ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლებმა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს.
სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდზე საზღვაო აკადემიის სტუდენტები, რექტორი და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან და მინისტრის მოადგილეებთან ერთად იმყოფებოდნენ.
ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
სხვა სიახლეები
სამების ტაძარი დაიკეტება 22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე, რათა მოწესრიგდეს და მომზადდეს წირვისა და ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიისათვის - საპატრიარქო
21.03.2026.16:48
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი დაიკეტება 22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე, რათა მოწესრიგდეს და მომზადდეს წირვისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ისდაკრძალვის ცერემონიისათვის, ასევე, რათა დაცულ იქნეს დელეგაციების დასწრებიდანგამომდინარე უსაფრთხოების სტანდარტები.- ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.
მათივე ცნობით, წირვა დაიწყება დილის 09:00 საათზე.
„ღვთისმსახურებას აღასრულებს სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.
12:15 საათზე ტაძარში მობრძანდება კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I, რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას.
15:00 საათზე მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით.
მრევლს, რომელმაც ტაძარში ვერ მოახერხა პატრიარქთან დამშვიდობება, ამის შესაძლებლობა მიეცემა ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გზაზე სამგლოვიარო მსვლელობისას. მარშრუტის გასწვრივ დაორგანიზდება ცოცხალი დერეფანი, ასევე მოსახლეობას საშუალება ექნება, ამ გზაზე დამონტაჟებულ მრავალ ეკრანზე თვალი ადევნოს სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში და, სურვილისამებრ, ყვავილებით მიაგოს პატივი უწმინდესს.
ბოდიშს გიხდით და გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ არსებულ ვითარებას. გვესმის, რომ თითოეულ ადამიანს უნდა დაემშვიდობოს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, თუმცა დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებული პროტოკოლიდან და სხვა ტექნიკური დეტალებიდან გამომდინარე, ტაძარში მოსახლეობის დაშვება შეუძლებელია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.