აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერია ტრადიციულ სასაჩუქრე კალათებს გასცემს
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერია უფასო სასადილოებით მოსარგებლე სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებსა და საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრებს ტრადიციულად სასაჩუქრე კალათებს გადასცემს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, წელს მუნიციპალიტეტისგან სულ 40 ათასამდე სასაჩუქრე კალათა გაიცემა.
„ჩვენ ყურადღების მიღმა არ ვტოვებთ თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ იმ მოქალაქეებს, რომელთაც ჩვენი ყურადღება და თანადგომა განსაკუთრებით სჭირდებათ. თბილისის რაიონული გამგეობები წინასააღდგომოდ, ტრადიციულად, სასაჩუქრე კალათებს გადასცემენ უფასო სასადილოებით მოსარგებლე სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებსა და საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრებს. სასაჩუქრე კალათის შემადგენლობა მოიცავს 15 დასახელების პროდუქტს,კალათების რაოდენობა კი დამოკიდებულია ოჯახების სულადობაზე. სააღდგომო ნობათების დარიგება დაწყებულია და მათ კვირის ბოლომდე ყველა ბენეფიციარი მიიღებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი ყოველთვის გვერდით დაუდგება იმ ოჯახებს, რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ.
„ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანების თანადგომას და მხარდაჭერას მომავალშიც განვაგრძობთ. ეს, რა თქმა უნდა,არ ეხება მხოლოდ სასაჩუქრე ნობათებს. მუნიციპალიტეტში გვაქვს არაერთი პროგრამა ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით. ვიდრე არსებობს საჭიროება, რომ გვერდით დავუდგეთ ამ ოჯახებს, ამას ყოველთვის გავაკეთებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
ფოთში 9 აპრილის ხეივნის ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
06.04.2026.17:45
ფოთში დაგეგმილი ურბანული განვითარების პროექტის მიზანია მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა, 9 აპრილის ხეივანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და შენობა-ნაგებობების განახლება.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილი სამუშაოები მოიცავს როგორც ხეივნისა და სკვერის ფუნქციურ და ვიზუალურ გაუმჯობესებას, ისე მიმდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციას.
საზოგადოებრივ სივრცეში მოეწყობა სასეირნო, დასასვენებელი და რეკრეაციული ზონები, განახლდება გამწვანება და დამონტაჟდება განათების თანამედროვე სისტემა. ასევე, იგეგმება ნიკოლაძის სანაპიროსთან საფეხმავლო და ვიზუალური ინტეგრაციის გაუმჯობესება.