ახალგაზრდების სიყვარული ქვეყნისა და ქალაქისადმი გვაძლევს იმედს, რომ თბილისი ნამდვილად იქნება ცოცხალი, თანამედროვე და განახლებაზე ორიენტირებული ქალაქი - კახა კალაძე
თქვენი ენერგია და იდეები ჩვენი ქალაქის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, - ასე მიმართა ახალგაზრდებს თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ.
როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მომავალშიც ახალგაზრდული ძალა ქალაქის კიდევ უფრო განვითარებისკენ იქნება მიმართული.
„თბილისი შესაძლებლობების ქალაქია, ამის გარანტი კი ხართ თქვენ, ახალგაზრდები, მომავალი თაობა - ჩვენი ხვალინდელი დღის საყრდენი და იმედი. მე თითქმის ყოველდღიური შეხება მაქვს ახალგაზრდობასთან, რომელთა ენერგია და იდეები ჩვენი ქალაქის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. გაძლევთ პირობას, ამ ძალას მომავალშიც გამოვიყენებთ მეტი განვითარებისთვის, შენებისთვის. ეს არ გულისხმობს მხოლოდ ქალაქის განვითარებას – ესაა პასუხისმგებლობის გაზიარება, იდეების გაცვლა და ერთობლივი შრომა უკეთესი თბილისისთვის. ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, თქვენი სიყვარული ქვეყნისა და ქალაქისადმი გვაძლევს იმედს, რომ თბილისი ნამდვილად იქნება ცოცხალი, თანამედროვე და განახლებაზე ორიენტირებული ქალაქი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მანვე განმარტა, რომ მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობის ტარება შეუძლებელი იქნებოდა რიგითი თბილისელების, თბილისის მერიის თანამშრომლებისა და ძლიერი პოლიტიკური გუნდის - „ქართული ოცნების“ გარეშე.
„რასაკვირველია, ამხელა ტვირთს საკუთარ თავზე ვერ ავიღებდი, რომ არ მქონდეს თქვენი, თბილისელების დიდი მხარდაჭერა. რომ არ იდგეს ჩემს ზურგს უკან ძლიერი პოლიტიკური გუნდი - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელსაც გამორჩეული წვლილი აქვს შეტანილი აქვს ქართული სახელმწიფოს განვითარებაში, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის განმტკიცებაში. რთული იქნებოდა დედაქალაქში არსებული გამოწვევების დაძლევა, რომ არა თბილისის მერიის გამოცდილ, პროფესიონალ თანამშრომელთა უზარმაზარი არმია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ 24-საათიან რეჟიმში ვართ ქალაქის, თბილისელების სამსახურში. აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუყხადო ჩემს ოჯახს - ჩემს მეუღლეს და ჩემს უფროს ვაჟს, ლევანს, მხარდაჭერისა და თანადგომისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად ბევრი მიღწევისა და წინსვლისა, ქალაქის კიდევ უფრო განვითარება თანმიმდევრული ხედვითა და გეგმითაა შესაძლებელი.
„სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ სიძველის მიუხედავად, დღეს თბილისი საოცრად თანამედროვე ქალაქია, თავისი პარკებით, სკვერებით, კულტურული სივრცეებით, სპორტული მოედნებით, მოდერნიზებული ქუჩებით, ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მაგრამ თბილისი კიდევ უფრო უნდა განვითარდეს - უნდა განვითარდეს სწორად, თანმიმდევრულად, სწორი და ზუსტი ხედვითა და გეგმით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
სებ-ის ახალი წესის მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვა, საფინანსო სექტორში რისკების მართვის სტანდარტების გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაა - ნინო ჯელაძე
10.03.2026.18:10
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ ვირტუალური აქტივების რეგულირების გაძლიერებასთან დაკავშირებულ ახალ წესზე ისაუბრა.
ეროვნულმა ბანკმა სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესი შეიმუშავა, რომელიც სტაბილქოინის პირველად შეთავაზებას აწესრიგებს. რეგულაცია მიზნად ისახავს როგორც არსებული რეგულაციების შეფასებას, ისე სამომავლო რისკების განსაზღვრას, რაც მათ შორის ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და მომხმარებლების უფლებათა დაცვას უზრუნველყოფს.
„ეროვნული ბანკი აგრძელებს მუშაობას ვირტუალური აქტივების რეგულირების გაძლიერების მიმართულებით. ამ მიზნით შემუშავდა სტაბილური ვირტუალური აქტივების ე.წ. სტაბილქოინის პირველადი შეთავაზების წესი. უპირველეს ყოვლისა, წესის მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვა, საფინანსო სექტორში რისკების მართვის სტანდარტების გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაა“, - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ყურადღება ახალი წესის მნიშვნელოვან ასპექტებზე გაამახვილა. მისი თქმით, მიმოქცევაში არსებული სტაბილური ვირტუალური აქტივები 100%-ით უნდა იყოს უზრუნველყოფილი სარეზერვო აქტივებით, რომლებიც მაღალ ლიკვიდურობასა და რეიტინგს უნდა აკმაყოფილებდნენ. ამასთან, გამოშვების პროცესი სრულად გამჭვირვალეა, რაც შეთავაზების დოკუმენტით იწყება და გარე აუდიტორების შემოწმებით გრძელდება, რათა საზოგადოებას ემიტენტების, რეზერვებისა და რისკების მართვის შესახებ სრული ინფორმაცია მიეწოდოს.
ნინო ჯელაძემ საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას. „რეგულირების პროცესში ეროვნული ბანკი ისეთ საერთაშორისო პრაქტიკებს დაეყრდნო, როგორებიცაა ევროკავშირის, ამერიკის, სინგაპურის და დიდი ბრიტანეთის შესაბამისი რეგულაციები ვირტუალური აქტივების სფეროში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვირტუალური აქტივების რეგულირების და საზედამხედველო ჩარჩოს გაძლიერების მიზნით, ტექნიკური დახმარების ფარგლებში, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიც არის მსოფლიო ბანკი და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია“, - აცხადებს ნინო ჯელაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული წესის დანერგვა საქართველოს სტაბილური ვირტუალური აქტივების ეკოსისტემის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს და ხელს შეუწყობს მომხმარებელთა უფლებების დაცვას, სექტორში რისკების მართვის სტანდარტების გაუმჯობესებას.