12-13 ივნისს, სტეფანწმინდაში, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ, გაეროს განსახლების პროგრამის მხარდაჭერით (UN-Habitat), III საერთაშორისო ფორუმი გამართა
12-13 ივნისს, სტეფანწმინდაში, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ, გაეროს განსახლების პროგრამის მხარდაჭერით (UN-Habitat), III საერთაშორისო ფორუმი გამართა. ფორმატი მთიანი დასახლებების პრობლემების გადაჭრის გზებზე ორიენტირებული დიალოგისთვის ახალი პლატფორმის შექმნას ემსახურებოდა. მონაწილეებს ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის, ინსტრუმენტებისა და მიდგომების გაზიარების შესაძლებლობა მიეცათ.
ღონისძიება სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსმა, ზურაბ წიკლაურმა გახსნა და ქვეყნის მაღალმთიანი დასახლებების განვითარებისთვის სივრცითი და ურბანული დაგეგმვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ფორუმის ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი დასახლებები მოინახულეს და ორი დღის განმავლობაში, სამუშაო ფორმატში განიხილეს მთიანი დასახლებების მდგრადი განვითარების მიმართულებით არსებული საუკეთესო პრაქტიკა. ფორუმს მოდერაციას სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე თინათინ ყოლბაია უწევდა. ექსპერტებმა, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა და აკადემიური წრის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება მაღალმთიან რეგიონებში სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების მნიშვნელობის და მეთოდოლოგიის შესახებ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ალპების კონვენციის საზოგადოების ქვეყნების გამოცდილებაზე.
ორდღიანი სამუშაოების შემდეგ სამოქმედო ღონისძიებათა გეგმა გაიწერა. გეგმამ პოლიტიკის დოკუმენტის სახე მიიღო. ის კორექტირებისთვის მუნიციპალიტეტებს დაეგზავნათ. საბოლოო დოკუმენტი გაეროს განსახლების პროგრამის ვებგვერდზე (UN-Habitat) გამოქვეყნდება.
მთიანი დასახლებები კლიმატის ცვლილებისა და უპრეცედენტო ურბანიზაციის ეპოქაში ყველაზე მოწყვლად ტერიტორიებს მიეკუთვნებიან. მყინვარების დნობის, დეპოპულაციისა და მასობრივი ტურიზმის კომბინირებული ეფექტები საფრთხეს უქმნის მთიანი დასახლებების საცხოვრებლად ვარგისიანობას. სათანადო დაგეგმარება კი გადამწყვეტ როლს თამაშობს მთიანი დასახლებების სწორად განვითარებასა და ღირსებული საცხოვრებელი გარემოს შენარჩუნებაში. ასევე, უზრუნველყოფს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვას. სწორედ ამ მიზნით ჩატარდა საქართველოს ეროვნული ურბანული ფორუმი, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა, ერთმანეთს საუკეთესო გამოცდილება გაუზიარეს. ჩამოყალიბდა ახალი პლატფორმა მთიანი დასახლებების პრობლემების გადაჭრის გზებზე ორიენტირებული დიალოგისთვის.
ყაზბეგში გამართულ ორდღიან სამუშაო შეხვედრაში ექსპერტები, ადგილობრივი თვითმმართველობის და აკადემიური წრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
19.06.2025.19:43
„შემიძლია დაგპირდეთ, რომ კანონის აღსრულების ნაწილში, მაქსიმალურად ლოიალური ვიქნებით, განსაკუთრებით იქამდე, ვიდრე პრაქტიკა დაინერგება. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ შეურაცხყოფა და სიძულვილის ენა აღარ იყოს მედიაში, ჩვენ დაინტერესებული ვართ ისევე, როგორც საზოგადოება და თქვენც, რომ დეზინფორმაცია არ ვრცელდებოდეს და შეცდომაში არ იქნეს შეყვანილი ჩვენი საზოგადოება. არ მოხდეს ფაქტის არასწორად ინტერპრეტირება და არ დამახინჯდეს სპეციალურად, კონკრეტული მოსაზრება არ გასაღდეს ფაქტად და დავიცვათ მაყურებლის ინტერესები“, - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა კომისიის სხდომაზე და აღნიშნა, რომ კანონი აუცილებლად დასაცავია, რადგან ისეთ ელემენტარულ და საბაზისო ჟურნალისტური სტანდარტების დაცვას მოითხოვს, რაც მედიამ კარგად იცის.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კანონის აღსრულების ნაწილში კომისია მაქსიმალურად ითანამშრომლებს მედიასთან, რათა დარღვევები მაქსიმალურად იქნას აღმოფხვრილი, განსაკუთრებით თუ ეს არის შეცდომა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მედია ამას მიზანმიმართულად და განგებ აკეთებს, პროცესში ესეც ნათლად გამოჩნდება და კომუნიკაციების კომისიას ამაზეც შესაბამისი რეაგირება ექნება.
„მე ჟურნალისტიკა კარგად ვიცი და დიდი ხანი ვმუშაობდი ტელევიზიაში და რასაც მე ვუყურებ, ჩანს რომ ზოგიერთ ჟურნალისტს ცოდნა არ აქვს. მაგრამ ეს არ იქნება განმსაზღვრელი, რომ ამის გამო დაისაჯოს მედია, ჩვენ უნდა ვასწავლოთ, სტანდარტი უნდა ავამაღლოთ, კომისია ამისკენ ვიქნებით მოტივირებული. უნებლიე შეცდომების გამო არ დაისჯება არცერთი ტელევიზია. ჩვენ მაქსიმალურად ლოიალურები ვიქნებით, მთავარია მიზანმიმართულად არ მოხდეს კანონის დარღვევა. არათუ მზაობა გვაქვს, არამედ მოტივირებული ვართ, რომ მაქსიმალურად დაგეხმაროთ და ვითანამშრომლოთ. ჩავატაროთ იმდენი სამუშაო შეხვედრა, რამდენიც საჭიროა, მათ შორის კომისიის წევრების ჩართულობით, ვიყოთ მუდმივად კომუნიკაციაში, რომ დარღვევების პრევენცია მოვახდინოთ. მაუწყებლებს თუ კითხვები გექნებათ რეგულარულ რეჟიმში ჩვენგან მზაობა იქნება, რომ ნებისმიერ თქვენს კითხვაზე კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით მიიღოთ კონსულტაცია და ჩვენი აზრი მოისმინოთ,“- განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კომისიის სხდომაზე.
კახა ბექაურმა სხდომაზე აღნიშნა, რომ „ტელეკომპანია პირველი“ ერთადერთი ტელევიზიაა ჯერ-ჯერობით, რომელმაც კომისიასთან სამუშაო შეხვედრა ითხოვა, ეს პროცესი ძალიან ნაყოფიერად წარიმართა.
„სხვათა შორის „ტვ პირველი“ ერთადერთი ტელევიზიაა, რომელმაც სურვილი გამოთქვა სამუშაო შეხვედრებზე. უფრო სწორად შედგა სამუშაო შეხვედრა, სურვილი „ფორმულამაც“ გამოთქვა, თუმცა შეხვედრაზე არ მოვიდა. სხვა არხებს საერთოდ არც სურვილი გამოუხატავთ, მაგრამ ჩვენ ამის სურვილი გვაქვს, და მე მგონია, რომ მედიასაც უნდა ქონდეს. ამ კუთხით მე ველოდები მჭიდრო თანამშრომლობას და თუ დღეს ამას ვერ ხედავთ, ხვალ დაინახავთ აუცილებლად“, - განაცხადა კახა ბექაურმა.