26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. ეროვნული დღესასწაული დედაქალაქსა და მთელ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.
სადღესასწაულო ღონისძიებების პროგრამას მთავრობის ადმინისტრაცია აქვეყნებს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თბილისში ათონელის, ფურცელაძის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე ალექსანდრეს ბაღში, საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნება.
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს 21 ქალაქში გაიმართება. წელს ეროვნულ დღესასწაულზე სამხედრო ფიცს 700-მდე წვევამდელი დადებს, რის შემდეგაც ისინი თავდაცვის ძალების რიგებში ოფიციალურად ჩაირიცხებიან. ფიცის დადების ცერემონია დედაქალაქის გარდა, კიდევ 5 ისტორიულ ადგილას გაიმართება.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, 17:10 საათზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდება.
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ზუსტად 1918 წლის 26 მაისს მიიღო. 26 მაისს ქვეყანა 1991 წლიდან აღნიშნავს და ამით 1918 წლის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს იხსენებს - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებას. ეროვნული საბჭოს მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას მოგვიანებით წითელი არმიის შემოჭრა და ქვეყნის ანექსია მოჰყვა. მთავრობა და დამფუძნებელი კრების წევრთა უმრავლესობა კი, ემიგრაციაში წავიდა.
სხვა სიახლეები
28.05.2025.18:27
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2025 წლის 28 მაისის 23:00 სთ-დან 29 მაისის 03:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 29 მაისის 03:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.