კონკურსის „აგროლიგა“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
2025 წელს, კონკურსში „აგროლიგა“ მონაწილეობა 332-მა კონკურსანტმა მიიღო. გამოვლინდა 18 გამარჯვებული, რომელსაც სერტიფიკატები და სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.
კონკუსი „აგროლიგა“ მიზნად ისახავს აგრარულ სექტორში პროფესიული ცოდნის გავრცელებას, აგრარული და გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო სფეროების განვითარების ხელშეწყობას და აღნიშნული მიმართულებებით წარმატებული სტუდენტების წარმოჩენას.
გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო. როგორც მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, კონკურსი ხელს უწყობს აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებების პროფესიების პოპულარიზაციას.
„კონკურსი „აგროლიგა“ ახალგაზრდებისთვის ძალიან კარგი პლატფორმაა, მოტივაციაა, დაეუფლონ აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებების დეფიციტურ პროფესიებს. გარდა ამისა, კონკურსი შესაბამისი დარგების პოპულარიზაციასაც ახდენს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
მიმდინარე წელს კონკურსი 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა მევენახეობის, მცენარეთა დაცვის, მეფუტკრეობის, სატყეო საქმის, მეხილეობის, ეკოლოგიის და ბიომრავალფეროვნების მიმართულებებს.
კონკურსს „აგროლიგა - 2025“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით, ახორციელებს. კონკურსი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - "საქართველოში სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ტრენინგების (VET) სისტემის მოდერნიზაცია“ ფარგლებში ტარდება.
სხვა სიახლეები
01.08.2025.16:34
კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა" წარმატებით დაასრულა სენაკისა და ხონის მუნიციპალიტეტებში. ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენების შესახებ სენაკში 46, ხოლო ხონში 39 სემინარი ჩატარდა, რომელთა ფარგლებშიც ჯამში 1200-ზე მეტი პირი გადამზადდა. შეხვედრების ფარგლებში ბენეფიციარებმა ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ სრულიად უფასოდ აიმაღლეს ცნობიერება და გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, Google-ის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა.
„ციფრული მხარდაჭერის პროგრამამ", რომელსაც კომუნიკაციების კომისია 2022 წლიდან საქართველოს რეგიონებში უწყვეტად ახორციელებს, უკვე 17 მუნიციპალიტეტის 247 სოფელი და დასახლებული პუნქტი მოიცვა. პროგრამის ფარგლებში კი 9000-მდე ბენეფიციარია გადამზადებული.
შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა" პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ტარდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.