ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან შემოსული საერთაშორისო ვიზიტები და შემოსავლები 13%-ზე მეტითაა გაზრდილი - ირაკლი ნადარეიშვილი
„ტურიზმის სექტორში მიმდინარე წელს რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება როგორც ვიზიტორების, ასევე ინდუსტრიაში გენერირებული შემოსავლების თვალსაზრისით. გეოგრაფიას თუ შევხედავთ, პრიორიტეტული ქვეყნები, რომლებშიც ევროკავშირი ნამდვილად გამორჩეულია, ამ ზრდაში წამყვან როლს თამაშობს - 2025 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში, წინა წელთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტების 13%-ზე მეტი ზრდა დაფიქსირდა, ეს შეეხება, რა თქმა უნდა, ამ მოგზაურების მიერ გენერირებულ შემოსავალსაც"- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, „სამინისტროს თანმიმდევრული პოლიტიკით, ერთი მხრივ, ტურიზმის ადმინისტრაცია ინტენსიურად მუშაობს სამიზნე ბაზრებზე ქვეყნის წარმოჩენის პოპულარიზაციის თვალსაზრისით. ამის ძალიან კარგი ილუსტრაციაა გერმანიასა და საფრანგეთში დაწყებული ახალი კამპანია, რომელიც ზამთრის მოსამზადებელი სეზონისთვის ტურისტების საქართველოში მოზიდვასა და ცნობადობის ამაღლებაზე მუშაობს, მათ შორის, სამთო-სათხილამურო მიმართულებით, მეორე მხრივ კი ესაა პირდაპირი დაკავშირებადობის და პირდაპირი ფრენების სტიმულირება - განვითარება," - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა. მისი თქმით, ათეულობით მიმართულება შემოემატა იმ პორტფელს, რომელიც თბილისი და საქართველოს სხვა საერთაშორისო აეროპორტები პირდაპირი ფრენებით ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებსა და მსხვილ ქალაქებს დაუკავშირდნენ.
საფრანგეთსა და გერმანიაში მიმდინარე მარკეტინგული კამპანიების ფარგლებში, პარიზის მეტროს სადგურებთან, 170 სხვადასხვა ლოკაციაზე, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს შესახებ ბანერები განთავსდა. პარალელურად, გერმანიის უმსხვილეს ქალაქებში — ბერლინში, ფრანკფურტში, მიუნხენსა და ჰამბურგში — მეტროს სადგურებში, მთავარ მოედნებსა და ცენტრალურ გამზირებზე გამოიფინა საქართველოს ზამთრის კურორტებისა და ტურისტული პროდუქტების სარეკლამო ბანერები.
დღის ტოპ 10 სიახლე
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა
11.12.2025.16:43
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა. თურქმენეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ყურადღება დაეთმო სატრანზიტო-ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და შუა დერეფნის მეშვეობით ცენტრალური აზიიდან საქართველოს საზღვაო პორტების მიმართულებით დამატებითი ტვირთების მოზიდვის პოტენციალს.
პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, საქართველომ ხელი შეუწყოს თურქმენული გაზის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირებას.
ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.
ირაკლი კობახიძემ სერდარ ბერდიმუჰამედოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.