უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში, ფიქსირდება 70 პროცენტზე მაღალი შედეგი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ - ირაკლი კობახიძე
უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში, ფიქსირდება 70 პროცენტზე მაღალი შედეგი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო თითქმის 1,200,000-მა ამომრჩეველმა, რაც, პრინციპულად, თანხვედრაშია 2014 და 2017 წლების ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების აქტივობის მაჩვენებლებთან.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის სახელით, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც უკვე გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე. ამასთან, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამომრჩევლებს აქტიურობისკენ. თითოეული ამომრჩევლის ხმას შეაქვს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი ქვეყნის და თითოეული მუნიციპალიტეტის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებაში.
მოხარული ვართ, რომ არჩევნები ტარდება მშვიდ ვითარებაში. ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა, მშვიდად, ყოველგვარი სახის ზეწოლისგან და ზემოქმედებისგან თავისუფალ გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი.
გაცნობებთ, რომ ჩვენი საარჩევნო შტაბების მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იგებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში. მეტიც, ჩვენი საარჩევნო შტაბების მონაცემებით, უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში, ფიქსირდება 70 პროცენტზე მაღალი შედეგი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.
ხალხის ესოდენ მაღალ ნდობას ძალიან ვაფასებთ და კიდევ ერთხელ ვიძლევით პირობას, რომ ამ ნდობის გასამართლებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ“, - აღნიშნა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
04.10.2025.23:49
ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა.
როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საარჩევნო დღე წარმატებით დაასრულა.
„ახლა უკვე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში, ფართო მასშტაბით პირველად იქნა გამოყენებული საარჩევნო ელექტრონული აპარატები და არჩევნების მოდერნიზების ეს ეტაპიც შედგა.
მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ადმინისტრირების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური პროცესია, არჩევნებმა მშვიდ, გამართულ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა. ის ფაქტი, რომ პროცესი ფაქტიურად ხარვეზების გარეშე წარიმართა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დაგეგმვასა და ორგანიზებას მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს.
პროცესის წარმატებით წარმართვაში ადმინისტრაციასთან ერთად განსაკუთრებული წვლილი ამომრჩევლებმა შეიტანეს, რომლებმაც ტექნოლოგიების გამოყენებით, შეუფერხებლად, მარტივად გააკეთეს არჩევანი. მადლობას ვუხდი მათ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისა და აქტიურობისთვის, რაც ამ პროცესის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა და ღირებულებაა.
აქვე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კომპანია საერთაშორისო ვენდორ კომპანია „სმარტმატიკს“, რომელთან თანამშრომლობითაც წარმატებით გრძელდება არჩევნების მოდერნიზების პროცესი.
ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკულ კომპანია „Pro V&V”-ს, რომელმაც უკვე მეორედ, პროფესიულ დონეზე განახორციელა საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტი და არ დატოვა კითხვები არჩევნებში ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით.
მადლობას ვუხდი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტებს, მედიას, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესში. თქვენმა ჩართულობამ, დაკვირვებამ და აქტიურობამ ხელი შეუწყო მოქალაქეების ინფორმირებას, პროცესის გაშუქებასა და მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.
და, რა თქმა უნდა, არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საარჩევნო მოხელეებს, როგორც საუბნო ასევე საოლქო დონეზე, რომლებმაც შეძლეს კენჭისყრის პროცესის შეუფერხებლად წარმართვა. მათი თავდადება, მოთმინება, პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა იყო ის საიმედო საფუძველი, რომელზეც დაშენებულია დღევანდელი დღის წარმატება.
ყველა მონაწილე მხარის მიერ ერთობლივმა ძალისხმევამ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არჩევნები არა მხოლოდ ადმინისტრაციული პროცედურაა, არამედ პირველ რიგში არის საერთო საქმე.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება გვაძლევს საშუალებას, დღეს, კენჭისყრის დასრულებიდან საათსა და 25 წუთში გაგაცნოთ წინასწარი პირველადი შედეგები.
აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნებს საქმიანობა ჯერ არ დაუსრულებიათ, ვინაიდან აპარატების მიერ დათვლის გარდა, კომისიები ხელით დამატებით დაითვლიან შედეგებს, რის შემდგომაც შედგება შემაჯამებელი ოქმები. ახლა საარჩევნო უბნებზე სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, როგორც მოდერნიზებულ, ისე ტრადიციულ საარჩევნო უბნებზე, ისინი უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს, აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
როგორც მოგეხსენებათ, მუნიციპალიტეტის არჩევნები კომპლექსური პროცესია. ტრადიციული საარჩევნო უბნების შემთხვევაში გამოყენებული იყო სამი ბიულეტენი, ხოლო მოდერნიზებულ უბნებზე კი გამოყენებული იყო სამ სვეტად დაყოფილი ერთი ბიულეტენი. ტრადიციულ უბნებზე ხელით დათვლის შედეგები ასევე განთავსდება ვებგვერდზე“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.
მან მედიას წარუდგინა დედაქალაქის პროპორციული შედეგები, ასევე თბილისისა და დანარჩენი თვითმმართველი ქალაქების მერების არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები.
დედაქალაქის შემთხვევაში - 584 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 573 საარჩევნო უბნის შედეგი.
შედეგები კი ასე ნაწილდება:
1. „მამული, ენა, სარწმუნოება“ - 3020 (1.019 %)
3. „კონსერვატორები საქართველოსთვის“ - 12811 (4.321 %)
5. „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 1720 (0.58 %)
7. „თავისუფალი საქართველო“ - 2647 (0.893 %)
8. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 3151 (1.063 %)
9. „ძლიერი საქართველო-ლელო“ - 29807 (10.054 %)
11. „საქართველო“ - 943 (0.318 %)
12. „მწვანეთა პარტია“ - 1906(0.643 %)
14. „სახალხო ხელისუფლება“ - 761 (0.257 %)
25. „გახარია საქართველოსთვის“ - 9483 (3.199 %)
36. „გირჩი“ - 22230 (7.498 %)
41. „ქართული ოცნება“ - 207985 (70.155 %)