2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება
2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით გამოცემული განკარგულება არჩევნების დანიშვნის შესახებ ძალაში დღეს შევიდა.
დღესვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიამ ოთხი ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა, ასევე განსაზღვრა არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, ოთხ ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება - ამომრჩეველთა თითქმის 90% საკუთარ არჩევანს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით დააფიქსირებს. ქვეყნის მასშტაბით სულ გაიხსნება 3051 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.
„საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო კანონმდებლობით განსაზღვრული საარჩევნო პროცედურების განხორციელება. დღეიდან მოქმედებს ყველა ის საკანონმდებლო მოთხოვნა, დაშვება თუ აკრძალვა, რაც არჩევნების დანიშვნას უკავშირდება. ასევე, დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმოების წესები და საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები.
საარჩევნო ადმინისტრაცია იხელმძღვანელებს კანონის უზენაესობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და პროფესიონალიზმის პრინციპების დაცვით და საქმიანობას განახორციელებს ქცევის მაღალი ეთიკური სტანდარტებით. ამასთანავე, არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ, აქტიურად ჩაერთონ, დააკვირდნენ და ობიექტურად და სამართლიანად შეაფასონ საარჩევნო პროცესი“,-განაცხადა ნათია იოსელიანმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
06.08.2025.11:51
თბილისის მერი მუნიციპალურ ინსპექციას ავალებს, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, განხილვის პროცესში მყოფი მშებლობადასრულებული საცხოვრებელი კორპუსების ექსპლუატაციაში დროულად მიღების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს.
როგორც კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული დროებითი წესის ფარგლებში, ამჟამად განხილვის პროცესშია 230 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების საკითხი, რომელიც 10 000-მდე ოჯახს ეხება.
„როგორც მოგეხსენებათ სამშენებლო საქმიანობის ხარისხის კონტროლი და ზედამხედველობა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ჩვენთვის, მათ შორის არის ქალაქში მშენებლობადასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება და სანებართვო პირობებთან შესაბამისობის დადასტურება.
ამ კუთხით წლების განმავლობაში არსებობდა კონკრეტული გამოწვევები, რაც უკავშირდებოდა სხვადასხვა არქიტექტურული დარღვევის გამო მრავალბიანიანი საცხოვრებელი სახლების ექსპლუატაციაში მიღების პრობლემას. აღნიშნული პრობლემის გამო, ათასობით ოჯახს, კეთილსინდისიერ მესაკუთრეებს ექმნებოდათ სირთულეები, ცხოვრობდნენ უმძიმეს პირპობებში, რადგან მათი საცხოვრებელი კორპუსი არ იყო დასრულებული. ვინაიდან მათ საკუთრებას არ ჰქონდა დასრულებულის სტატუსი, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში ვერ იქმნებოდა ბინამეთსაკუთრეთა ამხანაგობები და მესაკუთრეები ვერ სარგებლობდნენ მუნიციპალური პროგრამების სიკეთეებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა მსგავსი სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი, პარლამენტის მხარდაჭერით განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილება და 2023 წლის 27 ივლისამდე ხდებოდა განაცხადების მიღება მსგავსი ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით.
მერის ინფორმაციით, აღნიშნული წესის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული საექსპერტო ბიუროების დასკვნებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ექსპლუატაციაში უკვე მიღებულია 910 დასრულებული შენობა, 30 000-მდე ოჯახმა (მესაკუთრემ) მიიღო უფლებრივად უნაკლო ქონება და შესაძლებლობა ისარგებლონ ბისათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამებით და სხვა მუნიციპალური სერვისებით.
„ასევე, დროებითი წესის ფარგლებში, ამჟამად, განხილვის პროცესშია 230 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების საკითხი, რომელიც ეხება 10 000-მდე ოჯახს (მესაკუთრეს). ვინაიდან, აღნიშნულ კორპუსების მცხოვრებლების მხრიდან შემოვიდა არაერთი თხოვნა, მინდა, დავავალო მუნიციპალურ ინსპექციას, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, პროცესის დაჩქარებისა და აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსების დროულად ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, ადგილზე ობიექტის შეფასების, კანონდებლობით წარმოსადგენი დოკუმენტაციიის მომზადების ხელშეწყობისა და დამატებითი კონსულტაციების კუთხით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, მუნიციპალიტეტმა გაამკაცრა კანონმდებლობა შენობების ესპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით, რათა გაზრდილიყო ერთი მხრივ, მშენებლობის ხარისხი და მეორე მხრივ, დაინტერესება და მოტივაცია ნებართვის მფლობელი სამშენებლო კომპანიების/დაინტერესებული პირების, დროულად მოახდინონ მშენებლობადასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებაზე მომართვა და სანებართვო პიროებების შესრულების დადასტურება.
„ამ მიმართულებით გვაქვს ხელშესახები შედეგები, გაზრდილია როგორც მომართვიანობა, ასევე ექსპლუატაციაში მიღების მაჩვენებელი. 2018 წლიდან დღემდე მუნიციპალურმა ინსპექციამ მოქმედი კანონმდებლობის, სამშენებლო ნორმების, სტანდარტებისა და სანებართვო პირობების დაცვით აშენებული 7 000-მდე შენობა მიიღო ექსპლუატაციაში“, -აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა, მესაკუთრეების კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, გაამკაცროს მონიტორინგი და გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ზომა იმ შემთხვევებზე, როდესაც მშენებელობა დასრულებულია და არ ხდება დამკვეთის/კომპანიის მხრიდან ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულება შენობების ექსპლუატაციაში მისაღებად.