აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას 300 ბენეფიციარით მეტი მიიღებს
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება, რომელთა მიხედვით, პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას 300 ბენეფიციარით მეტი მიიღებს.
თბილისის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცებული პროგრამული ცვლილებების შესახებ განცხადება დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.
„მუდმივად იზრდება მოთხოვნა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა მსურველმა შეძლოს ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიღება“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბექა მიქაუტაძემ.
მისივე თქმით, წარმოდგენილი პროექტით, ბენეფიციართა რაოდენობა 300-ით გაიზრდება და ქვეპროგრამის ფარგლებში უკვე 2 700 ბავშვი დაფინანსდება.
„ასევე, მუდმივად იზრდება ქვეპროგრამის მიმწოდებელი ცენტრების რაოდენობა და ჩვენს ბავშვებს და მოზარდებს უკვე 15 ცენტრი ემსახურება. ეს სიახლე მიზნად ისახავს აღნიშნული საჭიროების მქონე ოჯახების გვერდით დგომას, რაც ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხია“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
მდინარე დიღმურას ხიდზე, 14 აპრილიდან ხუთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
სხვა სიახლეები
მდინარე დიღმურას ხიდზე, 14 აპრილიდან ხუთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
25.03.2026.14:40
თეთრი დუქნის ქუჩაზე, მდინარე დიღმურაზე არსებული დაზიანებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახლის მშენებლობა იწყება. სამშენებლო არეალში 14 აპრილის 00:00 საათიდან, ხუთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, თეთრი დუქნისა და სარაჯიშვილის ქუჩების მიმართულებით მიმავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ალტერნატიული გზებით. კერძოდ, ვაშლიჯვრის დასახლებისკენ იმოძრავებენ მარშალ გელოვანის გამზირიდან ვასო გოძიაშვილის ქუჩის, ასევე პეტრე სარაჯიშვილის ქუჩის გავლით, რომელიც დროებით, სრულად ორმხრივი გახდება.
„რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, N430 მიკროავტობუსი დავით აღმაშენებლის ქუჩიდან პეტრე სარაჯიშვილის ქუჩას ვაშლიჯვრის ასახვევიდან, მარშალ გელოვანის გამზირის გავლით დაუკავშირდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.