არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებმა კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოს ხელისუფლებას სამძიმარი გამოუცხადეს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, საქართველოს ხელისუფლებას სამძიმარი გამოუცხადეს არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებმაც.
„მისმა უდიდებულესობამ, პრეზიდენტმა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანმა სამძიმრის წერილი გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს. მისმა უდიდებულესობამ, ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის მმართველმა შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმმა და მისმა უდიდებულესობამ, ვიცე-პრეზიდენტმა, ვიცე-პრემიერმა და საპრეზიდენტო სასამართლოს თავმჯდომარემ შეიხ მანსურ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანმა ასევე გაუგზავნეს სამძიმრის წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს,“- ნათქვამია განცხადებაში.
სხვა სიახლეები
უდიდესი გულისტკივილით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოსთვის უმძიმესი დანაკარგის - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო l Georgian Airways
18.03.2026.12:16
ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” პატრიარქის გარდაცვალებას ეხმიამენა და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ: "უდიდესი გულისტკივილით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოსთვის უმძიმესი დანაკარგის - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
მისი უწმინდესობა ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს და ისტორიულად გადამწყვეტ პერიოდში ჩაუდგა სათავეში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და იქცა არა მხოლოდ სულიერ ლიდერად, არამედ ერის მამად, გამაერთიანებელ ძალად და იმედის სიმბოლოდ.
ილია II-ის ღვაწლით აღდგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, აღდგა და აშენდა არაერთი ტაძარი და მონასტერი, განმტკიცდა სარწმუნოება და ქართული ეროვნულ-კულტურული იდენტობა.
მისი ინიციატივით დამკვიდრდა საყოველთაო ნათლობა, რომელმაც ათასობით ოჯახი დააკავშირა ეკლესიასთან და ერთმანეთთან.
ილია II იყო პატრიარქი, რომელსაც უპირობოდ უყვარდა თავისი ერი და ერი, თავის მხრივ, უსაზღვრო სიყვარულით პასუხობდა. მთელი საქართველო ლოცულობდა მისი ჯანმრთელობისთვის. უწმინდესის სიტყვა იყო ნუგეში, ხოლო მისი ლოცვა - ძალა და იმედი.
ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და სრულიად საქართველოს.
უფალმა ნათელში დაამკვიდროს ჩვენი პატრიარქის უკვდავი სული ", - წერს ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი".