ზურაბ ჩიკვილაძე: მარტიდან „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ ქვეპროგრამით 2100 ბავშვი და მოზარდი სრულად დაფინანსდება
„საკრებულოს სხდომაზე დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ ქვეპროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა იზრდება, 250 ბენეფიციარით მეტი დაფინანსდება და ჯამში ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას 2 100 ბავშვი და მოზარდი მიიღებს“, - განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, გააკეთა.
მისივე თქმით, დედაქალაქის მთავრობისა და თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამაში“ ცვლილება შევიდა.
„დღეს საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მარტის თვიდან „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ ქვეპროგრამის ფარგლებში დამატებით მომსახურებას კიდევ 250 ბენეფიციარი მიიღებს. შედეგად, ნაცვლად 1 850 ბავშვისა და მოზარდისა, 2 100 ბენეფიციარი სრულად დაფინანსდება. ქვეპროგრამით თითო მოსარგებლისთვის წლიურად გამოყოფილი თანხა 5 400 ლარია. პროგრამის ბიუჯეტი კი დაახლოებით 1 080 000 ლარით იზრდება. აღნიშნულ პროგრამას სერვისის მიმწოდებელი მე-10 დაწესებულებაც დაემატა.
თბილისის მერია წლიდან წლამდე აძლიერებს „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამას“. დღევანდელი გადაწყვეტილება კი მომავალ თაობაზე ზრუნვის საქმეში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა სხდომაზე ზურაბ ჩიკვილაძემ.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
სომხეთში მთავრობის წევრებთან შეხვედრებზე განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს როლი რეგიონში მშვიდობისა და დაკავშირებადობის გაძლიერებისა და განვითარების თვალსაზრისით - მარიამ ქვრივიშვილი
20.02.2026.17:50
სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები. ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტებზე, ისევე როგორც ახალი გეგმების შესახებ, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ქვეყნებს შორის სავაჭრო - ეკონომიკურ ურთიერთობებს, ისევე როგორც ხალხთა შორის კავშირებს,"- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც ერთდღიანი ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ტიგრან ხაჩატრიანს, ეკონომიკის მინისტრ გევორგ პაპოიანსა და ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ხუდატიანს შეხვდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სომხეთის მთავრობის წევრებთან საუბარი წარიმართა ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის, ტურიზმზე, ავიაციაზე, ტრანსპორტზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთა რკინიგზაზე.
„შეხვედრებზე განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს როლი რეგიონში მშვიდობისა და დაკავშირებადობის გაძლიერებისა და განვითარების თვალსაზრისით. ხაზი გაესვა საქართველოს კონტრიბუციას უშუალოდ სიმბოლური ტარიფის დაწესების თვალსაზრისით, რაც აზერბაიჯანიდან სომხეთის მიმართულებით ნავთობპროდუქტების გადაზიდვის ხელშეწყობას უზრუნველყოფს," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, სომეხ კოლეგებთან შეხვედრებზე ასევე საუბარი წარიმართა ენერგეტიკის სექტორში ურთიერთობების გაღრმავებაზე, მათ შორის, ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით. „აღნიშნული გააძლიერებს საქართველოსა და სომხეთს შორის ენერგეტიკული ვაჭრობას, ექსპორტ-იმპორტს, აგრეთვე ჩვენი ქვეყნის ტრანზიტული ქვეყნის როლს, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს როგორც სომხეთიდან ელექტროენერგიის ექსპორტს, ასევე ტრანზიტს საქართველოს გავლით," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
კიდევ ერთი ძირითადი მიმართულება, რაზეც მაღალი დონის შეხვედრებზე გაამახვილეს ყურადღება, ვაჭრობა იყო. „ჩვენ გვინდა ვიხილოთ მეტი ქართული პროდუქცია სომხეთში და ამისთვის განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს კოლეგებთან. ვფიქრობთ, რომ მომდევნო პერიოდის განმავლობაში საქართველოდან ქართული პროდუქციის ექსპორტის მზარდ დინამიკას ვიხილავთ," - აღნიშნა მინისტრმა.
საქართველოს დელეგაციაში იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე.