ალექსანდრე წულაძემ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ორი ახლად რეაბილიტირებული სკოლა გახსნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ორი ახლად რეაბილიტირებული – ბორჯომის მე-6 და სოფელ დვირის საჯარო სკოლები გახსნა.
მინისტრმა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას განახლებულ გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცა.
მინისტრი ბორჯომის მე-6 საჯარო სკოლაში მოწყობილ STEAM ლაბორატორიასაც ეწვია და ადგილზე გაეცნო მიმდინარე შემეცნებით პროცესს. ალექსანდრე წულაძის თქმით, ზოგადი განათლების ახალი ხედვის ფარგლებში, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სკოლებში STEAM კლუბების გაძლიერებაზე და ამის თვალსაჩინო მაგალითს სწორედ ბორჯომის მე-6 საჯარო სკოლა წარმოადგენს.
ქალაქ ბორჯომის მე-6 საჯარო სკოლა 300 მოსწავლეზეა გათვლილი, სოფელ დვირის საჯარო სკოლა კი – 320 მოსწავლეზე. ორივე სკოლაში, საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად, ფუნქციონირებს ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვილი საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი.
სკოლები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და უზრუნველყოფილია უსაფრთხოების, სახანძრო სიგნალიზაციისა და გათბობის ახალი სისტემებით. ამასთან, მოწყობილია ღია და დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები.
ქალაქ ბორჯომის მე-6 და სოფელ დვირის საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ განახორციელა. პროექტების ჯამური ღირებულება 9 მილიონ ლარამდეა.
ახლად რეაბილიტირებულ სკოლებში მიმდინარე სასწავლო პროცესს ასევე გაეცნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი კუპრავა, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ქალაქ ბორჯომის მერი ოთარ არბოლიშვილი და ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
30.04.2025.14:35
გლდანის რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფარი აშენდება.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
„დედაქალაქში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მიუსაფარი ცხოველები, რაც მოსახლეობას ძალიან აწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო აქტიურად მუშაობს უპატრონო ცხოველების სტერილიზაციის მიმართულებით, მათი სწრაფი გამრავლება მაინც ხდება, დედაქალაქში არსებული თავშესაფარი კი არსებულ რაოდენობას ვერ უმკლავდება. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება და გლდანის რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფარი აშენდება. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და კონტრაქტორ კომპანიას შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა და მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ინდივიდუალური ვოლიერები, ლაბორატორია, საოპერაციო ბლოკები, პოსტოპერაციული სივრცე და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც უახლესი აპარატურითა და ტექნიკით აღიჭურვება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ცხოველთა ახალი თავშესაფარი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.
„გარდა ამისა, როგორც იცით, სააგენტომ, რამდენიმე თვის წინ ააშენა პოპულაციის მართვის ცენტრი. მიმდინარეობს ვარკეთილში არსებული თავშესაფრის სრული რეაბილიტაცია-აღჭურვის პროცესიც. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სააგენტოს ეფექტურობა გაიზარდოს და რაც შეიძლება მეტი ცხოველის სტერილიზაცია მოხდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, მერის თქმით, ძალიან ხშირია პატრონიანი ცხოველების ქუჩაში დატოვების შემთხვევები, რაც მიუსაფარი ცხოველების სიმრავლის ძირითადი წყაროა.
„ჩვენ ამ პრობლემის გადაწყვეტაზე ერთად უნდა ვიზრუნოთ. ეს მხოლოდ მუნიციპალიტეტების პრობლემა არ არის, ყველასია. შესაბამისად, ყველას მოგვიწევს ჩართულობა. გარდა ამისა, როგორც იცით, საკანონმდებლო დონეზე არის გარკვეული ცვლილებები. ეს ყველაფერი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ აღნიშნული პრობლემა, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში და განსაკუთრებით, დედაქალაქში, იყოს მოწესრიგებული. ჰუმანური მიდგომით, ცხოველების ინტენსიური სტერილიზაციის გზით, დედაქალაქში ქუჩის ცხოველების რაოდენობა მკვეთრად შემცირდება. ეს მნიშვნელოვანი საკითხია არა მხოლოდ მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, არამედ თავად ცხოველებისთვისაც. უახლოეს პერიოდში უნდა მივიდეთ იმ რეალობამდე, რომ აღარ იყოს ცხოველი ქუჩის მძიმე პირობებში და ყველა მათგანს ჰყავდეს პატრონი“, - განაცხადა კახა კალაძემ.