11-15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეული გაიმართება
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 11-15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეული გაიმართება.
გახსნითი ღონისძიება თბილისში, 11 მარტს, სასტუმრო „პულმანში" გაიმართება, სადაც მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი ექვსი მარეგულირებელი უწყება, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიღებულ შედეგებს, გამოწვევებს და აღსრულების მექანიზმებს მიმოიხილავს.
კვირეულის ფარგლებში, მომხმარებლებთან შეხვედრები გაიმართება 12 მარტს გურჯაანში, 14 მარტს ქუთაისში, ხოლო 15 მარტს - მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღეს - ბათუმში. 11-15 მარტს დაგეგმილი კვირეულის მიზანია მომხმარებლის უფლებების მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების გაძლიერება.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობენ - მარეგულირებელი უწყების პირველი პირები, პარლამენტის, ცენტრალური და რეგიონული მთავრობის წევრები, ბიზნესის, აკადემიური და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის, UNCTAD-ის, დიპლომატიური კორპუსის და ლიეტუვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყების წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება წიგნის „მომხმარებლის დაცვის ევროპული და ქართული პრაქტიკა" პრეზენტაცია. ასევე, პანელური დისკუსიის ფორმატში, ექვსი მარეგულირებელი უწყების წარმომადგენელი თბილისში, გურჯაანში, ქუთაისში და ბათუმში მომხმარებლებთან შეხვედრისას დეტალურად მიმოიხილავს მათთვის მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას - თუ როგორ უნდა დაიცვას მომხმარებელმა საკუთარი უფლებები, დარღვევის შემთხვევაში ვის მიმართოს და რა ფორმით.
სხვა სიახლეები
ქალაქებისთვის გენერალური გეგმების შემუშავების ფარგლებში ახალციხისა და ოზურგეთის განვითარების ხედვა ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს
07.04.2026.15:48
ქალაქებისთვის გენერალური გეგმების შემუშავების ფარგლებში ახალციხისა და ოზურგეთის განვითარების ხედვა ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ინიციატივით, ახალციხისა და ოზურგეთის განვითარების ხედვა დაინტერესებულ მხარეებთან განიხილეს. შეხვედრა გენერალური გეგმების შემუშავების ფარგლებში, შედგა, პროექტის მიმდინარე ეტაპის შესახებ პრეზენტაცია ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და თემატურად დაკავშირებული სხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს პროექტის შემსრულებელმა გააცნო. შეხვედრის მონაწილეებმა ქალაქ ახალიციხისა და ოზურგეთის განვითარების ხედვის ჩამოყალიბების პროცესზე საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს.
ქალაქებისთვის გენერალური გეგმების შემუშავება განვითარების გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბებას, ურბანული სტრუქტურისა და ფუნქციური ორგანიზაციის გაუმჯობესებას, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და გარემოსდაცვითი ასპექტების ინტეგრირებულად განვითარებას ემსახურება.
ახალციხისა და ოზურგეთის გენერალური გეგმების შემუშავება საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობით, გენერალური გეგმის შემუშავებას უზრუნველყოფს საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიებისგან შემდგარი კონსორციუმი, რომელსაც ხელმძღვანელობს CITYFÖRSTER (ნიდერლანდები) BAU Design-თან (საქართველო) პარტნიორობით. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.