ვაზიანში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი მინიმუმ 18 მლნ მგზავრზე იქნება გათვლილი, წელს დავიწყებთ პარტნიორის შერჩევის პროცედურას, 2031 წელს შევძლებთ აეროპორტის გადატანას ვაზიანში - პრემიერი
თუ დღევანდელი მოქმედი აეროპორტი გათვლილია 4 მლნ მგზავრზე, ვაზიანში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი მინიმუმ 18 მლნ მგზავრზე იქნება გათვლილი, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურის თქმით, წელს დაიწყება პარტნიორის შერჩევის პროცედურა.
„აეროპორტების ნაწილშიც დაწყებული გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები. როგორც მოგეხსენებათ, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ვაზიანში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის თაობაზე. თუ დღევანდელი მოქმედი აეროპორტი გათვლილია 4 მლნ მგზავრზე, ახალი აეროპორტი მინიმუმ 18 მლნ მგზავრზე იქნება გათვლილი. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. წელს დავიწყებთ პარტნიორის შერჩევის პროცედურას და მომავალ წელს უკვე გვეყოლება პარტნიორი კომპანია. 2031 წელს უკვე შევძლებთ აეროპორტის გადატანას ვაზიანში. შესაბამისად, ეს პროექტიც ხელს შეუწყობს, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებას და ტურიზმის განვითარებას. ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ამ პროექტის დროული განხორციელება და დასრულება.
რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, დღეს, დაახლოებით, 2 მლნ მგზავრის გატარება შეუძლია ქუთაისის აეროპორტს და ჩვენი მიზანია, 5 მლნ-მდე ავწიოთ ეს მაჩვენებელი. ეს არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ხორციელდება, ინვესტიციაც არის უმსხვილესი, 350 მლნ ლარს მოიცავს. დავიწყეთ სრულია ახალი, 3.5 კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობა. 11-დან 17-მდე გაიზრდება ხომალდების სადგომების რაოდენობა ქუთაისის აეროპორტში. შევძლებთ უფრო დიდი ზომის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდების მიღებას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. უნიკალურია თავისი შინაარსით ეს პროექტი, რომელიც ხორციელდება. წელს დაიწყება ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე მუშაობა. სრულიად ახალი ტერმინალი დაემატება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს. რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი მთლიანად ქვეყნისთვის, მაგრამ კონკრეტულად იმერეთის რეგიონის განვითარებაზე ძალიან დადებითად აისახება ამ პროექტის განხორციელება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
27.06.2025.13:58
სოფლის მეურნეობის განვითარებაში გვაქვს მნიშვნელოვანი მიღწევები - აგრობიზნესის გამოშვება გაიზარდა გასულ წელს 1 მილიარდი ლარით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მოცულობამ შეადგინა 1,7 მილიარდი დოლარი, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
„რაც შეეხება სოფლის მეურნეობას და სოფლის განვითარებას, აქაც გვაქვს მნიშვნელოვანი მიღწევები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. აგრობიზნესის გამოშვება გაიზარდა გასულ წელს 1 მილიარდი ლარით. 2023 წლის მაჩვენებელი იყო 16,6 მილიარდი, გასული წლის მაჩვენებელი არის 17,6 მილიარდი. რაც შეეხება აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტს, ის ხორციელდება მსოფლიოს 107 ქვეყანაში. გეოგრაფიული დაფარვა და არეალიც მუდმივად ფართოვდება. მთლიანობაში, ექსპორტის მოცულობამ შეადგინა 1,7 მილიარდი დოლარი, რაც არის ასევე რეკორდული მაჩვენებელი. 2023 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი გაიზარდა 250 მლნ დოლარზე მეტით, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში 180 მლნ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც არის 11%-იანი მატება 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სოფლის მეურნეობის სფეროში გრძელდება სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება.
„ერთ-ერთი არის შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, სადაც გაიცა 889 მლნ ლარის 5218 სესხი 4578 ბენეფიციარზე. ეს პროექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სოფლის მეურნეობის განვითარებას. ასევე, მნიშვნელოვანია აგროდაზღვევის პროგრამა. აქ 6176 უნიკალურ ბენეფიციარზე გაიცა 10 849 პოლისი, გასული წლის განმავლობაში.
„დანერგე მომავალი", ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა. 395 უნიკალური ბენეფიციარი დაფინანსდა 43 მლნ ლარით, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა 20 მლნ ლარზე მეტი. მხარდაჭერამ მოიცვა 2400 ჰა-ზე მეტი მიწის ფართობი მთელი ქვეყნის მასშტაბით.
მაღალმთიან დასახლებებში გვაქვს სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა. ბიუჯეტი გასულ წელს შეადგენდა 9 მლნ ლარს. მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის პროგრამას დაეთმო 24 მლნ ლარი", - განაცხადა პრემიერმა.