ამაყი ვარ, რომ ჩვენი განხორციელებული პროექტებით, ქალაქში შევქმენით არაერთი მიზიდულობის ცენტრი, სკვერებითა და პარკებით ყველა თაობის ადამიანი სარგებლობს - კახა კალაძე
თბილისის მერმა კახა კალაძემ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა. ღონისძიება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესწრებოდა, ზღვისუბნის პარკში გაიმართა.
დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება,პირველ რიგში, სწორედ ზღვის უბნის პარკზე გაამახვილა, რომელიც რეაბილიტაციამდე უმძიმეს მდგომარეობაში იყო.
„ზღვისუბნის პარკში წლების წინ იყო ჩვეულებრივი ჭაობი, იყო უმძიმესი მდგომარეობა, გაუსაძლისი პირობები. როდესაც ადგილზე მოვედით, შევხვდით აქ მცხოვრებლებს, მივეცით პირობა, რომ ეს სივრცე იქნებოდა მთლიანად მოწესრიგებული, რეაბილიტირებული და აქ გავაშენებდით დედაქალაქში ყველაზე დიდ, საქალაქო მნიშვნელობის პარკს. ზღვის უბნის პარკი ყველაზე დიდი დასასვენებელი სივრცეა, რომელიც მოიცავს 25 ჰექტარს. გულს უხარია, როდესაც აქ ადამიანი მოდის - ყველანაირი პირობებია შექმნილი იმისთვის, რომ მოქალაქეებმა დაისვენონ და განიტვირთონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წელს შეიცვალა ის მავნე პრაქტიკა, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში იყო დამკვიდრებული.
„ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი,რაც გავაკეთეთ2017 წელს, აბსოლუტურად შევცვალეთ ის მავნე პრაქტიკა, რაც იყო დამკვიდრებული - ხდებოდა რეკრეაციული სივრცეების გასხვისება, რათა შემდეგ იქ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულიყო. ცხადია, ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი მშენებლობის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების ხარჯზე. მოგვიწია კონკრეტული სივრცეების გამოსყიდვა და მუნიციპალიტეტისთვის დაბრუნება. რა თქმა უნდა, ამ დამოკიდებულებას გავაგრძელებთ, რომ რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შეიქმნას. ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩვენი განხორციელებული პროექტებით, ქალაქში შევქმენით არაერთი მიზიდულობის ცენტრი. ყველა თაობის ადამიანი სარგებლობს სკვერებითა და პარკებით. ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს კულტურა შემოვიტანეთ და თბილისის პარკები სავსეა მოსახლეობით“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ კონკრეტულ განხორციელებულ პროექტებზე საუბრისას მადლობა გადაუხადა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“, რომლის მხარდაჭერითაც მთაწმინდის ფერდის განახლება ხდება.
„თვალშისაცემია გარემოს დაცვის პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული პროექტები. ყველა ხედავს, თუ როგორ იცვლება ჩვენი ქალაქი უკეთესებისკენ. რა თქმა უნდა, ამაზე არ გავჩერდებით, გვაქვს ამბიციური გეგმები და ცოდნა, რათა ჩვენი ქალაქი იყოს უფრო უკეთესი. მინდა, მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, რადგან სწორედ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება - მიმდინარეობს მთაწმინდის ფერდის გამწვანების სამუშაოები, რომელიც თბილისის ე.წ. ფილტვებია და უმძიმეს მდგომარეობაშია. მთლიანად ხდება აღნიშნული ფერდის განახლება, რომელიც 400 ჰექტარს მოიცავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შეჯამებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, მთავრობისა და საკრებულოს წევრები, მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, ასევე, დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
10.07.2025.18:09
თბილისის მერიაში მეტროს თანამედროვე ვაგონების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის - შპს „ჯი-თი გრუპის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ჭოუ ციენი ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ დირექტორმა გიორგი შარკოვმა და „ჯი-თი გრუპის“ გენერალურმა დირექტორმა თემურ უსტიაშვილმა მოაწერეს ხელი.
თბილისის ვიცე-მერის განმარტებით, აღნიშნული სიახლე თბილისის მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ წლების განმავლობაში ვახორციელებთ მეტროს მოდერნიზებას, მეტროსადგურების რეაბილიტაციას, ასევე, შეკეთდა მეტროს ვაგონები. დადგა ახალი ეტაპი - გადავედით ევროპული სტანდარტის ტიპის მეტროს ვაგონების შესყიდვაზე. ჩვენს ქალაქს 111 ვაგონი ხუთი წლის განმავლობაში მიეწოდება. მოქალაქეები მომავალში კიდევ უფრო უსაფრთხო და კომფორტული ტრანსპორტით ისარგებლებენ“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ხელშეკრულების ფარგლებში, „ჯი-თი გრუპი“ მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მეტროს ვაგონების მწარმოებელთან (კომპანია CRRC, ჩინეთი) თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტს 111 ვაგონს (სულ 25 მატარებელი, მათ შორის, 14 ერთეული 4-ვაგონიანი და 11 ერთეული 5-ვაგონიანი) მიაწვდის.
ახალი მატარებლები იქნება ე.წ. გამჭოლი ვაგონებით. „ახმეტელის თეატრი-ვარკეთილის“ ხაზს დღეს არსებული 4-ვაგონიანი მატარებლების ნაცვლად, 5-ვაგონიანი მატარებლები მოემსახურება, რითაც გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის მოცულობა და გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხი.
თანამედროვე ვაგონების შესყიდვაზე ტენდერი თბილისის მერიის, ცენტრალური ხელისუფლებისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მხარდაჭერით გამოცხადდა. პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 150 მლნ ევროს (დღგ-ს გარეშე).
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში მეტროში არსებულ ყველა ვაგონს სხვადასხვა მოცულობის სარეაბილიტაციო სამუშაო ჩაუტარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ ვაგონს ეტაპობრივად ეწურება საექსპლუატაციო რესურსი, აუცილებელია მათი ჩანაცვლება ახალი, თანამედროვე ვაგონებით.
დედაქალაქს ამ დროისთვის 48 მატარებელი (სულ 192 ვაგონი) ემსახურება. მეტროს ვაგონების შესყიდვის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, რათა დღეს არსებული შემადგენლობები სრულად განახლდეს.