20-21 აპრილს ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება, აღნიშნული ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ
თბილისის მერიის ინფორმაციით, 20-21 აპრილს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.
მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურების - „მარჯანიშვილი“ (აღმაშენებლის გამზ. N83), „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ (ჯავახეთის ქუჩა) მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან; სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ); ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან - შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.
აღნიშნული ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელი სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ისთვის საკმაოდ წარმატებული იყო - სებასტიენ ვინსენტი
სხვა სიახლეები
2026 წლის 1 იანვრიდან ვეტერინარების სახელმწიფო სერტიფიცირება სავალდებულოა
16.01.2026.13:22
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინართა და ვეტერინარ ტექნიკოსთა პროფესიული განვითარებისა და სასერტიფიკაციო საბჭოში დარეგისტრირდა და სერტიფიცირება გაიარა 800-მა ვეტერინარმა და 444-მა ვეტერინარ-ტექნიკოსმა. აღნიშნული წესით გაცემული სერტიფიკატების მოქმედების ვადა 2030 წლის 1 იანვრამდე განისაზღვრება.
სერტიფიცირება ხელს შეუწყობს ვეტერინარული სერვისების ხარისხის ამაღლებას, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას, მოქალაქეთა და ცხოველთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, არაკვალიფიციური პრაქტიკის აღკვეთასა და ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი პირების უფლებების დაცვას.
საქართველოს მთავრობის №288 დადგენილებით („ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“) შესაბამისად, 2026 წლის პირველი იანვრიდან, ვეტერინარის საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე აკრძალულია.
ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.