აშშ ათეულობით საერთაშორისო ორგანიზაციას დატოვებს
ტრამპის ადმინისტრაცია ათეულობით საერთაშორისო ორგანიზაციას დატოვებს, მათ შორის გაეროს მოსახლეობის ფონდსა და გაეროს ხელშეკრულებას, რომელიც კლიმატის ცვლილების შესახებ საერთაშორისო მოლაპარაკებებს აწესებს.
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც შეუჩერა მხარდაჭერა 66 ორგანიზაციას, სააგენტოსა და კომისიას.
ეს გადაწყვეტილება მოჰყვა მის მითითებას ადმინისტრაციისადმი, გადახედონ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში მონაწილეობისა და მათი დაფინანსების საკითხს, მათ შორის იმ სტრუქტურების, რომლებიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან არიან დაკავშირებულნი.
სამიზნეების უმეტესობას წარმოადგენს გაეროსთან დაკავშირებული სააგენტოები, კომისიები და საკონსულტაციო ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ კლიმატის, შრომითი უფლებებისა და სხვა საკითხებზე, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციამ მრავალფეროვნების ხელშემწყობ და „ვოუქ“ ინიციატივებად დაახასიათა.
„ტრამპის ადმინისტრაციამ მიიჩნია, რომ ეს ინსტიტუტები თავისი მასშტაბებით დუბლირებადია, არასწორად იმართება, არის არასაჭირო, მფლანგველური, ცუდად მართული, ჩაგდებულია იმ სუბიექტების ხელში, რომლებიც ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგო საკუთარ დღის წესრიგს ატარებენ, ან საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, თავისუფლებებსა და საერთო კეთილდღეობას“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
სხვა სიახლეები
სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით „ნესტლე საქართველოს“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღების პროცესი მიმდინარეობს
08.01.2026.21:48
სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით „ნესტლე საქართველოს“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღების პროცესი მიმდინარეობს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა კვების გარკვეული პროდუქციის გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილება გარე მომწოდებლისგან მიღებულ ნედლეულში (მცენარეული ზეთი – ომეგა-6 არაქიდონმჟავების წყარო) ტოქსინ Cereulid-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო მიიღო, იმის მიუხედავად რომ ამ ინგრედიენტის შემცველობა მინიმალურია და ტოქსინ Cereulid-ის შემცველობა საქართველოს და სხვა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც არ ნორმირდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო ზედამხედველობას ახორციელებს „ნესტლე საქართველოს“ მიერ კომპანიის მიერ წარმოებული ბავშვთა კვების პროდუქციის - მშრალი სწრაფად ხსნადი რძის ნარევების ბაზრიდან კონკრეტული პარტიების ამოღება/გამოთხოვის პროცესზე, კერძოდ:
* NAN 1 OPTIPRO – თუნუქის ქილა, 800 გ – 51490346AA, 51750346AB, 51810346AA;
* NAN 2 OPTIPRO – თუნუქის ქილა, 800 გ – 51240017C1, 51240017C2, 51420017C6, 51430017C2, 51570017C1, 51660017C5, 51670017C1, 52940017C3, 52950017C1;
* NAN 2 OPTIPRO – თუნუქის ქილა, 400 გ – 51550017A1, 52920017A;
* NAN 2 OPTIPRO – მუყაოს ყუთი,1050 გ – 5218167821, 5256167811;
სურსათის ეროვნული სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მომხმარებელს, იმ შემთხვევაში თუ შეძენილი აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოს!
აღნიშნულ პროცესებში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრო ,ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, რომლებსაც დარგის სპეციალისტებთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ. აღნიშნული ნივთიერება არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან ზიანს, ხოლო განხორციელებული ღონისძიებები ატარებს პრევენციულ ხასიათს.
Cereulide/ცერეულიდი არის ღებინების გამომწვევი ტოქსინი, რომელიც წარმოიქმნება Bacillus cereus-ის ზოგიერთი შტამის მიერ. თუ ბავშვმა მიიღო ამ ტოქსინით დაბინძურებული საკვები, სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს ღებინებას, დიარეას და სისუსტეს. სიმპტომები, როგორც წესი, ვლინდება კონტაქტიდან 30 წუთიდან 6 საათამდე პერიოდში, ქრება 24 საათის განმავლობაში.
ამ ეტაპზე ევროპის ქვეყნებში ამ პროდუქტის მიღების შემდეგ ბავშვების სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრის ფაქტი არ დაფიქსირებულა. ინფორმაციისთვის, ზემოთ აღნიშნული საკვების მიღებისას, ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, სასურველია დაუკავშირდეთ პედიატრს, რომელიც საჭიროებისამებრ განსაზღვრავს მკურნალობას ან მეთვალყურეობას.
აღსანიშნავია, რომ ბაზრიდან გამოთხოვა ხდება მხოლოდ მოცემული პარტიების, რომლებიც კომპანიის შეფასებით, შესაძლოა პოტენციურ რისკებს შეიცავდეს. ბაზრიდან გამოთხოვის მოთხოვნა არ ვრცელდება პროდუქციის სხვა პარტიებსა და ბავშვთა კვების სხვა პროდუქტებზე, რომლებითაც კომპანია Nestlé წარმოდგენილია საქართველოში.
აღნიშნული შესახებ „ნესტლე საქართველომ“ დაუყოვნებლივ აცნობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. პარტიების იდენტიფიცირების და ამოღების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.