მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7028
0.0053
flag
AZN 1.6173
-0.0001
flag
CNY 37.601
-0.0077
flag
EUR 3.1614
0.0365
flag
GBP 3.677
0.0381
flag
KZT 53.02
0.0045
flag
TRY 0.0719
-0.0002
flag
USD 2.75
-0.0003

ცენტრალური საარჩევნო კომისია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილით მიმართავს

news image

ცენტრალური საარჩევნო კომისია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილით მიმართავს.

„ქალბატონებო და ბატონებო,

ამ წერილის დაწერა მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან 5 თვის თავზე კვლავ არ წყდება ამ არჩევნების და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კამპანია. ბოლო წვეთი კი ამ მიმართულებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში იმ დადგენილების საკითხის წამოჭრა იყო, რომელიც აბსოლუტურად ტექნიკური ხასიათისაა და საარჩევნო ადმინისტრაციამ ამ გადაწყვეტილებით მხოლოდ დააზუსტა კანონის ჩანაწერი, რომელიც უკვე წლებია არსებობს საარჩევნო კოდექსში. 

ჩვენ გავეცანით თქვენს პოზიციას დადგენილებასთან დაკავშირებით და გვსურს აღვნიშნოთ, რომ იმ ფონზე, როცა ამ დადგენილებასთან მიმართებაში, არაერთგზის იქნა ჩვენი საჯარო პოზიცია და განმარტება ცხადად დაფიქსირებული, გვქონდა მოლოდინი, რომ სანამ ჩვენ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას მიიღებდით, დაინტერესდებოდით ჩვენი პოზიციითაც, თუმცა დოკუმენტში ასახული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას. 

ამიტომ, გვინდა საკითხთან დაკავშირებით წარმოგიდგინოთ ჩვენი პოზიცია. შესაბამისად, გაცნობებთ, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსი კრძალავდა და კრძალავს ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დამუშავებას და/ან გამჟღავნებას.

აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 2017 წელს ჩატარებულ არჩევნებთან მიმართებით ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში აისახა რეკომენდაცია, დამკვირვებელთა ხმის მიცემის პროცესის ყველა ასპექტზე დაკვირვების უფლების შეზღუდვის გარეშე, კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების მოპოვების და შემდგომი დამუშავების აკრძალვის მიზნით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ. 

აღნიშნულის შემდგომ, 2018 წელს კანონმდებლობაში განხორციელდა ცვლილებები და კენჭისყრის დღეს აიკრძალა ისეთი ინფორმაციის ან მონაცემების ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება, რომელიც არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას. თავის მხრივ, ზემოაღნიშნული ცვლილების შესახებ ეუთო/ოდირის მიერ შესაბამისი აღნიშვნა გაკეთდა 2018 წელს. 

შესაბამისად, პერსონალური მონაცემების არასათანადო დამუშავების აკრძალვის შესახებ დიდი ხანია ცნობილია ჩართული მხარეებისთვის, ამასვე ადასტურებს, ის რომ კანონის თანახმად არსებობს ამომრჩევლის სიების ორი ვერსია:

ერთი, სიის საჯარო ვერსია, რომელიც გაიცემა ყველა დაინტერესებულ უფლებამოსილ მხარეზე და მეორე, საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ვერსია - ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული სიები ამომრჩეველთა ყველა პერსონალური მონაცემების ჩათვლით. ეს უკანასკნელი ვერსია არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და შესაბამისად, მისი გადაღება ან სხვაგვარი დამუშავება კანონით აქამდეც აკრძალული იყო.

ეუთო/ოდირის 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო ანგარიში, გვ. 24:  
2საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-8 მუხლის 25-ე პუნქტი.
3ეუთო/ოდირის 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო ანგარიში, გვ. 6: 

დამკვირვებელთა უფლებებიც სრულადაა გაწერილი საქართველოს საარჩევნო კოდექსის 41-ე მუხლით და არცერთი აღნიშნული უფლება ცესკოს დადგენილებით არ შეუზღუდავს და ვერც შეზღუდავდა. 

ზემოხსენებული დადგენილებით ცესკომ მხოლოდ დააზუსტა კენჭისყრის პროცედურები ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით. ამის საჭიროება კი განპირობებული იყო გასულ არჩევნებზე დაფიქსირებული არაერთი ინციდენტით, როცა ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ ირღვეოდა კანონი საარჩევნო პროცედურებზე დაკვირვების, ფოტოვიდეოგადაღებისა და ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით. 

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ფოტოვიდეოგადაღების მიმართულებით რეკომენდაცია ეუთო/ოდირის დასკვნაშიც იყო გაცემული, ამდენად აღნიშნული დადგენილებით სწორედ ეს რეკომენდაცია შესრულდა. 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ალბათ გასაგები უნდა იყოს თუ რატომ დასრულდა ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო დავა ყველა ინსტანციაში საარჩევნო ადმინისტრაციის სასარგებლოდ. მომჩივან პოლიტიკურ სუბიექტსა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას საკუთარი პოზიციის დასაცავად არც ერთი არგუმენტი არ წარმოუდგენიათ და ვერც წარმოადგენდნენ, რადგან ასეთი არგუმენტები რეალურად არ არსებობს. შესაბამისად, იმთავითვე ნათელი იყო, რომ მათი სარჩელის მიზანი არა საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე“ ზრუნვა, არამედ ქვეყნის შიგნით და გარეთ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის და ზოგადად საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია იყო. სამწუხაროდ, მათ საკუთარ მიზანს ნაწილობრივ მიაღწიეს კიდეც, ვინაიდან მათი ე.წ არგუმენტების გაზიარება და გადაუმოწმებლად გავრცელება ზოგიერთი საერთაშორისო პარტნიორის თუ პოლიტიკოსის დღის წესრიგად იქცა.

ხსენებული დადგენილების კრიტიკოსები, ადამიანები, ვინც თქვენ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მოგაწოდათ მიზანმიმართულად ცდილობენ რეალობის დამახინჯებულად ინტერპრეტაციას. სხვაგვარად, რთულია აიხსნას ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის, დამკვირვებელთა მიერ რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვების შეზღუდვად გასაღების ეს მცდელობა. 

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ აღნიშნულ დადგენილებას დაინტერესებული პირები იმ მოსაზრების დამკვიდრებისთვის იყენებენ, თითქოს საქართველოში არჩევნების ადმინისტრირება სათანადო სტანდარტით არ ხდება და წინასწარ ქმნიან ნეგატიურ განწყობას 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების მიმართ. სინამდვილეში, პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ კარგად იცის, რომ როგორც დადგენილებასთან, ისე 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული ბრალდებები უსაფუძვლოა. 

ეუთო/ოდირის 2024 წლის 26 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ანგარიში, გვ. 30: ,,სასურველია, გატარდეს ეფექტური ზომები რათა მოქალაქეებმა კენჭისყრის დღეს ხმის მიცემა შეძლონ დაშინებისა და ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში, ხოლო პასუხისმგებელმა უწყებებმა, საჭიროა, გამოავლინონ მსგავსი პრაქტიკები და მყისიერად მოახდინონ რეაგირება დაფიქსირებულ შემთხვევებზე“. 

გვინდა შეგახსენოთ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, „სავარაუდო გაყალბებასთან“ დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაციამ საკუთარი ინიციატივით მიმართა საქართველოს პროკურატურას და მოითხოვა გამოძიების დაწყება გავრცელებული ბრალდებების ობიექტურად შესაფასებლად. პროკურატურის შუალედური განცხადებით, რომელიც არაერთ საგამოძიებო ექსპერიმენტს თუ ჩვენებას ეფუძნებოდა, ცნობილი გახდა, რომ არავის, მათ შორის არც ერთ პოლიტიკურ აქტორს და სადამკვირვებლო ორგანიზაციას, არ წარუდგენია გახმოვანებული ბრალდებების რაიმე კონკრეტული მტკიცებულებები. შესაბამისად, ახლა უკვე ყველასთვის ცხადია, რომ ოპონენტების მიზანი სხვადასხვა ტიპის ცრუ ბრალდებებით საარჩევნო ადმინისტრაციის და ზოგადად საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის შემცირებაა. ნდობის შელახვის ამ ტაქტიკას კი შეიძლება გრძელვადიანი შედეგები ჰქონდეს, რადგან ის აღძრავს ამომრჩევლებს შორის უნდობლობას და ეჭვს, რაც აზიანებს საარჩევნო პროცესის მთლიანობას და ასუსტებს ინსტიტუციის რეპუტაციას და მისდამი ნდობას.

რეალობა ერთია - საარჩევნო ადმინისტრაციამ 26 ოქტომბრის არჩევნების ადმინისტრირება განახორციელა მაღალ პროფესიულ დონეზე და კანონმდებლობის სრული დაცვით, რაც, როგორც მინიმუმ, დადასტურებულია ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებითაც.

26 ოქტომბრის არჩევნებს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის დამკვირვებელი ადევნებდა თვალს (110 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 23 342 დამკვირვებელი, 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 712 დამკვირვებელი, 176 მედიასაშუალების 2 827 წარმომადგენელი) და არჩევნების დღეს არ დაწერილა საჩივრები, რომლებსაც შეეძლოთ არსებითი გავლენა მოეხდინათ არჩევნების პროცესზე. ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიების 53 000-ზე მეტი წევრიდან, ნახევარზე მეტი პოლიტიკური პარტიების მიერ იყო დანიშნული, თითოეული კომისიის 17 წევრიდან 8 ე.წ. ოპოზიციური პარტიების კვოტით იყო დანიშნული და არჩევნების დღეს შედგენილ შემაჯამებელ ოქმებში განსხვავებული აზრი მათგან მხოლოდ ცხრამ დააფიქსირა.

უფრო მეტიც, პოლიტიკურმა აქტორებმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ, იზეიმეს კიდეც არჩევნებზე მათ მიერ მიღწეული შედეგი, თუმცა როცა დათვლის პროცესი დაიწყო და რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა, სტრატეგია შეცვალეს. მაგალითად, საარჩევნო სუბიექტმა „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, რომელიც ხმების დათვლას ალტერნატიულ რეჟიმში საკუთარ ვებგვერდზე აწარმოებდა, მას შემდეგ რაც დაინახა, რომ მისი შედეგი საარჩევნო ადმინისტრაციისას ემთხვეოდა, მიუწვდომელი გახადა ვებგვერდი. ხოლო ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები“ უარი თქვა PVT-ის გამოქვეყნებაზე, როცა მისი და საარჩევნო ადმინისტრაციის შედეგები ერთმანეთს დაემთხვა. აღნიშნულის შესახებ საჯაროდ განაცხადეს კიდეც და საბოლოო ჯამში თავიანთი ქმედებით ხელი შეუწყოს ქვეყანაში არსებული პოლარიზებული გარემოს გამწვავებას. საგულისხმოა, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა „სამართლიანი არჩევნები“ მის მიერვე განხორციელებული PVT-ის შედეგებით მანიპულირებს. საზოგადოებას ახსოვს 2020 წლის პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებული შემთხვევა, როცა ორგანიზაციამ არასწორი შედეგი გამოაქვეყნა, რითაც ქვეყანაში პოლარიზაციას შეუწყო ხელი. მაგრამ ახლა დავუბრუნდეთ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს.

საკითხი, რომელიც ამ არჩევნების დისკრედიტაციის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია არჩევნებიდან მხოლოდ 3 დღის შემდეგ გახდა აქტუალური. სწორედ ამ დროიდან დაიწყო დაინტერესებული მხარეებისგან პედალირება იმაზე, რომ ბიულეტენის ფურცელზე მარკერი ჟონავდა და ეს ნიშნავდა იმას, რომ ფარულობა დაირღვა. ეს მაშინ, როცა კენჭისყრის და შემდგომი 2 დღის განმავლობაში ამ საკითხთან მიმართებაში საოლქო საარჩევნო კომისიებში წარმოდგენილი იყო სულ 5 საჩივარი, რაც ცალსახად ადასტურებს, რომ მარკერის სითხის გაჟონვა, მით უფრო ჩარჩო-კონვერტის პირობებში, არ იყო პრობლემა და ამიტომ არც ყოფილა აღქმული როგორც პრობლემა. უბრალოდ, როცა სხვა ხელშესახები ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს, დაინტერესებულმა მხარეებმა გადაწყვიტეს ამ საკითხით დასხმოდნენ თავს საარჩევნო ადმინისტრაციას, რაც ერთ-ერთმა მათგანმა ღიად განაცხადა კიდეც სატელევიზიო ეთერში.

ჩვენ თვალყურს ვადევნებთ იმ ქვეყნების პრაქტიკას, სადაც საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიებია დანერგილი და როგორც ჩვენთვის, ისე თქვენთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ განსხვავებით საქართველოსგან, ბევრი ქვეყანა ამ პროცესში კონვერტს საერთოდ არ იყენებს და ამომრჩევლის არჩევანი ხილვადია. თუმცა რატომღაც მათ შემთხვევაში ეს საკითხი პრობლემური არ არის, ჩვენ შემთხვევაში კი ჩარჩო კონვერტში ჩასმული, ამობრუნებული ბიულეტენი, სადაც არ აღიქმება თუნდაც გამოჟონილი მარკერის კვალი რომელი საარჩევნო სუბიექტის გასწვრივაა, ფარულობის დარღვევის მტკიცებულებაა. ასეთი ორმაგი სტანდარტით საკითხისადმი მიდგომა კი რბილად რომ ვთქვათ გაუგებარია. თუ დავუბრუნდებით 26 ოქტომბრის არჩევნების ეუთო/ოდირის ანგარიშს და მას სხვა ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ ზოგ შემთხვევაში სხვა ქვეყნების მიმართ ბევრად მწვავე შენიშვნებია, თუმცა მათ შემთხვევაში არავინ საუბრობს არჩევნების გაყალბებაზე. და მაშინ ლოგიკურად ისმის რიტორიკული კითხვა - რატომ?

იდეალური არჩევნები არ არსებობს, არსად არც ერთ ქვეყანაში. ყოველთვის არსებობს რესურსი პროცესის კიდევ უფრო დახვეწის. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაც არჩევნებიდან არჩევნებამდე ცდილობს სულ უფრო სრულყოფილი გახადოს პროცესი. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე გასულ წელს ჩვენ განვახორციელეთ მასშტაბური სამუშაო და ქვეყანაში წარმატებით დავნერგეთ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები. თუმცა სამწუხაროდ ამჟამად სახეზეა მთელი ამ პროცესის გაუფასურების მცდელობა და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა მათთვის სასურველი შედეგი ვერ მიიღეს. 

სინამდვილეში, უდიდესი გამოწვევების მიუხედავად საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ უმაღლეს დონეზე შეძლო მასშტაბური საარჩევნო რეფორმის იმპლემენტაცია და ეს დადასტურებულია ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტით, რომელიც საარჩევნო ტექნოლოგიების ტესტირების ლაბორატორია „Pro V&V“-მ ჩაატარა. აღნიშნულ კომპანიას ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და იმ ორი კომპანიიდან ერთ-ერთია, რომელსაც გააჩნია ამერიკაში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია. ამასთან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე საარჩევნო ადმინისტრაციამ გამოიყენა დამატებითი მექანიზმები მოდერნიზებული საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და სანდოობის ხელშეწყობისთვის. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ე.წ. „ქაღალდის კვალის“ არსებობა, რომელიც პირდაპირ პასუხობდა ევროპულ სტანდარტებს და იძლეოდა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის პროცესის ყველა ეტაპის გადამოწმების/მონიტორინგის საშუალებას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფდა კენჭისყრის პროცედურებთან მიმართებით მანიპულაციების პრევენციის დამატებით გარანტიებს. შესაძლო მანიპულაციების თავიდან აცილების და კიბერჩარევების გამორიცხვის მიზნით ჩვენ შევქმენით უსაფრთხო და დაცული, უინტერნეტო ელექტრონული არჩევნების მოდელი. 

და თუ ვინმეს გულწრფელად აინტერესებს სიმართლე საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებზე, ან საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებულ ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე, ჩვენ მზად ვართ არგუმენტებით ვუპასუხოთ ნებისმიერ კითხვას. 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას ყოველთვის მჭიდრო კავშირი ჰქონდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებთან და ჩვენ კვლავ ვრჩებით ღია თანამშრომლობისთვის. სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ თქვენთვის აღნიშნული წერილით მომართვა და რეალური ფაქტების შეხსენება, რათა ჩვენთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობისას დაეყრდნოთ გადამოწმებულ ფაქტებს და არა აღქმებს, რომლის დათესვასაც ასე ძლიერ ცდილობენ დაინტერესებული მხარეები. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი დაეკარგება თანამშრომლობის წარმატებულ პრაქტიკას, რომელიც ჩვენს ინსტიტუციებს შორის წლების განმავლობაში არსებობს.

მოგმართავთ თხოვნით დაინტერესებული მხარეების მიერ თქვენთვის მოწოდებული ინფორმაცია გადაამოწმეთ შესაბამის უწყებასთან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან და მიიღეთ რეალური ინფორმაცია პირველწყაროსგან. ნუ შეხედავთ პროცესს ზედაპირულად, ვინაიდან თქვენი ნებისმიერი საჯარო მოსაზრება/შეფასება საქართველოში არსებულ პოლარიზებულ გარემოზე გარკვეულ გავლენას ახდენს.

ჩვენის მხრივ გამოვთქვამთ სრულ მზაობას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, განვიხილოთ და შესაძლებლობის ფარგლებში გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია, რომელიც გამოითქვა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად. სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ ახლა სწორედ მსგავსი პროცესის ინიციირების და ჩართულ მხარეებს შორის მშვიდ გარემოში მსჯელობის დროა და არა პროცესში კიდევ უფრო მეტი სიმძაფრის შემოტანის მცდელობის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image მადლობა ეუთოს გენერალურ მდივანს ამ რანგში საქართველოში ვიზიტისთვის მისი ვიზიტი მნიშვნელოვანი გზავნილი და ნაბიჯია - მაკა ბოჭორიშვილი

22 , 2025

გენერალურო მდივანო, თქვენი ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი გზავნილი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საქართველო არის ეუთოს ის მონაწილე ქვეყანა, რომლისთვისაც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობისთვის ზრუნვა ყველაზე რელევანტური და მნიშვნელოვანია, -განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს გენერალურ მდივანთან ერთობლივ ბრიფინგზე. 

„მადლობა მას ამ რანგში საქართველოში ვიზიტისთვის. მიმდინარე წელს ჩვენ უკვე რამდენჯერმე შევხვდით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ეუთოს და ასევე გენერალური მდივნის მხრიდან აქტიური თანამშრომლობის მზაობას უსვამს ხაზს, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი მას“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ ეწვია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა