ავტომაგისტრალებზე არსებული შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობის უსაფრთხოებისა და მძღოლებისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით ავტომაგისტრალებზე დამონტაჟდა ახალი საგზაო ნიშნები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიის მიხედვით, დასაშვებ საშუალო სიჩქარეს ასახავს.
უწყების ცნობით, ნიშნებზე მითითებულია იმ სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები, რომელთათვისაც ავტომაგისტრალის გარკვეულ მონაკვეთებზე დასაშვები სიჩქარე შეადგენს არაუმეტეს 80 კმ/სთ-ს. აღნიშვნები ეხება შემდეგ კატეგორიებს: “C”, “CE”, “C1”, “C1E”, “D”, “DE”, “D1”, “D1E” - დიდი და საშუალო სატვირთო ავტომობილები, მისაბმელიანი სატვირთოები, დიდი ავტობუსები, მინი ავტობუსები და მისაბმელიანი ავტობუსები.
„ნიშნები განთავსებულია სატრანსპორტო კვანძების გამომსვლელებთან იმისთვის, რომ მძღოლებმა ავტომაგისტრალზე შესვლამდე წინასწარ და თვალსაჩინოდ მიიღონ ინფორმაცია მოძრაობის პირობების შესახებ. ეს მათ დაეხმარება სწორად დაგეგმონ გადაადგილება და უსაფრთხოდ განაგრძონ გზა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს შეზღუდვები ახალი არ არის, განსაზღვრულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 ნაწილის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მოქმედებს 2013 წლიდან. ახალი საგზაო ნიშნების განთავსება ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მძღოლებმა აღნიშნული წესების შესახებ ინფორმაცია მიიღონ წინასწარ, თვალსაჩინოდ და გასაგებად.
ამასთან, მძღოლებს ვაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 22 დეკემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას.
გთხოვთ, ყურადღებით დააკვირდეთ საგზაო ნიშნებს და გაითვალისწინოთ მოქმედი წესები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ვინც 2025 წლის 31 დეკემბრამდე მოითხოვს მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას, მომსახურებას სისტემური რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით მიიღებს - დავით დევიძე
22.12.2025.10:09
ვინც 2025 წლის 31 დეკემბრამდე მიმართავს საჯარო რეესტრს და მოითხოვს მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას, მომსახურებას სისტემური რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით მიიღებს, - განაცხადა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა დავით დევიძემ.
„ვინც 2025 წლის 31 დეკემბრამდე მიმართავს საჯარო რეესტრს და მოითხოვს მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას, ან უკვე მიმართული აქვს და მიმდინარეობს წარმოება, ასეთ შემთხვევაში აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე სწორედ სისტემური რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით მიიღებს მომსახურებას როგორც აზომვის, ისე რეგისტრაციის და ეს იქნება მოსახლეობისთვის სრულიად უფასო“, - განაცხადა დევიძემ.
მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, უკვე აზომილია 2 მლნ 100 ათას ნაკვეთზე მეტი, რაც დაახლოებით 1 მლნ 100 ათას ჰექტარზე მეტს შეადგენს.