ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ საკრებულომ მიიღო დადგენილება, რომლითაც მოსახლეობის იძულებით გამოსახლების უფლება აქვს - ოთარ გრიგოლია
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია გამოეხმაურა გუშინ თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე შენობის ფასადის ჩამონგრევის ფაქტს და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას ავარიული შენობებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს საკრებულომ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტს მოსახლეობის იძულებით გამოსახლების უფლება აქვს.
„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საკრებულომ მიიღო შესაბამისი დადგენილება, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის გამოსახლების უფლება გვაქვს. ეს არის ტყუილი. განვმარტავ საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილებას, ამ დადგენილების მიზანი შემდეგშია: თუ კონკრეტულ მისამართზე, სადაც საცხოვრებლის ჩანაცვლება ხდება, მუნიციპალიტეტი ვერ აშენებს სახლს, ააშენოს კორპუსი სხვა ლოკაციაზე, ამის შემდეგ კი მოსახლეობასთან ახალაშენებულ საცხოვრებელში გადასვლაზე მოლაპარაკება დაიწყოს. ამ დადგენილების არსი არის ის, რომ ჩვენ ვიღებთ ნებართვას, დავიწყოთ პროექტის განხილვა. სამწუხაროდ, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა დაიწყეს ისეთმა ადამიანებმა, რომლებმაც ეს დეტალები კარგად იციან. საკრებულოს დადგენილებას არ შეუძლია კონსტიტუციაზე მაღლა დადგეს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ სწორედ ის ოპოზიციონერები, რომლების დღეს ამ დადგენილებასთან დაკავშირებით ტყუილის ტირაჟირებას ახდენენ, ამ დადგენილების მიღებისას ბრიფინგებს აწყობდნენ, რომ მოქალაქეების კერძო საკუთრებას საფრთხე ემუქრება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის ყველაფერზე წამსვლელები არიან.
არის შემთხვევები, როდესაც მოსახლეობა უარს ამბობს საცხოვრებლის დატოვებაზე. მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლებამოსილება და რესურსი, რომ მოსახლეობა აიძულოს დატოვოს საკუთარი ბინები. ამავე დროს, მუნიციპალიტეტს აქვს ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც მესამე და უფრო მძიმე კატეგორიების შენობებში მცხოვრებთათვის ახალი ბინების აშენებას გულისხმობს. ეს ბინები გარემონტებული და სრულად აღჭურვილი იქნება“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
სხვა სიახლეები
15.07.2025.17:12
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში გარკვეული საკადრო ცვლილებები განხორციელდა.
უწყების ინფორმაციით, პირადი განცხადებების საფუძველზე, თანამდებობები დატოვეს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა და გასულ კვირას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსმა.
ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტს ალექსანდრე სოხაძე უხელმძღვანელებს, ხოლო ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) გენერალურ დირექტორად თორნიკე ყაზარაშვილი დაინიშნა.