VII მოწვევის საკრებულოს წევრობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო - ნათია მოდებაძე
„მქონდა პატივი, VII მოწვევის საკრებულოს წევრი ვყოფილიყავი, ამისთვის მადლობა პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებს და კახა კალაძის გუნდს, რომლის წევრიც დაფუძნების დღიდან ვარ“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ნათია მოდებაძემ.
„ძალიან დიდი მადლობა ჩემს რეკომენდატორებს პარტია ქართულ ოცნებაში, რომლებმაც მომცეს შესაძლებლობა საკრებულოს წევრი ვყოფილიყავი. მრავალი მიმართულებით მაქვს სამუშაო გამოცდილება და მომავალშიც გავაგრძელებ მუშაობას. საკრებულოს წევრობა ჩემთვის ყველაზე დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ ზურაბ აბაშიძეს და საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი ტყემალაძეს. ასევე მადლობა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეებს. ამ კომისიების მუშაობა გასული ოთხი წლის განმავლობაში აქტიური და ნაყოფიერი იყო, ჩემი მონაწილეობა კი გადაწყვეტილების მიღებაში - მნიშვნელოვანი და სასიხარულო, რადგან უამრავ ადამიანს შევუმსუბუქეთ ცხოვრება,“ - განაცხადა ნათია მოდებაძემ.
ნათია მოდებაძემ სიტყვით გამოსვლის დასასრულს საკრებულოს მომავალ წევრებს ქვეყნის საკეთილდღეოდ და პარტიის გაძლიერებისთვის მუშაობისათვის წარმატებები უსურვა.
სხვა სიახლეები
წიგნი შექმნილია მაღალი პასუხისმგებლობითა და ზუსტ ფაქტებზე დაყრდნობით, რათა გამოცემას ღირსეულად წარმოეჩინა თითოეული მოღვაწის მემკვიდრეობა - კახა ლაბუჩიძე
24.10.2025.17:35
„მახათას პანთეონში დაკრძალულ საზოგადო მოღვაწეთა პირველი საცნობარო წიგნი დაიბეჭდა“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე.
„თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივითა და მხარდაჭერით, მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის შესახებ პირველი წიგნი გამოიცა. წიგნი 2018-2023 წლებში მახათაზე დაკრძალულ საზოგადო მოღვაწეთა საცნობარო გამოცემას წარმოადგენს. პროექტი განხორციელდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამა „შემოქმედებითი თბილისის“ ფარგლებში და გამოყენებულია ფოტოები საოჯახო ფოტოარქივებიდან. წიგნი დაიბეჭდა გამომცემლობა „სეზანში“ და წარმოადგენს მნიშვნელოვანი შენაძენია ქართული კულტურული მემკვიდრეობისათვის“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
როგორც კახა ლაბუჩიძემ აღნიშნა, გამოცემის მიზანი იყო მახათას პანთეონის დაარსებიდან დღემდე დაკრძალული საზოგადო მოღვაწეების შესახებ მაქსიმალურად სრული და სტრუქტურირებული ინფორმაციის თავმოყრა. მისი თქმით, წიგნში წარმოდგენილია მოღვაწეთა ბიოგრაფიული მონაცემები, მათი გარდაცვალებისა და დაკრძალვის თარიღები, გამოსვენების ადგილები და არანაკლებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია - თუ ვინ იყო კონკრეტული მოღვაწის პანთეონში დაკრძალვის ინიციატორი.
„ჩვენი სურვილი იყო, შეგვექმნა მახათას პანთეონის შესახებ პირველი აკადემიური ტიპის გამოცემა, რომელიც ერთნაირად საჭირო და მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის, მათ შორის მკვლევრებისთვისაც . ეს გახლავთ საკმაოდ კარგი ინფორმაციული გზამკვლევი. ის შექმნილია მაღალი პასუხისმგებლობითა და ზუსტ ფაქტებზე დაყრდნობით. მასში შესულია საზოგადოების, ოჯახებისა და ექსპერტების შენიშვნები, რათა გამოცემას სრულად წარმოეჩინა თითოეული მოღვაწის მემკვიდრეობა“,- განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ, აღნიშნა, რომ გამოცემა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ისტორიული და ბიოგრაფიული კუთხით, არამედ როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც დაეხმარება მომავალ თაობებსა და მკვლევრებს, უკეთ გაიაზრონ იმ ადამიანთა ღვაწლი, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ქვეყნის განვითარებაში.