თბილისის მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების განხორციელების დელეგირება უამრავი საკითხის გადაჭრაში დაგვეხმარება - შალვა ოგბაიძე
„თბილისის მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების განხორციელების დელეგირება, რაც დღეს საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა, ჩვენ უამრავი საკითხის გადაჭრაში დაგვეხმარება“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს სატრანსპორტოს საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძემ საკრებულოს სხდომაზე.
დეპუტატმა განმარტა, რომ ამ საკითხის მიღებით თბილისის მუნიციპალიტეტს გადაეცემა როგორც საჯარო სკოლების მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების, ასევე მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გარკვეული კატეგორიის მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის უფლებამოსილება.
„თბილისის მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების განხორციელების დელეგირების საკითხი უმნიშვნელოვანესია და ამის ერთ-ერთი ნათელი დასტური ამჟამად 118-ე და 59-ე სკოლების ეზოების კეთილმოწყობის მიმდინარე სამუშაოებია.
ასევე, დელეგირების უფლების კიდევ ერთწლიანი გაგრძელება 59-ე და 69-ე სკოლებში 209-ე სკოლის მოსწავლეების ავტობუსით გადაყვანის საკითხს და კიდევ ბევრ პრობლემას გადაგვიწყვეტს“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ სხდომაზე.
სხვა სიახლეები
თბილისის საკრებულოს წევრებმა თურქეთის ორჰანღაზის მუნიციპალიტეტის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაციის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს
07.11.2025.17:42
თბილისის საკრებულოს წევრებმა თურქეთის ორჰანღაზის მუნიციპალიტეტის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაციის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს. ონლაინ შეხვედრა, ორი ქვეყნის კულტურულ და საგანმანათლებლო თანამშრომლობას ეხებოდა.
საკრებულოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ბექა დავითულიანი და თინათინ ნიბლოშვილი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და საკრებულოს წევრი გურამ ნიკოლაშვილი.
თურქეთის მხრიდან კი შეხვედრას ესწრებოდნენ თურქეთის ორჰანღაზის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაციის პრეზიდენტი ირფან შაჰინი ბერიძე, თურქეთის ორჰანღაზის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაციის დამფუძნებელი ადემ თურანი შავაძე, ასევე ასოციაციის პიარ მენეჯერი მანანა გაბრიჭიძე.
შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და თურქეთის, განსაკუთრებით კი ქალაქ ბურსასა და ორჰანღაზის ქართველობას და თბილისს შორის სამომავლო თანამშრომლობა — საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების განხორციელება, ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა და საერთო კულტურული ინიციატივების მხარდაჭერა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თურქეთში მრავალი ქართველი ცხოვრობს, რომლებიც თავიანთი საქმიანობით აქტიურად იცავენ ეროვნულ იდენტობას, ასეთი შეხვედრები კი მნიშვნელოვნად ეხმარება მომავალ თაობებს, რომ არ დაკარგონ ენა, ტრადიციები და კულტურული ფესვები.
თურქეთის ორჰანღაზის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაცია 1995 წლის აპრილში დაარსდა. ორგანიზაციის მთავარი მიზანია თურქეთის ქართულ დიასპორასა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება, ქართული კულტურის, ცეკვის, მუსიკისა და ენის პოპულარიზაცია დიასპორის ახალ თაობებში.