111 ორსული ქალი ფიქტიურად გააფორმეს სამსახურში და 111 000 ლარი მიითვისეს - რა დანაშაული გამოავლინა საგამოძიებო სამსახურმა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა ექვსი პირი, რომელთაგან ოთხი მეწარმე სუბიექტია, ხოლო ორი - კომპანიის ბუღალტერი.
გამოძიებით დადგინდა, რომ დეკრეტულ შვებულებაში მყოფ მოქალაქეებზე გათვალისწინებული ფულადი დახმარების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებულები, 2020-2022 წლებში, წინასწარ მოფიქრებული სქემის მიხედვით, დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდნენ ორსულ ქალებთან და ფიქტიურად გააფორმეს ისინი მათ მმართველობაში არსებულ საწარმოებში, რის შემდგომაც დაამზადეს ყალბი დოკუმენტები, რომელთა გამოყენებითაც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ფიქტიურად დასაქმებული 111 პირის მიერ მიღებულ იქნა ორსულებისთვის გამოყოფილი ერთჯერადი ფულადი დახმარება - ჯამში 111 000 ლარის ოდენობით, რომელიც განაწილებულ იქნა ბრალდებულებსა და ორსულ ქალებს შორის.
ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 210-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
პლასტიკის ნარჩენების პრევენცია - მვო “ჯორჯია ფლასის” სამუშაო შეხვედრა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის თემაზე
20.02.2026.16:38
(Basel Convention Regional Project)
საქართველოს შესაფუთი მასალების ნარჩენების მწარმოებელთა გაერთიანება მვო „ჯორჯია ფლასი” ნარჩენების მართვის თემაზე ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობს, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. დასრულდა რეგიონული მნიშვნელობის პროექტის - „პლასტიკის ნარჩენების პრევენცია - მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, როგორც ეფექტური ინსტრუმენტი პლასტიკის ნარჩენების გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შესამცირებლად” ("Plastic Waste Prevention - Extended Producer Responsibility as an Effective Tool to Reduce the Negative Environmental Impact of Plastic Waste" Regional Project) განხორციელების ეტაპი, სადაც 3 ქვეყანა - საქართველო, მოლდოვა და ბელარუსი იღებდა მონაწილეობას.
რეგიონული პროექტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით მიმდინარეობდა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბაზელის კონვენციის სამდივნოსთან ერთად. ეროვნულ დონეზე პროექტის განმახორციელებლი საქართველოს შესაფუთი მასალების ნარჩენების მწარმოებელთა გაერთიანება მვო „ჯორჯია ფლასია”.
პროექტი ბაზელის კონვენციის ფარგლებში დაარსებული სპეციალური დახმარების ფონდის მიერ დაფინანსდა, რომელიც მხარს უჭერს კონკრეტული გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებას, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორში.

კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასა” და მვო „ჯორჯია ფლასის“ ინიციატივით, თბილისში მყარი ნარჩენების მორფოლოგიური კვლევა ჩატარდა, რომელიც ზემოთ ნახსენები რეგიონული პროექტის პრაქტიკული გაგრძელებაა. ეს კვლევა გვაძლევს იმ ზუსტ მონაცემებს, რომელიც საიმედო წინაპირობაა, ქვეყანაში ნარჩენების სეპარირებული შეგროვების მიზნით სათანადო ინვესტიციების მოზიდვისა და გადამუშავების სექტორის განვითარებისთვის.
„ნარჩენების შემადგენლობა და რეციკლირების შესაძლებლობები საქართველოში - ქალაქ თბილისის მაგალითზე“ ამ სახელწოდების კვლევის შედეგები Factory Tbilisi-ში სამუშაო შეხვედრაზე წარადგინეს, სადაც ისაუბრეს პლასტიკის ნარჩენების მართვის გამოწვევებზე. სამუშაო შეხვედრის ორგანიზატორი კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” და საქართველოს შესაფუთი მასალების ნარჩენების მწარმოებელთა გაერთიანება „ჯორჯია ფლასი” იყო. მასშტაბური კვლევა/პროექტი საერთაშორისო პარტნიორობით, საინვესტიციო ბანკ “DEG Impulse gGmbH” -თან თანამშრომლობით ხორციელდება.
კვლევის ფარგლებში თბილისში შერჩეული რაიონებიდან 4 ტონამდე მყარი მუნიციპალური ნარჩენი შეგროვდა და მათი მორფოლოგიური კვლევა განხორციელდა თბილისის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე. კვლევის მიზანია დადგინდეს პლასტიკის წილი საერთო ნარჩენების ნაკადში, მისი სტრუქტურა და გადამუშავების პოტენციალი. მიღებული მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია პროგნოზირება, წარმოქმნილი პლასტმასის ნარჩენის მასის მომავალი 10 წლის განმავლობაში და რა ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები იქნება საჭირო სრულფასოვანი შეგროვებისა და გადამუშავების (რეციკლირების) სისტემის შექმნისთვის.
კვლევა ასევე ითვალისწინებს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) პრინციპით პლასტმასის 100%-იანი შეგროვების შესაძლებლობის შეფასებას. ამ კონტექსტში განისაზღვრება ე.წ. „ბოთლიყლაპია“ აპარატების საჭირო რაოდენობა საქართველოს მასშტაბით და მომზადდება PET-ის გადამამუშავებელი საწარმოს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება.
პროექტი ასევე მიმოიხილავს არსებულ საკანონმდებლო ბაზას და შეაფასებს ნარჩენების მართვის სისტემის ეფექტურობას.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia) პატრონაჟით განხორციელებული პროექტის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციებისა და კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასა” და “ჯორჯია ფლასის” მიერ ჩატარებული კვლევების შედეგების გათვალისიწინებით, ქვეყანას ეძლევა საშუალება განსაზღვროს საჭირო ინვესტიციების რაოდენობა, რომელიც უზრუნველყოფდა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ხარჯეფექტური სქემების დანერგვას, რაც გულისხმობს პლასტიკის ნარჩენების სრულ ამოღებას გარემოდან, მათ რეციკლირებას და ისევ საწარმოო პროცესში დაბრუნებას.