„აგროსკოლა 2025“ დასრულდა
„აგროსკოლა“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ სკოლის მოსწავლეებისთვის (IX-XII კლასები) შემუშავებული სასწავლო პროგრამაა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს აგრარული საკითხებით დაინტერესებულთათვის სოფლის მეურნეობის დარგების შესახებ ინფორმაციის მიღება და აგრარული მიმართულებით არსებულ აქტივობებში ჩართვა, ასევე, გარემოსდაცვითი საკითხებზე ცნობიერების ამაღლება.
სასწავლო პროგრამა პირველად 2022 წელს განხორციელდა და მას შემდეგ დიდი პოპულარობით სარგებლობს.
მიმდინარე წელს „აგროსკოლა“ 4 მარტს დაიწყო და 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს თეორიული ცოდნა აგრარული საკითხების შესახებ, მონაწილეობდნენ საველე გასვლებში, გაიღრმავეს გუნდური მუშაობისა და პრეზენტაციის წარდგენის უნარები; მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს. ლექციებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, მოწვეული სპიკერებიც უძღვებოდნენ. აგრარული პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, „აგროსკოლის“ კურსდამთავრებულები სამდღიან სასწავლო ტრენინგში, საველე პრაქტიკასა და ინფოტურებში მონაწილეობდნენ.
სასწავლო პროგრამა „აგროსკოლა“ სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ განხორციელდა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლების და ტრენინგების სისტემების მოდერნიზაცია (ფაზა 3)” პროექტის ფარგლებში. აღნიშნული პროექტის დონორია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC).
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
21.06.2025.11:53
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რ. მ. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ი ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2017 წლის 3 ოქტომბრიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში რ. მ.-ს სხვადასხვა მაღალი თანამდებობა, მათ შორის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობები, ეკავა.
„ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ რ. მ. თანამდებობრივ გავლენას, სანაცნობო წრესა და გამოცდილებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით უკანონოდ იყენებდა ენერგეტიკულ სფეროში სხვადასხვა პირისთვის არამართლზომიერი უპირატესობის მისანიჭებლად. ამ პირებისთვის უკანონო დახმარების გაწევის სანაცვლოდ კი ის მათგან ენერგოკომპანიებში (ჰესებში) საწარმოს წილებს იღებდა, რომელთა რეალური მესაკუთრე თვითონ იყო, ხოლო წილები ოფიციალურად თავისი ნდობით აღჭურვილ პირებზე ჰქონდა გაფორმებული. აღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად რ. მ.-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღო.
ამასთანავე, რ. მ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაღალ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, სამსახურებრივ უფლებამოსილებას სისტემატურად ბოროტად იყენებდა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; კერძოდ, პირადი სარგებლის მიღების მიზნით იგი უკანონოდ სარგებლობდა თავისი თანამდებობით ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობით და სხვადასხვა პირს სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციაში აფორმებდა (ის ამას ზოგჯერ ფიქტიურადაც ახორციელებდა), რის შედეგადაც იგი მატერიალურ სარგებელსა და ქონებრივ სიკეთეს იღებდა.
ზემოაღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად რ. მ.-ს ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა შესაბამის თანამდებობებზე მისი განწესების შემდეგ მილიონობით ლარით გაიზარდა. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი დიდი ოდენობით უკანონო, არადეკლარირებულ შემოსავალს იღებდა, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტებში, მათ შორის, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებში, არ ასახულა.
უკანონო ან/და დაუსაბუთებელი შემოსავლების წარმოშობის დაფარვის მიზნით რ. მ. მათი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მათზე საკუთრების უფლებისა და მათთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვასა და შენიღბვას ახორციელებდა ქონების სხვა, ცრუმაგიერ პირებზე გაფორმების, ნაღდი ფულის თავისი და მისი ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშებზე სხვადასხვა ფიზიკური პირის მეშვეობით შეტანის/ჩარიცხვის, უძრავი ქონების ფიქტიური შეძენის ან რეალიზაციის ამსახველი ხელშეკრულებების გაფორმების, ხელშეკრულებებში ქონების ღირებულების ხელოვნურად გაზრდის ან შემცირებისა და სხვადასხვა ფინანსური ტრანზაქციის შესრულების გზით. მაგალითად, გამოვლენილია ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მდებარე საცხოვრებელი ბინის ზემოაღნიშნული უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლით 600 000 ევროდ შეძენის ფაქტი. ამ თანხის უკანონო და დაუსაბუთებელი წარმომავლობის დამალვისა და შენიღბვის მიზნით რ. მ.-მ თავისი ოჯახის წევრის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე 600 000 ევროს ღირებულების ნასყიდობის ფიქტიური ხელშეკრულება გააფორმა, რითაც აღნიშნული თანხისთვის კანონიერი სახის მიცემა სცადა. ამასთანავე, მან, მის მიერ მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონების წარმოშობის წყაროს დამალვისა და შენიღბვის მიზნით, მილიონ ლარამდე ღირებულების მქონე 2 ერთეული ავტომობილი მისი და თავისი ოჯახის წევრის ნდობით აღჭურვილ პირებზე გააფორმა.
გამოძიების ამ ეტაპზე როგორც ვლინდება, რ. მ.-მ ზემოხსენებული მეთოდებითა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განახორციელა რამდენიმე მილიონი ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია.
გამოძიება გრძელდება და გამოძიების პროცესში კიდევ უფრო დაზუსტდება როგორც რ. მ.-ს მიერ შემოსავლების უკანონო გზებით მიღების გარემოებები, ისე ამ შემოსავლების ლეგალიზაციის ეპიზოდები. ზემოაღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას“, – ვკითხულობთ სუს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.