სამომხმარებლო ქსელში არსებული პროდუქცია მაქსიმალურად კონტროლდება, ისევე როგორც აქტიურად მოწმდება თვითონ საწარმოები - ზურაბ ჩეკურაშვილი
საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა რძეში აფლატოქსინის თემასთან დაკავშირებული დეტალები ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განმარტა.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გამჭვირვალობა, საზოგადოების ინფორმირება, მასთან კომუნიკაცია, როგორც მომხმარებლის ინტერესების დაცვის ერთ-ერთი მექანიზმი, ჩვენი - სურსათის ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტია.
პირველი და მნიშვნელოვანი - კომპანია „სოფლის ნობათის” რძის კონკრეტულ პარტიებში დაფიქსირებულ აფლატოქსინთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმოქმედა საერთაშორისო სტანდარტის და პრაქტიკის შესაბამისად.
დარღვევის გამოვლენისთანავე, საზოგადოებას მივაწოდეთ სრული ინფორმაცია. სააგენტოსთან აქტიურად ითანამშრომლა კომპანიამ. დღეს შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ყველა ის პარტია, სადაც დარღვევა იყო, სააგენტოს ზედამხედველობით, სრულად არის ამოღებული ქსელიდან.
სააგენტოს მისმართით დაისვა კითხვა დახლებზე განთავსებულ პროდუქციასთან დაკავშირებით. აქაც კიდევ ერთხელ განვმარტავ - არ არსებობს არანაირი შეშფოთების საფუძველი.
სამომხმარებლო ქსელში არსებული პროდუქცია მაქსიმალურად კონტროლდება, ისევე როგორც აქტიურად მოწმდება თვითონ საწარმოები.
ორიოდე სიტყვით შევეხები რძის და რძის პროდუქციის წარმოებაში არსებულ ვითარებას. ეს ის სექტორია, რომელიც გამოირჩევა მაღალი სტანდარტებით და სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია, რაც კიდევ ერთი წინაპირობაა იმისა, რომ მომხმარებლის ინტერესები უმთავარესი პრიორიტეტია”, - აღნიშნა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
პრესკონფერენციაზე აღინიშნა, დარღვევა გამოვლინდა იმპორტირებულ რძეში, შესაბამისად, საბაჟო სამსახურთან თანამშრომლობით, სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, საზღვარზე კონტროლი გამკაცრდება.
პრესკონფერენციას დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებიც ესრებოდნენ.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.19:15
ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ კონკურსი „ფინანსური ასოციაციობანას“ გამარჯვებული მასწავლებლები - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტრის საჯარო სკოლის მასწავლებელი მარინე გულაშვილი და სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს-ის მასწავლებელი მარიამ ბოლქვაძე დააჯილდოვა.
სიტყვით გამოსვლისას მან ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის მიზანია მრავალფეროვანი და ინფორმაციული საგანმანათლებლო მასალების შექმნა, რომელთა დახმარებითაც საგაკვეთილო პროცესი გაცილებით პროდუქტიულად წარიმართება.
„მიხარია, რომ ასეთი შემოქმედი, საქმის ერთგული და მოყვარული მასწავლებლები გვყავს, რომელთა როლი ფასდაუდებელია მომავალი თაობის წარმატებაში. ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების პროექტებზე მუშაობისას ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი საგანმანათლებლო მასალები, რომელთა დახმარებითაც გაკვეთილები გახდება კიდევ უფრო საინტერესო და შთამაგონებელი“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
კონკურსი ფინანსური განათლების ინოვაციური გზით მიწოდების წასახალისებლად ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუზე (www.finedu.gov.ge) დაინიცირდა. მისი მიზანი იყო ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში წამოწყებული საგანმანათლებლო აქტივობის მდგრადობის ხელშეწყობა. კონკურსში მონაწილე მასწავლებლებმა ფინანსური განათლების სამაგიდო თამაშის „ფინანსური ასოციაციობანას“ გამოყენებით მრავალფეროვანი საკლასო აქტივობები შექმნეს.
კონკურსის ფარგლებში შემოსული ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.