უპირველეს ყოვლისა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამშობლო - კახა კალაძე
„ერთადერთი ხელისუფლება ვართ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია“, - განუცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად.
მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანაში მშვიდობა იყოს შენარჩუნებული.
„ერთადერთი ხელისუფლება ვართ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია. გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არის უამრავი მტერი და ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ საქართველო ჩართულიყო ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი, იყო ძალიან დიდი შემოტევები უცხოეთიდან, რომელიც დღესაც გრძელდება, მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის შანტაჟი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სიმშვიდე, მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და არავის მივცეთ შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავთმოთ სხვა დიდი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ. უპირველეს ყოვლისა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამშობლო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებას, დედაქალაქის მერის თქმით, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამ ტიპის განცხადებები კეთდება, რადგან ევროპულ ინტეგრაციას ყოველთვის იყენებენ შანტაჟის მექანიზმად.
„შანტაჟი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და გრძელდება. ჯერ იყო კანდიდატის სტატუსის მოცემა-არმოცემა, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნა. ევროპულ ინტეგრაციას ყოველთვის იყენებენ შანტაჟის მექანიზმად. წარმოუდგენელია ეს დამოკიდებულება. ჩვენ არავის ვერჩით, არავის ვესხმით თავს, უბრალოდ ვიცავთ საკუთარ ქვეყანას, მის ინტერესს და არ გვინდა, ვინმეს მივცეთ ჩვენი ქვეყნის გამოყენების შესაძლებლობა, ცუდ კონტექსტში, სათავისოდ. არავის მიეცემა შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყანა აშანტაჟოს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო. ევროპა და ევროპული ღირებულებები რატომ გვინდა? რა არის მისი მთავარი ფუნდამენტი? ეს არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, ბიზნესის ხელშეუხებლობა. გვახსოვს წლები, როდესაც ყველა ეს ღირებულება ფეხქვეშ იყო გათელილი, როდესაც ბიზნესს ატერორებდნენ, განსხვავებულ აზრს დევნიდნენ, ხალხს იჭერდნენ და ღამის საათებში ციხეებში ბიზნესებს აფორმებინებდნენ, ამ ყველაფერს კი ეს ევროპელი ბიუროკრატები წლების განმავლობაში „დემოკრატიის შუქურად“ მოიხსენიებდნენ. ასეთი „დემოკრატიის შუქურა“ თავისთვის დაიტოვონ. ჩვენ ვაშენებთ ძლიერ, დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს, სადაც, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესები იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
ცესკოს თავმჯდომარემ ეუთო/ოდირის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
13.11.2026.11:42
„ონლაინ საარჩევნო კამპანიის სივრცის დაცვა: რეგულირების მიღმა არსებული მიდგომები“ - იყო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრის განხილვის მთავარი თემა, რომელშიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და ამავე უწყების საერთაშორისო ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე იღებდნენ მონაწილეობას.
ღონისძიება ორ სამუშაო სესიას მოიცავდა. პირველი სესიის ფარგლებში მონაწილეებმა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და არჩევნების მთლიანობის დაცვის მიმართულებით სახელმწიფოების მზადყოფნასა და მედიაწიგნიერების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მეორე სესიაზე კი უშუალოდ შეფასდა ონლაინ საარჩევნო კამპანიის წარმოების პერიოდში, არსებული ქცევის კოდექსების გამოყენების გამოცდილება და მიღებული შედეგები.
სამუშაო შეხვედრამ ეუთოს წევრი ქვეყნების დელეგატებს, საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს, საარჩევნო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საშუალება მისცა ემსჯელათ ისეთ მნიშვნელოვან თემებსა და ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმაც შესაძლებელია რეგულირების ფარგლებს მიღმა, საარჩევნო კამპანიების წარმოების, ახალი საფრთხეების, დეზინფორმაციისა და მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებაზე ისაუბრა.
“საერთაშორისო სამუშაო შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ეუთოს წევრ ქვეყნებს ძირითადად აქვთ საერთო გამოწვევები, რომელიც, რა თქმა უნდა, უკავშირდება ციფრულ დეზინფორმაციას, მანიპულაციას და მისგან მიღებულ შედეგებს, ასევე დაგვანახა რომ ის მიდგომები, რომლებსაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით იყენებს, არის მეტნაკლებად ერთგვაროვანი, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა შესაძლებლობას იყენებს, რათა საზოგადოებამდე მიიტანოს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია, რაც ხელს უწყობს საარჩევნო გარემოს დაცვასა და ამომრჩევლებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას“, -განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარემ ასევე გამართა შეხვედრა ალექსანდრე მაისურაძესთან, რომელიც ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ასევე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელია. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ვიზიტის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. ასევე ისაუბრეს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში საარჩევნო ადმინისტრაციის ჩართვისა და მონაწილეობის შესაძლებლობებზე. აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ეკატერინე ზოდელავა და ცესკოს საერთაშორისო ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე.
სამუშაო შეხვედრა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში 10 ნოემბერს, გაიმართა. გიორგი კალანდარიშვილი და თამარ კაპანაძე აღნიშნულ ღონისძიებაში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მიწვევით იღებდნენ მონაწილეობას.