აგროსასურსათო პროდუქციით ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით უნგრეთთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აგროსასურსათო პროდუქციით ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ისტვან ნაგიმ ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, თაფლისა და ღვინის ექსპორტის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
ოთარ შამუგიამ უნგრეთთან დიპლომატიური და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა და უნგრელ კოლეგას ქვეყანაში ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„ჩვენთვის, როგორც კანდიდატის სტატუსის მიღების მსურველი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უნგრეთის მხარდაჭერა, პარტნიორული თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება. უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, ვისაუბრეთ სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაძლიერებაზე, მათ შორის, ღვინის ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობებზე. არსებობს ყველა გარემოება, რომ ბიზნესსექტორს ხელი შევუწყოთ დაამყარონ კავშირები, მოვიზიდოთ ინვესტიციები იმ სექტორებში, რომელიც შეიძლება მიმზიდველი იყოს უნგრული მხარისთვის“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.
„საქართველოს, სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. ვფიქრობ, გაფორმებული მემორანდუმი მტკიცე საფუძველს შეუქმნის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. ვიმედოვნებ, ჩვენი თანამშრომლობა უახლოეს მომავალში ხელშესახები და ურთიერთსასარგებლო შედეგების მომტანი იქნება“,- განაცხადა ისტვან ნაგიმ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მერძევეობისა და მესაქონლეობის განვითარების მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობის საკითხებსაც.
შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილეები თენგიზ ნასარიძე და იური ნოზაძე, ასევე, შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის დელეგაცია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრა. ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ მინისტრს ბაზაზე გაშენებული ვაზის კოლექცია დაათვალიერებინა. სტუმრები საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიას, ამ მიმართულებით ქვეყნის პოტენციალს და ქართული იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებულ ღვინოებს გაეცნენ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.10:48
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2025 წლის ივლისსა და აგვისტოში მოქალაქეებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ჩამოაწერა, ჯამში 350 000 ლარის ოდენობით.
კომუნალური კომპანიების წინააღმდეგ სემეკში შესული მოქალაქეთა საჩივრები შეეხებოდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურებსა და ვადებს.
სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლისა და საირიგაციო წყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდზეც. სემეკისთვის განცხადებით მიმართვა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით: https://bit.ly/3QiBM2O ასევე, იუსტიციის სახლის მეშვეობით.