ტურიზმის სექტორის განვითარების კუთხით მთავრობის სწორი პოლიტიკა მეორე კვარტალში მიღებულ რეკორდულ შემოსავლებში აისახა - მარიამ ქვრივიშვილი
2025 წლის მეორე კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კუთხით მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, შემოსავლები 5.0%-ით გაიზარდა და მეორე კვარტლის რეკორდული მოცულობა - 1,145.0 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა.
„მეორე კვარტლის რეკორდული შემოსავლები ნიშნავს, ჩვენი პროგნოზი და მოლოდინი გამართლდა - ტურიზმის სექტორი წელსაც ინარჩუნებს ზრდის დინამიკას. ტურიზმი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი დარგია, ბოლო სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ განვითარების მიზნით სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა სწორი და წარმატებულია, მათ შორის ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციის და მარკეტინგული კამპანიების წარმოების კუთხით, რაც მთლიანად 2025 წლის იანვარ-ივნისში მიღებული შემოსავლების ზრდაში აისახა", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-ივნისში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 3.8%-ით გაიზარდა და რეკორდულ მოცულობას - თითქმის 2 მილიარდ აშშ. დოლარს (1,971.0 მლნ აშშ დოლარს) გაუტოლდა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილი აღნიშნავს, ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვანია მეტი პირდაპირი ავიარეისების არსებობა, რისთვისაც საქართველოს მთავრობამ დიდი სამუშაო გასწია და განსაკუთრებულ შედეგებსაც მიაღწია. დღესდღეობით პირდაპირი ფრენების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა - საქართველოს აეროპორტებიდან 70-ზე მეტი ავიაკომპანია ოპერირებს 110-ზე მეტი მიმართულებით.
„ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ ტურისტული და ავიაბაზრების დივერსიფიკაციის, მგზავთნაკადის ზრდის მიმართულებით. ამ კუთხით წარმოებული სწორი პოლიტიკა და მაღალმსყიდველიანი ტურისტების მოზიდვის მიზნით ჩატარებული სამუშაოები რეკორდულ სტატისტიკურ მონაცემებში აისახება. აღსანიშნავია, რომ გასულ 2024 წელს საქართველოში რეკორდული ოდენობის ტურისტული ვიზიტი განხორციელდა და ისტორიული მაქსიმუმი - 5.1 მილიონი ვიზიტი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ რეკორდული ზრდის ტენდენცია წელსაც გრძელდება, ეს ნიშნავს, რომ მთავრობის სწორი პოლიტიკა გრძელვადიან პერსპექტივაში მუშაობს. ჩვენი პროგნოზი და მოლოდინია, ტურიზმის სექტორში ზრდის დინამიკა მომავალშიც გაგრძელდება", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
რაც შეეხება იმ ქვეყნებს, საიდანაც წელს მეორე კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა - ევროკავშირი პირველ პოზიციაზეა, მიღებული შემოსავლების ზრდამ 35.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ასევე მაღალი ზრდაა დიდი ბრიტანეთიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან, საუდის არაბეთიდან და სომხეთიდან.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
21.07.2025.21:07
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან, ასევე ტრანსპორტის მინისტრ ნურლან საურანბაევთან და ენერგეტიკის მინისტრ ერლან აკენჟენოვთან. შეხვედრებზე საუბარი წარიმართა ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მთავარ ასპექტებზე, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მნიშვნელოვან რეგიონულ პროექტებზე.
„ყაზახეთის რესპუბლიკაში ნაყოფიერი ვიზიტი შედგა, რომლის ფარგლებში ჩვენ შევეხეთ ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა ლოგისტიკა, ტრანსპორტი, მათ შორის ავიაცია, ტურიზმი, ინვესტიციების ზრდა და რაღა თქმა უნდა, თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორში, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. დავსახეთ საერთო გეგმები, განსაკუთრებით ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობს დაკავშირებადობის ზრდას და ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გარდა ასევე რეგიონული სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ საკითხთა ვრცელი სპექტრი განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსკასპიური სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტების მნიშვნელობაზე, მათ შორის „შუა დერეფნის" მარშრუტის შემდგომი განვითარების და ამ პროცესში თანამშრომლობის საკითხებზე.
„ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორიცაა მაგისტრალური გზების მშენებლობა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, ასევე თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის დაგეგმილი მშენებლობა. ორივე მხარე შევთანხმდით, რომ განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით იმისთვის, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაიზარდოს", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან, ყაზახეთის მთავრობის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრებისას ორივე მხრიდან ხაზი გაესვა, რომ წლების განმავლობაში საქართველო და ყაზახეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან - ყაზახეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულშია. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობის არსებული ჩარჩოები კიდევ უფრო გაფართოვდეს და სხვადასხვა სექტორული მიმართულებები მოიცვას, მათ შორის ტრანსპორტისა და ენერგეტიკის დარგები. კერძოდ, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებს ევროპასა და აზიას შორის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მიმართულებით. როგორც ორივე მხრიდან აღინიშნა, ამ სექტორებში საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობის კიდევ დიდი რესურსი არსებობს.