ანაკლიის ნავსადგური 2035 წლისთვის მინიმუმ 1 მილიონ TEU-ს დაამუშავებს, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს, ცენტრალური აზიის ტვირთისთვის შავი ზღვის რეგიონში მთავარი ჰაბი გახდეს - მარიამ ქვრივიშვილი
რეგიონული ტრანზიტზე მზარდი მოთხოვნის, კერძო სექტორის განახლებული ინტერესისა და ევროკავშირი-საქართველოს გაძლიერებული დაკავშირებადობის ინიციატივების ფონზე, ჩნდება ახალი შესაძლებლობები, რომელიც ხელსაყრელ გარემოს ქმნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საზღვაო ინფრასტრუქტურისა და კავშირების გასაფართოებლად," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნისა და დაკავშირებადობის ინვესტორთა მეორე ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე. ფორუმი უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ევროკავშირის თანაორგანიზებით "Global Gateway"-ის ინიციატივის ფარგლებში გაიმართა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც არსებობს საქართველოს წინაშე სატრანზიტო მიზნების უკეთ შესასრულებლად. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში კონტეინერების რეკორდული მოცულობის მიუხედავად, საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის არარსებობა საკვანძო სტრატეგიული საკითხია. „აღნიშნული პროექტის ამოქმედების შემდეგ, ანაკლიის ნავსადგური პირველ ფაზაში 2029 წლისთვის 600 000 TEU-მდე, ხოლო მეორე ეტაპზე, 2035 წლისთვის მინიმუმ 1 მილიონ TEU-ს დაამუშავებს, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს გახდეს შავი ზღვის რეგიონში მთავარი ჰაბი ცენტრალური აზიის ტვირთისთვის," - აღნიშნა მინისტრმა.
კიდევ ერთ გამოწვევად მარიამ ქვრივიშვილმა ევროკავშირისა და საქართველოს პორტებს შორის საბორნე კავშირების განვითარების მეტი შესაძლებლობა დაასახელა. მისი თქმით, წინა წლებში ეკონომიკურმა შეზღუდვებმა და ტვირთების შეზღუდულმა მოცულობამ გაართულა საქართველოსა და ევროკავშირის პორტებს შორის სტაბილური საბორნე კავშირების შენარჩუნება. „ამჟამად საქართველო ინარჩუნებს რეგულარულ პირდაპირ საბორნე სერვისებს ბულგარეთთან და რუმინეთთან. ამიტომ, ეს ინიციატივა სამართლიანად განიხილება, როგორც წამყვანი წამოწყება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში," - აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება სატრანსპორტო დერეფნების ქვეყნების არაჰარმონიზებულ საბაჟო თუ სხვა სახის ბარიერებზე, რომლებიც ტვირთების ტრანზიტის დროს ზრდის. შედეგად, მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, მოხდეს მონაცემების გაზიარება და სატრანზიტო დერეფნის სრული გაციფრულება, რომელიც ხელს შეუწყობს დერეფანში ტვირთების შეუფერხებელ გადაადგილებას.
როგორც მინისტრმა განაცხადა, მნიშვნელოვანი წინსვლაა მოსალოდნელი კასპიის ზღვა - შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შესახებ მომავალი შეთანხმებით, რომელსაც მიმდინარე წლის დეკემბერში ხელს მოეწერება თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და რუმინეთს შორის. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ეს ინიციატივა შექმნის ახალ მულტიმოდალურ კავშირს კასპიის რეგიონიდან ევროკავშირამდე და გაზრდის დაკავშირებადობას, მოახდენს წვდომის მარშრუტების დივერსიფიკაციას და გააძლიერებს მდგრადობას.მინისტრის ინფორმაციით, 2026 წელს საქართველოს მთავარი სატრანსპორტო და ლოგისტიკური პრიორიტეტები იქნება რკინიგზის მოძრავი შემადგენლობისა და სატვირთო პარკის სრული განახლება, ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის დასრულება და ერთიანი ციფრული სერვისების დანერგვა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორებისთვის. მისი თქმით, აღნიშნული მნიშვნელოვნად გაზრდის გამტარუნარიანობასა და ოპერაციულ ეფექტიანობას, ასევე ქვეყნის გავლის დროს 30%-ით შეამცირებს.
„ცენტრალური აზიის, კასპიის რეგიონის, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის სრულად გასახსნელად, აუცილებელია კოორდინირებული დაფინანსება. საქართველო, ძირითად სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებში, 2032 წლამდე 7 მლრდ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამ ამბიციის მისაღწევად საჭიროა არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მუდმივი ჩართულობა, რომელთა გამოცდილება და გრძელვადიანი კაპიტალი შეუცვლელია, არამედ კერძო სექტორის ინვესტიციების უფრო ძლიერი მობილიზება. მხოლოდ საჯარო და კერძო დაფინანსების მონაწილეების კარგად შეთანხმებული პარტნიორობით იქნება შესაძლებელი რეგიონში ისეთი თანამედროვე, ეფექტური და მდგრადი ქსელების ჩამოყალიბება, რასაც დღევანდელი გლობალური ეკონომიკა მოითხოვს," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ფორუმში მონაწილე საქართველოს დელეგაციას ასევე წარმოადგენდნენ მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელი სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ისთვის საკმაოდ წარმატებული იყო - სებასტიენ ვინსენტი
სხვა სიახლეები
„დაცვის კომპანია ალგანი“-ს ოფისში ბრენდულ არყებს Stolichnaya, Nemiroff, Black Sea, Filandia, Talka, Koskenkorva Vodka,
Parliament და Gray Goose ამზადებდნენ
17.01.2026.14:11
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადებისა და გამოყენების, აგრეთვე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული საქონლის დამზადების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქალაქ რუსთავში, მესხიშვილის ქ. №6-ში მდებარე შპს „დაცვის კომპანია ალგანი“-ს ოფისში ამზადებდნენ სხვადასხვა ბრენდული დასახელების არყებს, ასევე ბეჭდავდნენ ყალბ აქციზურ მარკებს, რომლითაც აღნიშნულ ალკოჰოლურ სასმელებს ეტიკეტირებას უკეთებდნენ. დამზადებული ფალსიფიცირებული პროდუქცია რეალიზდებოდა ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არსებულ სარეალიზაციო პუნქტებსა და კვების ობიექტებში.
„ოფისის, მის მიმდებარედ გაჩერებული ავტომანქანისა და სავაჭრო ობიექტების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ბრენდული დასახელების, მათ შორის- „Stolichnaya“, „Nemiroff“, „Black Sea“, „Filandia“, „Talka“, „Koskenkorva Vodka“, „Parliament“ და „Gray Goose“ -საერთო ჯამში 204 ბოთლი ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი, ჩამოსასხმელად გამზადებული 402 ცალი ცარიელი ბოთლი, ალკოჰოლის ჩამოსხმისა და დამზადებისთვის საჭირო მასალები, 1 053 ცალი ყალბი აქციზური მარკა, აგრეთვე კომპიუტერული ტექნიკა, რომელშიც ელექტრონულად იყო განთავსებული ყალბი აქციზური მარკების ფაილები.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200¹ მუხლის მე-2 ნაწილითა და 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებებს, ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების სავაჭრო ობიექტებიდან ამოღების მიზნით“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.