ამბიციური გეგმები გვაქვს, რომ საქართველოს ენერგეტიკული სისტემა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ხიდი იყოს - ინგა ფხალაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ ეკონომიკისა და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ორგანიზებით ჩატარდა და კერძო და საჯარო სექტორის წამომადგენლები დაესწრნენ.
მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრის მოადგილემ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.
„საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, რომ საქართველოს ენერგეტიკული სისტემა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ხიდი იყოს. შესაბამისად, ჩვენი მიზანია ქვეყნის ენერგეტიკული ზრდა სწორი მიმართულებით განვავითაროთ", - განაცხადა ინგა ფხალაძემ.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საჯარო და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, როგორც პოლიტიკის განმახორციელებელ უწყებას და კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად.
„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ჩვენი თანამშრომლობით დღემდე მიღწეული შედეგები ერთად განვიხილოთ და სამომავლოდ ზუსტი ნაბიჯების გადადგმისთვის ერთად განვსაზღვროთ ის მიმართულება, რომელსაც ავირჩევთ," - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.
ღონისძიების მიმდინარეობისას პრეზენტაციები და პანელური დისკუსიები გაიმართა, რომლის დროსაც განიხილულ იქნა ენერგოსექტორში არსებული მდგომარეობა, დარგში მიმდინარე რეფორმები, ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივები და ენერგეტიკული სისტემის განვითარების სტრატეგიული მიმართულებები.
შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა თანამშრომლობის შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და კომპანიებს - Mitas Energy, სტორი ჰესი, კავკასენერგო და ენერგონს შორის. ასევე, ჩამოყალიბდა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მრჩეველთა საბჭო, რომელიც, ძირითადად, ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებით დაკომპლექტდა.
სხვა სიახლეები
სგპ ,,ყაზბეგის" მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
03.11.2025.16:20
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ყაზბეგი" მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც კუთვნილი ავტომობილის, ასევე ფიზიკური და ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 1194 გრამი ოქროსა და 18 გრამი ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 260 092 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.