი მზადაა ყველა გამოწვევისთვის, მოსახლეობას კი კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ზამთრის განმავლობაში, გზებზე ვიმოძრაოთ შესაბამისი საბურავებით, რათა საფრთხე არ შევუქმნათ არც საკუთარ და არც სხვის სიცოცხლეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
სებ-ის ახალი წესის მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვა, საფინანსო სექტორში რისკების მართვის სტანდარტების გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაა - ნინო ჯელაძე
10.03.2026.18:10
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ ვირტუალური აქტივების რეგულირების გაძლიერებასთან დაკავშირებულ ახალ წესზე ისაუბრა.
ეროვნულმა ბანკმა სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესი შეიმუშავა, რომელიც სტაბილქოინის პირველად შეთავაზებას აწესრიგებს. რეგულაცია მიზნად ისახავს როგორც არსებული რეგულაციების შეფასებას, ისე სამომავლო რისკების განსაზღვრას, რაც მათ შორის ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და მომხმარებლების უფლებათა დაცვას უზრუნველყოფს.
„ეროვნული ბანკი აგრძელებს მუშაობას ვირტუალური აქტივების რეგულირების გაძლიერების მიმართულებით. ამ მიზნით შემუშავდა სტაბილური ვირტუალური აქტივების ე.წ. სტაბილქოინის პირველადი შეთავაზების წესი. უპირველეს ყოვლისა, წესის მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვა, საფინანსო სექტორში რისკების მართვის სტანდარტების გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაა“, - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ყურადღება ახალი წესის მნიშვნელოვან ასპექტებზე გაამახვილა. მისი თქმით, მიმოქცევაში არსებული სტაბილური ვირტუალური აქტივები 100%-ით უნდა იყოს უზრუნველყოფილი სარეზერვო აქტივებით, რომლებიც მაღალ ლიკვიდურობასა და რეიტინგს უნდა აკმაყოფილებდნენ. ამასთან, გამოშვების პროცესი სრულად გამჭვირვალეა, რაც შეთავაზების დოკუმენტით იწყება და გარე აუდიტორების შემოწმებით გრძელდება, რათა საზოგადოებას ემიტენტების, რეზერვებისა და რისკების მართვის შესახებ სრული ინფორმაცია მიეწოდოს.
ნინო ჯელაძემ საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას. „რეგულირების პროცესში ეროვნული ბანკი ისეთ საერთაშორისო პრაქტიკებს დაეყრდნო, როგორებიცაა ევროკავშირის, ამერიკის, სინგაპურის და დიდი ბრიტანეთის შესაბამისი რეგულაციები ვირტუალური აქტივების სფეროში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვირტუალური აქტივების რეგულირების და საზედამხედველო ჩარჩოს გაძლიერების მიზნით, ტექნიკური დახმარების ფარგლებში, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიც არის მსოფლიო ბანკი და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია“, - აცხადებს ნინო ჯელაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული წესის დანერგვა საქართველოს სტაბილური ვირტუალური აქტივების ეკოსისტემის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს და ხელს შეუწყობს მომხმარებელთა უფლებების დაცვას, სექტორში რისკების მართვის სტანდარტების გაუმჯობესებას.