ბაკურიანში ბიატლონის ახალი 3.5 კმ-იანი ტრასის მშენებლობა დასრულდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანში ბიათლონის მოედნისა და თხილამურებით რბოლის (Cross Country) 3.5 კმ სიგრძის ტრასის მშენებლობა დაასრულა.
სამინისტროს ინფორმაციით, ბიათლონის ახალი ტრასა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უკვე თებერვალში უმასპინძლებს.
ბაკურიანში ბიათლონის მოედნისა და თხილამურებით რბოლის ტრასების და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, 2024 წელს დაიწყო. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 18.2 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
3.5 კმ სიგრძის ბიათლონისა და თხილამურებით რბოლის ტრასის სამშენებლო სამუშაოებთან ერთად ჩატარდა სათხილამურო ტრასის განათების სისტემის ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები. ასევე, იტალიური კომპანიის მიერ მოეწყო ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რისთვისაც ჩატარდა წყალმომარაგების ქსელის სამშენებლო სამუშაოები.
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ფესტივალს თბილისიც უმასპინძლებს, რისთვისაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისში საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენის მშენებლობაც დაასრულა.
ყინულის არენაში მოეწყო 60 მეტრი 30 მეტრზე ზომის ყინულის მოედანი, 700-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, სავარჯიშო, ქორეოგრაფიული, სამედიცინო, საგრიმიორო და საკონფერენციო დარბაზები. მოედანი მოემსახურება ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს.
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალის მასპინძლობა და ახალი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის ცნობადობისა და ტურიზმის ზრდას, ისე ზამთრის სპორტული სახეობების განვითარებას.
დღის ტოპ 10 სიახლე
მარიამ ქვრივიშვილი ჩინური სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია China ZhenHua Oil-ის თავმჯდომარეს შეხვდა
სხვა სიახლეები
დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე დაკავებულია შპს „ენგურჰესში" შემავალი, შპს „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
23.04.2026.15:06
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე დაკავებულია შპს "ენგურჰესში" შემავალი, შპს „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
„საყურადღებოა, რომ ხსენებული შპს ოპერირებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.
დაკავებულმა პირმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მათთვის, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამოყენებით შეძლებს სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვას: მსგავსი დანაშაული არ დარჩება რეაგირების გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენის შემთხვევაშიც კი", - ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.