თბილისის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ დიდია, მაგრამ ამაზე გაჩერებას ჩვენ არ ვაპირებთ - ზურაბ აბაშიძე
„თბილისის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ დიდია და ეს არის იმის გარანტი, რომ ის დაპირებები, რომელიც ჩვენ წინასაარჩევნოდ დედაქალაქის მერთან ერთად გავეცით, ზედმიწევნით შესრულდეს“- ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე გააკეთა, სადაც დედაქალაქის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. ზურაბ აბაშიძის თქმით, თბილისის მთავარი საფინანსო დოკუმენტის მოცულობა კიდევ 296 420 100 ლარით იზრდება და ჯამში 2 506 978,3 ათას ლარით განისაზღვრება.
როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, წლის განმავლობაში ბიუჯეტი კიდევ გაიზრდება და შედეგად, დედაქალაქის ინტერესებს მორგებული არაერთი პროექტი განხორციელდება.
„თბილისის ბიუჯეტი უკვე 2 მილიარდ 500 მილიონს გადასცდა. ეს მაჩვენებელი უპრეცედენტოდ დიდია, მაგრამ ამაზე გაჩერებას ჩვენ არ ვაპირებთ. დარწმუნებული ვარ, რომ წლის განმავლობაში ბიუჯეტი კიდევ გაიზრდება, რაც საშუალებას მოგვცემს ქალაქისთვის და მისი მოსახლეობისთვის სასიკეთო პროექტები განვახორციელოთ“- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.
სხვა სიახლეები
უწმინდესს ილია II-ს უდიდესი დამსახურება მიუძღვის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებისა და განმტკიცების საქმეში - ილჰამ ალიევი
18.03.2026.13:12
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
„პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ჩვენი დროის გამოჩენილი რელიგიური მოღვაწის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი.
უწმინდესმა ილია II-მ მთელი თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა საკუთარ ხალხსა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ მიმართულ კეთილშობილურ მიზნებს მიუძღვნა. კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობის, ადამიანებს შორის სოლიდარობის, რელიგიათაშორისი ურთიერთგაგებისა და დიალოგის დამკვიდრების საქმეში გაწეული ძალისხმევით, ილია II-მ, ეროვნული და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, მილიონობით ადამიანის გულში დაიმკვიდრა ადგილი და მოიპოვა ღრმა პატივისცემა და სიმპათია.
უწმინდესს ილია II-ს უდიდესი დამსახურება მიუძღვის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებისა და განმტკიცების საქმეში.
ვიზიარებ ამ მძიმე დანაკლისით გამოწვეულ მწუხარებას და პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით ღრმა სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, სრულიად საქართველოს მოსახლეობასა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.