22 - 23 ოქტომბერს „თბილისის აბრეშუმის გზის" მე-5 ფორუმის ჩატარებას საორგანიზაციო შტაბი უხელმძღვანელებს
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" საორგანიზაციო შტაბი სასტუმრო „ბილტმორში" ოფიციალურად გაიხსნა. შტაბის ხელმძღვანელის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, შტაბის აქტიური მუშაობა უზრუნველყოფს, რომ საერთაშორისო დონის ღონისძიებას ქვეყანა მაქსიმალურად მომზადებული დახვდეს.
„მოსამზადებელი სამუშაოების აქტიურ ფაზაში ვიმყოფებით. წლევანდელი ფორუმი უპრეცენდენტოდ მასშტაბურია, სტუმრებს ველოდებით როგორც რეგიონიდან, ასევე რეგიონს მიღმა ქვეყნებიდან - პრემიერ მინისტრებს, ვიცე-პრემიერებს, მინისტრებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. წინა წლებთან შედარებით, ფორუმი ხარისხობრივად ძალიან მაღალ დონეზე გადავიდა, ეს მნიშვნელოვანია იმ ტურბულენტობის ფონზე, რაც რეგიონში თუ რეგიონს მიღმა ხდება, - საქართველოს მიმართ ინტერესი არ იკლებს. აღსანიშნავია, რომ წელს ფორუმში მონაწილეობის მისაღებად უპრეცედენტო რაოდენობის სტუმარმა გამოთქვა სურვილი", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
„აბრეშუმის გზის ფორუმს" თბილისი 22 -23 ოქტომბერს უმასპინძლებს. ფორუმი, რომელიც მეხუთედ იმართება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით ჩატარდება და იმ საკითხებს დაეთმობა, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს პოზიციონირების გაძლიერებას, მათ შორის „შუა დერეფნის" მარშრუტში. წლევანდელი ფორუმის ძირითადი თემები საერთაშორისო ვაჭრობას, ინვესტიციებს, ტრანსპორტსა და ლოგისტიკას, ენერგეტიკასა და ენერგოუსაფრთხოებას, ციფრულ ეკონომიკასა და ტექნოლოგიებს მოიცავს.
„ფორუმზე გვექნება შესაძლებლობა, ვუმასპინძლოთ საერთაშორისო ინვესტორებს როგორც რეგიონის, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, მათ შორის Emaar-ის ჯგუფისა და Eagle Hills-ის დამფუძნებელ მოჰამედ ალი ალაბარს. მნიშვნელოვანია, რომ ის მონაწილეობას მიიღებს დისკუსიებში, რომლებიც საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს დაეთმობა. ფორუმის მიმდინარეობისას გვექნება საშუალება, ჩვენს ქვეყანაში არსებული შესაძლებლობები უშუალოდ საერთაშორისო ინვესტორებმა წარმოაჩინონ", - აღნიშნა გენადი არველაძემ.
როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, ფორუმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ასევე მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების წარდგენაა, როგორებიცაა: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის და თბილისის ახალი აეროპორტის პროექტები, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვ.
„ამ პროექტებთან დაკავშირებით საერთაშორისო ინვესტორებსა და საფინანსო ინსტიტუტებს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს სახელმწიფო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ გაიმართოს კერძო და საჯარო სექტორს შორის დისკუსიები, რათა უზრუნველყოფილ იქნას ამ პროექტებში კერძო სექტორის მაქსიმალური ჩართულობა", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
ღონისძიებას 50-ზე მეტი ქვეყნიდან 2000-მდე დელეგატი დაესწრება, მათ შორის მაღალი რანგის პოლიტიკური პირები. 22 ოქტომბერს 7 პანელური სესია გაიმართება, რომლებსაც მოდერატორობას მსოფლიოს წამყვანი და აღიარებული წარმომადგენლები გაუწევენ.
დღის ტოპ 10 სიახლე
თბილისის ავტოპარკის განვითარების პროექტი - „თეგეტამ“ დედაქალაქს MAN-ის 200 ერთეული ავტობუსი მიაწოდა
სხვა სიახლეები
15.10.2025.17:36
საავიაციო სფეროში ყველაზე გავლენიანი და პრესტიჟული საკონსულტაციო კომპანია Skytrax-ის პრეზიდენტი ედუარდ პლაისტედი, აეროპორტის ყოველწლიური სერვისების და ხარისხის შეფასების მიზნით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს უკვე მეოთხედ ეწვია. ის პირადად გაეცნო გასული ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებს და ტავ ჯორჯიას მენეჯმენტისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა დაგეგმილი და ჩატარებული სამუშაოების შესახებ.
13-14 ოქტომბერს, Skytrax-ის მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩატარებული შემოწმების ფარგლებში შეფასდა მომსახურების ხარისხი, ინფრასტრუქტურა, მგზავრთა გამოცდილება და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები, რაც წარმოადგენს ამ ორგანიზაციის მიერ დადგენილი საერთაშორისო სტანდარტების ნაწილს.
Skytrax-ი დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ავიაციის სფეროში მომსახურების ხარისხს აფასებს. ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული აუდიტი წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ შეფასებას.
უკვე წლებია, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები, რომლებსაც ტავ ჯორჯია მართავს, Skytrax-ის რეიტინგში, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ათეულში ხვდებიან, რაც აეროპორტის ხარისხის და სერვისის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვან ზრდას ასახავს და ხაზს უსვამს აეროპორტის განვითარებისთვის განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.