2025 წლის აგვისტო–სექტემბერში საქართველოდან ვაშლის ექსპორტი 65%-ით გაიზარდა
2025 წლის 1 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 906 ტონა ვაშლი, რომლის საერთო ღირებულებამ 698 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა, ექსპორტის მოცულობა 65 %-ით (356 ტონით), ხოლო ღირებულება - 105 %-ით (357 ათასი აშშ დოლარით), - ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პერიოდში 1 კგ ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასმა 0.77 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24 %-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
ძირითადი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია, სადაც აგვისტო-სექტემბრის პერიოდში 697 ტონა ქართული ვაშლი გავიდა. ასევე, 150 ტონა ექსპორტირებულია ბელარუსში, ხოლო 59 ტონა – თურქეთში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
30.09.2025.18:05
საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს ყრუთა კავშირთან თანამშრომლობით, ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი იყო 2025 წლის მუნიციპალიტეტის არჩევნების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება, საარჩევნო პროცედურებისა და მომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება, ასევე ამომრჩეველთა საჭიროებების გაცნობა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა და მდივანმა ელენე ბობოხიძემ შეხვედრის მონაწილეებს 4 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ინფორმაცია და საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს. ცესკოს წარმომადგენლებმა მათ ინფორმაცია მიაწოდეს ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ. შეხვედრა ინტერაქტიური იყო და შეხვედრის მონაწილეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო კითხვებზე.
შეხვედრა 29 სექტემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ფარგლებში,ქუთაისში გაიმართა. ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის, ამომრჩეველთა ინფორმირებისა და საარჩევნო პროცესში თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით ცესკო მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საინფორმაციო შეხვედრების გამართვას.