ბელიაშვილის ქუჩაზე, ნარჩენების გადამტვირთ სადგურზე ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს
ბელიაშვილის ქუჩაზე არსებულ ნარჩენების გადამტვირთ სადგურზე ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მტკვრის ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის მიზანია, დედაქალაქს ჰქონდეს გარემოსთვის უსაფრთხო, მოდერნიზებული და ლოგისტიკურად უფრო გამტარი გადამტვირთი სადგური.
„პირველ რიგში, ტერიტორიაზე განხორციელდა მტკვრის ნაპირსამაგრი სამუშაოები, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა კი აქტიურ ფაზაშია. კერძოდ, ეწყობა ცილინდრული ტიპის დანადგარები საპრესი მოწყობილობით, რაც საგრძნობლად დააჩქარებს და ოპტიმალურს გახდის ნარჩენების გადატვირთვის პროცესს, გაზრდის ნარჩენების გადაზიდვის ეფექტიანობას და მოაწესრიგებს იქ არსებულ ინფრასტრუქტურას. ასევე, თანამშრომლებისთვის შენდება საოფისე შენობა, ეწყობა მოდერნიზებული სამრეცხაო და სპეცტექნიკისთვის განკუთვნილი პარკინგი“, - განაცხადა მერმა.
მისივე თქმით, პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) გაფორმებული სასესხო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება, სამუშაოებისთვის კი, დაახლოებით, 5, 5 მლნ ევრო დაიხარჯება.
სხვა სიახლეები
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები აინთო
12.12.2025.21:37
პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. დღესვე, დედაქალაქის ყველა უბანი საახალწლო ილუმინაციებით განათდა.
ნაძვის ხის ანთების ცერემონიას, რომელიც თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენით გაფორმდა, დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად დაესწრო.
თბილისის მერმა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადობას სიტყვით მიმართა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მშვიდობა უსურვა. „ახალი წლის მოლოდინი სიკეთით ავსებს ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს. დღეს ინთება მთავარი ნაძვის ხე, ასევე, დღეიდან გაიხსნება „საახალწლო სოფელი“, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ მოგონებებთან, ემოციებთან არის დაკავშირებული. დარწმუნებული ვარ, წელსაც განსაკუთრებული იქნება ჩვენი დედაქალაქი. ნაძვის ხის ანთებისას ყოველთვის იფიქრებენ სურვილებს. ცხადია, სურვილი ბევრია, მაგრამ არის ერთი განსაკუთრებული - მშვიდობა, რადგან მშვიდობას მოაქვს სიკეთე, განვითარება, წინსვლა და კეთილდღეობა. დაე, მშვიდობა სუფევდეს მთელ საქართველოში, მსოფლიოში, სიკეთით სავსე იყოს ჩვენი ულამაზესი თბილისი და საქართველო. გილოცავთ წინასწარ შობა-ახალ წელს. გილოცავთ საახალწლო დღეების დაწყებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრის, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდიისა და დათო ფოცხიშვილის ანსამბლ „მეტეხის“ წარმომადგენლები, ასევე, დავით ევგენიძე და „რანინა“; მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე; წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი.
ღონისძიების კონცეფცია, რომლის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძეა, აგებული იყო დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე - „სიკეთით სავსე ქალაქი“.
საზეიმო ცერემონიას ასევე მინისტრთა კაბინეტის წევრები, თბილისის მერის მოადგილეები, პარლამენტისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე „საახალწლო სოფელიც“ გაიხსნა, სადაც 7 იანვრის ჩათვლით, სხვადასხვა წარმოდგენა გაიმართება. ამავე ტერიტორიაზე განთავსდა ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და სანტას სახლი.
„საახალწლო სოფელი“ საზეიმო ღონისძიებით 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი პირველი რესპუბლიკის მოედანზე 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული.