BARTA-ს კონკურსი საქართველოში ანგარიშგების კულტურის გაძლიერებასა და ინვესტორთა ნდობის ზრდას უწყობს ხელს - ეკატერინე მიქაბაძე
საქართველოში დაიწყო კონკურსი - BARTA 2025 „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო", რომელიც უკვე მეექვსე წელია კომპანიების ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებას ემსახურება.
საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, BARTA-ს კონკურსის მნიშვნელობა იზრდება, რადგან ის საქართველოში ანგარიშგების კულტურის გაძლიერებასა და ინვესტორთა ნდობის ზრდას უწყობს ხელს.
„ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია საქართველოში ანგარიშგების მაღალი სტანდარტისა და გამჭვირვალობის მაღალი დონის უზრუნველსაყოფად. ყოველწლიურად კონკურსი აჩვენებს, რომ ანგარიშგების სტანდარტები მზარდია საქართველოში", - აღნიშნა მიქაბაძემ.
მისივე თქმით, გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი და ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა კაპიტალის ბაზრის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
„ეს არის მყარი საფუძველი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, რადგან სწორედ მაღალი სტანდარტებით შესრულებული ანგარიშები, იქნება ეს ფინანსური თუ არაფინანსური, წარმოადგენს იმ ინფორმაციას, რომელზეც დაყრდნობით ინვესტორები იღებენ გადაწყვეტილებებს", - განაცხადა ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა.
მიქაბაძის შეფასებით, მაღალი დონის ანგარიშგება და გამჭვირვალობა არა მხოლოდ ფინანსური სისტემის გამყარებას, არამედ ქართულ კომპანიებში ახალი ინვესტიციების მოზიდვასაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
BARTA 2025-ის კონკურსი ღიაა პირველი კატეგორიის კომპანიებისთვის და ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომელიც საზოგადოებრივი დაინტერესების პირად ითვლება. განაცხადების მიღება 30 ნოემბრამდე გაგრძელდება, გამარჯვებულები კი 2026 წლის თებერვალში საზეიმო ცერემონიაზე გამოვლინდებიან.
სხვა სიახლეები
ნათია თურნავამ ბაზელში BIS-ის გადახდებისა და საბაზრო ინფრასტრუქტურის კომიტეტის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა
12.11.2025.13:00
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, შვეიცარიაში, ბაზელში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) გადახდებისა და საბაზრო ინფრასტრუქტურის კომიტეტის (CPMI) 35-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ყოველწლიურ სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა.
სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ინგლისის ბანკის პრეზიდენტმა ენდრიუ ბეილიმ, ავსტრალიის სარეზერვო ბანკის პრეზიდენტმა მიშელ ბალოკმა, ნიდერლანდების ბანკის პრეზიდენტმა ოლაფ სლეიპენმა, კორეის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა ჩანგ იონგმა და მსოფლიოს სხვა ცენტრალური ბანკის მმართველებმა, ასევე საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის გენერალურმა მენეჯერმა, საფრანგეთის ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა და ასევე გადახდებისა და საბაზრო ინფრასტრუქტურის კომიტეტის (CPMI) -ის ყოფილმა თავმჯდომარეებმა.
ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ემსჯელათ საგადახდო სისტემების სირთულეებისა და საფინანსო სისტემებში რისკის ზონების გამოვლენის საკითხებზე. დისკუსიების ფარგლებში ინდუსტრიის ლიდერებმა ერთმანეთს გამოცდილება და მათ წინაშე არსებული კონკრეტული გამოწვევები გაუზიარეს.
ნათია თურნავას თქმით, სიმპოზიუმის ფარგლებში შესაძლებლობა მიეცა მოესმინა საერთაშორისო კოლეგების გამოცდილება საგადახდო სისტემებთან დაკავშირებით, ასევე თავის მხრივ, გაეზიარა მათთვის სებ-ის მიდგომები საფინანსო სისტემებში რისკის ზონების გამოვლენასთან დაკავშირებით.
CPMI - გადახდებისა და საბაზრო ინფრასტრუქტურების კომიტეტი მოქმედებს საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) ფარგლებში და აკვირდება ფინანსური ბაზრების ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე შეიმუშავებს რეკომენდაციებს გლობალური ფინანსური სისტემის გამყარების მიზნით. ის არის მთავარი უწყება, რომელიც აწესებს გლობალურ სტანდარტებს, რომლებიც ხელს უწყობს გადახდის, კლირინგისა და ანგარიშსწორების სისტემების უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებას.
CPMI მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაში და საერთაშორისო გადახდების სისტემების მდგრადობის უზრუნველყოფაში.