1 მარტიდან 1 მაისამდე, შინაური ბინადარი ცხოველების მარეგისტრირებელმა ორგანოებმა უნდა მიმართონ სეს-ს, მონაცემთა ერთიან ბაზაზე წვდომისა და რეგისტრაციის უფლების მისაღებად
2026 წლიდან ეტაპობრივად ძალაში შედის „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონი, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ 2025 წელს დაამტკიცა. მთავრობაც აქტიურად მუშაობს კანონის ცალკეული მუხლების აღსრულებისთვის საჭირო აქტების გამოცემაზე.
უფრო დეტალურად, რა რეგულაციები ამოქმედდება მიმდინარე წლიდან შინაური ბინადარი ცხოველების მეპატრონეებისთვის და რა გეგმა აქვს ხელისუფლებას უპატრონო ცხოველების პოპულაციის შესამცირებლად, დეტალებზე სასაუბროდ Business Insider Georgia კანონის და ზოგადად ამ რეფორმის ინიციატორს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს მაია ბითაძეს დაუკავშირდა.
„პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ეტაპზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამზადებს კანონქვემდებარე აქტებს, რომელთა მიხედვითაც ამოქმედდება შესაბამისი ბაზა და განისაზღვრება იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის წესები. ამ დროისთვის მთავრობა საკანონმდებლო აქტების მომზადების პროცესშია, რომლის შემუშავებისა და ძალაში შესვლის შემდეგ ამოქმედდება რეგულაციები.
შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონით ბევრი რამ იცვლება. 2026 წლის 1 ივლისიდან იფუნქციონირებს იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მონაცემთა ერთიანი ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა ცხოველის მიკვლევადობას. ამისთვის, 2026 წლის 1 მარტიდან 1 მაისამდე, შინაური ბინადარი ცხოველების მარეგისტრირებელმა ორგანოებმა, კერძოდ თავშესაფარი, საშენი, ვეტერინარული დაწესებულება - უნდა მიმართონ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, მონაცემთა ერთიან ბაზაზე წვდომისა და რეგისტრაციის უფლების მისაღებად. მარეგისტრირებელი სუბიექტები – კერძო თავშესაფარი, საშენი, ვეტერინარული დაწესებულება – იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნის დარღვევისთვის 2027 წლის 1 იანვრიდან დაჯარიმდებიან 3000 ლარით.
2027 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება ადმინისტრაციული სანქციები მეპატრონეებისთვის შემდეგი ვალდებულებების დარღვევისათვის: იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია - 1500 ლარი, სტერილიზაცია-კასტრაცია - 1500 ლარი, ცოფის ვაქცინაცია - 500 ლარი, ცხოველის მიტოვება - ფიზიკური პირის შემთხვევაში 5000 ლარი, ხოლო იურიდიული პირი - 10 000 ლარი.
2027 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული ცხოველი არ დაექვემდებარება სავალდებულო სტერილიზაცია-კასტრაციას. ცხოველის მოშენება დასაშვებია მხოლოდ რეგისტრირებული საშენის მიერ, ან არაკომერციული მიზნით მეპატრონის მიერ. მეპატრონეზე სანაშენე ცხოველის გამრავლებისთვის შესაბამის თანხმობას გასცემს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო. 2027 წლის 1 იანვრიდან მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის გარეშე მეპატრონის მიერ ცხოველის გამრავლების შემთხვევაში ამოქმედდება სანქცია - 3000 ლარი. 2027 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება ადმინისტრაციული სანქციები საშენისთვის, კერძოდ: მოშენების წესების დარღვევა - 1000 ლარი. მოშენება რეგისტრაციის გარეშე - 5000 ლარი. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება ცხოველის მოკვდინებისთვის, სასტიკი მოპყრობისთვის.
- მას შემდეგ, რაც შინაური ბინადარი ცხოველების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება, პრაქტიკაში ვინ და როგორ შეამოწმებს, არის თუ არა ცხოველი რეგისტრირებული, ანუ როგორ მოხდება არარეგისტრირებული ცხოველის გამოვლენა?
არარეგისტრირებული ცხოველის გამოვლენა მოხდება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ, თუმცა მარეგისტრირებელი სუბიექტებიც (თავშესაფარი, ვეტერინარი, მომშენებელი) ვალდებულნი იქნებიან ცხოველის მათთან მოხვედრის შემდეგ, შეამოწმონ არის თუ არა ის ჩიპირებული და თუ არ არის, თავად დაჩიპონ. ხოლო არამარეგისტრირებელი სუბიექტები (სასტუმრო, კინოლოგი/ფელინოლოგი, რეალიზატორი, გრუმინგი) ვალდებულნი იქნებიან ცხოველის მიღებისთანავე გადაამოწმონ არის თუ არა ის ჩიპირებული, და თუ არ არის, არ გაუწიონ მომსახურება. თუმცა, ბუნებრივია ეს არ შეეხება გადაუდებელ ვეტერინარულ მომსახურებას, მაგრამ აღნიშნული მომსახურების შემდეგ ცხოველი აუცილებლად უნდა დაიჩიპოს და მონაცემები აისახოს ერთიან ბაზაში.
- აღნიშნულის გაკეთება ქალაქში უფრო მარტივი იქნება, მაგრამ როგორ წარიმართება ეს პროცესი სოფლებში, სადაც ცხოველები, მაგალითად, გრუმინგზე ნაკლებად დაჰყავთ.
არ გვქონდეს იმის აღქმა, რომ ერთ დღეში ყველაფერი მოგვარდება, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ სისტემა ამოქმედდება და შედეგებს მოგვცემს რამდენიმე წელიწადში. სისტემა იარსებებს, შესაბამისი კულტურა ჩამოყალიბდება და ეტაპობრივად გამოვლინდებიან სამართალდამრღვევები. საუბარი მაქვს პატრონიან ძაღლებზე. ასევე, პატრონიანი ძაღლები სოფლებში - ამ კუთხითაც მუშაობს მთავრობა, რომ გარკვეული ხელშემწყობი ღონისძიებები დაინერგოს. მათ შორის, თბილისიც განიხილავს გარკვეული შეღავათების, მაგალითად, ჩიპირების (ძაღლების) უფასო პროგრამის ამოქმედებას. სიახლის მიზანია, მოხდეს რაც შეიძლება მეტი ცხოველის რეგისტრაცია, თუმცა არ უნდა შეიქმნას მოლოდინი, რომ ივნისიდან ყველა შინაური ბინადარი ცხოველი ჩიპირებული იქნება. აქ მთავარია ის, რომ ეტაპობრივად მოხდება ცხოველების იდენტიფიცირება, ქვეყანაში კი ჩამოყალიბდება სისტემა, რომელიც ამას უზრუნველყოფს.
– როდესაც მასშტაბური რეფორმა იწყება, ის რამდენიმე ფაზისგან შედგება, ზოგადად რამდენ წელიწადში ელოდებით ამ რეფორმიდან საუკეთესო შედეგებს?
საუკეთესო შედეგებზე წინასწარ გათვლებს ვერ გავაკეთებ. მთავარია ის, რომ უზრუნველყოფილი იქნება პატრონიანი ძაღლების რეგისტრაცია და ერთიან ბაზაში შეყვანა, ასევე მარეგისტრირებელი სუბიექტების სისტემაში სრულფასოვანი ჩართვა.
შედეგად, მიტოვებული შინაური ბინადარი ცხოველების რაოდენობა შემცირდება. ყველანი კარგად ვიაზრებთ, რომ ქუჩაში არსებული ძაღლების რაოდენობა, არა ძაღლების, არამედ არაკეთილსინდისიერი მეპატრონეების ქცევის შედეგია.
– რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელებში საკმაოდ აქტიურად გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თითქოს კომპანიებს საკუთარ ტერიტორიაზე ცხოველების შეფარება ეკრძალებათ. გაუგებრობა რომ არ იყოს, იქნებ კიდევ ერთხელ განმარტოთ დეტალები.
მთლიანად კერძო სექტორის გადასაწყვეტია, შეუშვებს თუ არა ძაღლს საკუთარ ტერიტორიაზე. თუმცა, დღეს უკვე არსებობენ კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთი კეთილი ნებით იფარებენ და ზრუნავენ ცხოველებზე, ხოლო რაც შეეხება კანონს, კანონი ამბობს ერთადერთ რამეს, რომ ბაღის, სკოლისა და კლინიკების შენობებში ცხოველის მიკედლება იკრძალება, რადგანაც ეს არის საფრთხე ბავშვებისთვისა და ასევე, დაავადებების გავრცელებისათვის. ასეთ ტერიტორიებზე უკვე მიკედლებულ ცხოველებს, რა თქმა უნდა, არაფერი ემუქრებათ.
- უკვე განსაზღვრულია თუ არა ჯიშები, რომლებზეც შესაძლოა გამრავლების მორატორიუმი გავრცელდეს? როგორ მოხდება ასეთი ჯიშების გამოვლენა?
მთავრობა ამზადებს გარკვეული ტიპის ჯიშის ძაღლების გამრავლების მორატორიუმის აქტს. გამოვლენა მოხდება, ერთი მხრივ, ჰიპერპოპულაციიდან გამომდინარე, ხოლო მეორე მხრივ, ისვე მეპატრონეების არასწორ ქცევამდე მივდივართ. კერძოდ, მეპატრონეები აგრესიულად ზრდიან მომეტებული რისკი ჯიშის ძაღლებს, შემდეგ კი ეს ძაღლები პოტენციურად მომეტებულ საფრთხეს წარმოადგენენ საზოგადოებისთვის.
ჰიპერპოპულაციიდან გამომდინარე ჯიშების გამოვლენა კი არც ისე რთულია, რადგან რომელ ძაღლებს ან მათ მეტისებს ტოვებენ ადამიანები ყველაზე ხშირად - ადვილი გამოსავლენია. ამ დროისთვის საბოლოო სია არ არის ჩამოყალიბებული თუ რა ჯიშის ძაღლებზე იქნება მორატორიუმი, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ გავრცელდება ჰასკზე, ის ჩვენი კლიმატური პირობებისთვის არასწორი ჯიშია და მეორეც, რთული მოსავლელია. სწორედ ამიტომ ხვდება ისეთ ჯიშებს შორის, რომელთაც ყველაზე ხშირად ტოვებენ, რაზეც მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ქუჩაში ხშირად ვხვდებით მეტისებს, რომელთაც ცისფერი თვალი აქვთ.
- როდესაც შინაურ ბინადარ ცხოველთა კანონზე და ასამოქმედებელ მუხლებზე ვსაუბრობთ აქცენტი კეთდება ძაღლებზე - საინტერესოა რეგისტრაცია, ჩიპირება სავალდებულო იქნება თუ არა კატებისთვისაც?
კატებთან დაკავშირებით ქვეყანაში განსხვავებული მდგომარეობაა, ქუჩაში არსებული პრობლემა გაცილებით უფრო მწვავეა ძაღლების შემთხვევაში. შესაბამისად, სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გულისხმობს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვას, ითვალისწინებს უპატრონო/მიკედლებული ძაღლის საყოველთაო იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, სტერილიზაცია/კასტრაციასა და ანტირაბიულ ვაქცინაციას, ისევე როგორც, იგივე ღონისძიებების ჩატარებას სოფლად მცხოვრები პატრონიანი ძაღლებისთვის. ამდენად, სახელმწიფო პროგრამა მიმართული იქნება ძაღლებზე, მათ შორის, პატრონიან ძაღლებზე, ხოლო მათ, ვისაც კატები ჰყავთ, ბუნებრივია დაევალებათ საკუთარი ცხოველების რეგისტრაცია.
დღის ტოპ 10 სიახლე
ცხოველის მოშენება დასაშვებია მხოლოდ რეგისტრირებული საშენის, ან არაკომერციული მიზნით მეპატრონის მიერ
სხვა სიახლეები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
30.01.2026.10:03
30 იანვარს ქუთაისში უნალექო ამინდს და მზეს ელოდებიან, დღისით +19 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამე +11.
უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი არც ზუგდიდში იქნება, დღისით ტემპერატურა +17, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც მზიანი ამინდია. +15 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურშიც უნალექო ამინდია, ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.
ასეთივე ამინდია ჭიათურაში, დღისით +12 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +10 გრადუსი, ღამით კი -6 გრადუსი იქნება.
ახალქალაქში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით -2, ღამით -12 დაფიქსირდება.
ბორჯომშიც უნალექო დღეა, +10 იქნება დღისით, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -7 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +13 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში მზეა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსი იქნება. ომალოშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით +4, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც უნალექო ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი თელავიც, +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო დღეს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +9 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში თოვლს ელოდებიან, დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ნავარაუდევი რუსთავში. დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში უნალექო და მზიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი იქნება.