წინანდალის ფორუმი საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის იყო, როგორც დავოსის ფორუმი კასპიისა და კავკასიის რეგიონისთვის - ომერ ბოლატი
„წინანდალში სამმხრივი ფორუმი საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის იყო, როგორც დავოსის ფორუმი კასპიისა და კავკასიის რეგიონისთვის. ძალიან მიხარია, რომ ფორუმში სამი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის - საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ბიზნესსექტორის მხრიდან ასეთი დიდი და ძლიერი წარმომადგენლობაა. ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნები ერთმანეთისთვის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან. თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია," - განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრმა ომერ ბოლატმა, რომელმაც ქართველ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად საქართველო - აზერბაიჯანი - თურქეთის ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა.
როგორც თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა, თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. "ჩვენი ქვეყნების ლიდერების მითითებით, ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრების მიზანია, ეს მაჩვენებელი 5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდოს,"- აღნიშნა ომერ ბოლატმა.
თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ინვესტიციების მიმართულებით. ომერ ბოლატის თქმით, საქართველოში ბევრი თურქი ინვესტორია. "თურქეთიდან განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა საქართველოში 2,2 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა და ისეთ სექტორებს მოიცავს, როგორიცაა ენერგეტიკა, ავიაცია, ტრანსპორტი და სხვა. თურქი ინვესტორები მოხარულნი არიან, რომ საქართველოში იმყოფებიან და თავიანთი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ჩვენ ასევე ველოდებით ქართულ ინვესტიციებს თურქეთში," - აღნიშნა ომერ ბოლატმა.
მისი განცხადებით, თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი კავკასიის რეგიონის მთავარი მოთამაშეები არიან საერთაშორისო ვაჭრობის, ტრანსპორტირებისა და ენერგეტიკის სფეროებში.„შესაბამისად, ეს სამი ქვეყანა კიდევ უფრო გააძლიერებს მჭიდრო ეკონომიკურ ინტეგრაციას, ხოლო მსგავსი ბიზნესფორუმები ამ მიზნის მიღწევას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს," - აღნიშნა თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროსთან აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
16.04.2026.15:15
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობებს. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ეკონომიკური განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. ხაზგასმით აღინიშნა მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობისა და დიალოგის მნიშვნელობა, განსაკუთრებით მსოფლიოში უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების გათვალისწინებით.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გაეროს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ყურადღება გამახვილდა „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რომელსაც გაერო-ს გენერალური ასამბლეა ყოველწლიურად იღებს.
მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე და გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.