აკადემია UNIKO-მ სემეკის თანამშრომლებთან კიბერუსაფრთხოების ტრენინგ-კურსი წარმატებით დაასრულა
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თანამშრომლებისთვის, აკადემია UNIKO-ს ორგანიზებით, ორ თვიანი ინტენსიური ტრენინგ-კურსი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით წარმატებით დასრულდა.

კურსის მიზანს წარმოადგენდა სემეკის გუნდის გაძლიერებას და მათი კიბერუნარების განვითარებას, კიბერჰიგიენის პრინციპების დანერგვასა და თანამედროვე კიბერეთიკის სტანდარტების ათვისებას.
ტრენინგის დასრულების შემდეგ სემეკის თანამშრომლებს ოფიციალურად გადაეცათ კურსის დასრულების სერტიფიკატები.

ტრენინგი ჩატარდა თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების შერწყმით, რაც თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, რეალურ პირობებში განავითარონ თავდაცვითი და პრევენციული უნარები კიბერსაფრთხეებთან მიმართებით.
სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, მსგავსი ტიპის გადამზადება სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია:
„UNIKO-სთან პარტნიორობით ჩვენმა თანამშრომლებმა გაიარეს ტრენინგ-კურსი, რომელიც მიზნად კიბერუსაფრთხოების სტანდარტების დანერგვასა და გაძლიერებას ისახავდა. პრაქტიკული სავარჯიშოებისა და საერთაშორისოდ აღიარებული გაიდლაინების გათვალისწინებით, კომისიის ყველა რგოლის თანამშრომელი მომზადებულია თანამედროვე ციფრული საფრთხეებისთვის. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ინსტიტუციის უსაფრთხო და შეუფერხებელი მუშაობისთვის.“
როგორც ცნობილია, აკადემია UNIKO წლებია აქტიურად მუშაობს კიბერუსაფრთხოების კორპორატიული ტრენინგების მიმართულებით როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორი, მზია მამაგულაშვილი აღნიშნავს:
„ჩვენი მისიაა ორგანიზაციები გავაძლიეროთ კიბერუსაფრთხოების კუთხით. ამ კურსში ჩართულნი იყვნენ ექსკლუზიურად მოწვეული პროფესიონალები, მათ შორის მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მაგისტრი მარიამ დავლაშელიძე და UNIKO-ს წამყვანი ტრენერი, კიბერუსაფრთხოების პრაქტიკოსი ლევან აბესაძე. ჩვენი გუნდი მრავალი წლის გამოცდილებას აერთიანებს საჯარო და კერძო სექტორების გაძლიერებაში.“

კურსის კოორდინატორი და აკადემია UNIKO-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მარიამ პაკაცოშვილი კი ყურადღებას ამახვილებს კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობაზე ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში:
„„თანამედროვე ციფრულ სივრცეში ორგანიზაციის მდგრადობა პირდაპირ არის კავშირში მისი თანამშრომლების კიბერუნარებთან. განსაკუთრებით დღეს, როცა გლობალურად და რეგიონშიც ომიანობის ფონზე მნიშვნელოვნად იმატა კიბერშეტევების რისკმა, კიბერუსაფრთხოება არამარტო ტექნოლოგიური, არამედ სტრატეგიული გადარჩენის საკითხია. სწორედ ამიტომ, ჩვენ მზად ვართ შევთავაზოთ ორგანიზაციებს როგორც მოკლე, ისე გრძელვადიანი ტრენინგები – დაწყებული ციფრული საგამოძიებო უნარებით, დამთავრებული მავნე ფაილების ანალიზითა და ქსელის მონიტორინგის სისტემების დანერგვით.“

საინტერესოა, რომ უახლოეს მომავალში UNIKO გეგმავს საერთაშორისო დონის კიბერუსაფრთხოების ფორუმის გამართვას, რომლის მთავარი ამოცანა იქნება საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების, კერძო სექტორისა და რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და გაძლიერება კიბერუსაფრთხოების კუთხით.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოჩენილ ქართველ მეცნიერსა და გეოლოგს, გიორგი მაღალაშვილს 95-ე დაბადების დღეს ულოცავს
23.02.2026.14:44
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ქართველ მეცნიერსა და გეოლოგს, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ემერიტუსს, საქართველოს ირაკლი ჟორდანიას სახელობის საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის მთავარ სამეცნიერო მრჩეველს, საქართველოს საინჟინრო აკადემიის, ევროპისა და რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილ წევრს, საქართველოს დამსახურებულ გეოლოგს, ღირსების ორდენისა და სტუ-ის ოქროს მედლის კავალერს, კალისტრატე გაბუნიას სახელობის პრემიის ლაურეატს, სასარგებლო წიაღისეულის ოთხი საბადოს პირველაღმომჩენს, პროფესორ გიორგი მაღალაშვილს 95 წლის იუბილეს ულოცავს.
„პროფესორ გიორგი მაღალაშვილის მრავალწლიანი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა გამორჩეულია როგორც მასშტაბით, ისე მნიშვნელობით. მისი კვლევები, ფუნდამენტური შრომები და პრაქტიკული საქმიანობა ფასდაუდებელია ქართული გეოლოგიური მეცნიერების განვითარებაში. ბატონი გიორგის სახელთანაა დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებასა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას ემსახურება.
განსაკუთრებით აღსანიშნავია პროფესორ გიორგი მაღალაშვილის ღვაწლი ახალგაზრდა თაობის აღზრდისა და სამეცნიერო სკოლის ჩამოყალიბების საქმეში. მის მიერ აღზრდილი არაერთი სტუდენტი და მკვლევარი დღეს წარმატებით აგრძელებს საქმიანობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
პროფესორ გიორგი მაღალაშვილის 95 წელი ღირსეული და ნაყოფიერი ცხოვრებისეული გზაა, რომელიც მთლიანად უკავშირდება სამშობლოს, მის ოჯახს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მეცნიერებასა და მომავალი თაობების აღზრდას.
მრავალჟამიერ, ბატონო გიორგი!“, - აღნიშნულია რექტორის მილოცვაში.
გიორგი მაღალაშვილი 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 7 დამხმარე სახელმძღვანელოს, 2 მონოგრაფიის, 4 ახალი სამეცნიერო ნოვაციის, 4 გამოგონების, ოცამდე სხვადასხვა დანიშნულების გეოლოგიური რუკის, 3 გეოლოგიური და გეოფიზიკური მეთოდის დამუშავების ავტორია. მას 40-ზე მეტი სამეცნიერო ფორუმში აქვს მონაწილეობა მიღებული.