თბილისი იყო და რჩება საქართველოს ისტორიული მისიის სიმბოლოდ - კახა კალაძე
მე, როგორც პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი და ამავდროულად დედაქალაქის მოქმედი მერი, კარგად ვაცნობიერებ იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა დამაკისრა, - ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც „ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა აღნიშნა, დედაქალაქის განვითარებას თან ახლავს მრავალი სირთულე, გამოწვევა, რომელთა დაძლევა მუდმივ ძალისხმევას და შრომას საჭიროებს.
„ემსახურო თბილისს, ნიშნავს ემსახურო ქალაქს, რომელიც ქართული კულტურის, მისი ისტორიის, რელიგიის ცენტრია. თბილისი ქართული იდენტობის სარკეა - აქ ყალიბდებოდა და ყალიბდება ის იდეები და ფასეულობები, რომლებიც განსაზღვრავს, თუ ვინ ვართ ჩვენ, ქართველები.
თბილისი იყო და რჩება საქართველოს ისტორიული მისიის სიმბოლოდ. ამასთან ერთად, სწორედ ამ მისიიდან გამომდინარე, თბილისის განვითარებას ყოველთვის თან ახლდა და ახლავს მრავალი სირთულე, წინაღობა და გამოწვევა, რომელთა დაძლევა მუდმივ ძალისხმევას და შრომას საჭიროებს.
8 წლის წინ, როდესაც დედაქალაქის მართვაზე პასუხისმგებლობის ასაღებად ვემზადებოდი, ჩემს გუნდთან ერთად მქონდა არა მხოლოდ ამბიციური მიზნები თბილისის გარდასაქმნელად და ასაღორძინებლად, არამედ კვლევაზე დაფუძნებული კონკრეტული გეგმა და ხედვაც ამ მისიის შესასრულებლად. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ პრობლემები და გამოწვევები იმაზე ბევრად მეტი აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან ველოდით. არ არსებობდა სატრანსპორტო თუ ურბანული დაგეგმვის დოკუმენტი. ქაოტური განვითარებით გამოწვეული პრობლემები უდიდეს საფრთხეს უქმნიდა თბილისს. უმძიმეს მდგომარეობაში იყო ქალაქის ინფრასტრუქტურა, აღსადგენი იყო პარკები და სკვერები, სპორტული მოედნები. აღარ ჩამოვთვლი ყველა იმ პრობლემას, რომელიც 8 წლის წინანდელ სინამდვილეს ასახავდა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ დედაქალაქის პრობლემების მოგვარებისა და მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაციის მიმართულებით მაჟორიტარების როლზე ისაუბრა და მათ მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის.
„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც პირველივე დღეებიდან დავიწყეთ, ეს იყო საუბარი მოსახლეობასთან, ყოველდღიური შეხვედრები თბილისის ყველა რაიონში, ყველა უბანში მცხოვრებ ადამიანთან, მათი პრობლემების გაცნობა. გაცნობა ყველა იმ გამოწვევის, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ეხებოდა.
ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი მიუძღვით თბილისის საკრებულოს მაჟორიტარებს. სწორედ ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც თითოეული მოქალაქის, თითოეული ოჯახის პრობლემა მოაქვთ ჩვენამდე და ერთად ვიწყებთ ზომების მიღებას მათ გადასაჭრელად.
საკრებულოს მაჟორიტარები იქცნენ გულშემატკივრებად, მეგობრებად, ახლობლებად თბილისელებისთვის. ხშირად მომისმენია, მაგალითად, იგივე რევაზ სოხაძის შემთხვევაში, როგორ ხუმრობდნენ ვარკეთილელები თავიანთ მაჟორიტარზე, სახლში ნათურის შესაცვლელადაც კი რეზის ვურეკავთო.
მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს და მთლიანად საკრებულოს იმ ძალისხმევისთვის, რაც მათ გასული წლების განმავლობაში გასწიეს. მათი დამსახურებაა, რომ დღეს თბილისის მაჯაზე გვიდევს ხელი და ზუსტად ვიცით, რა სჭირდება ჩვენს ქალაქს და თანაქალაქელებს. დიდია მათი წვლილი იმაში, რომ გვაქვს მოსახლეობის დიდი ნდობა და მხარდაჭერა, რაც გვაძლევს სტიმულს, მეტი გავაკეთოთ თითოეული უბნისთვის და თბილისის ღირსეული მომავლისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მომავალში უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტს საკრებულოში პროფესიონალების გუნდი სჭირდება.
„მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს! - ეს ნიშნავს უფრო მეტ რეკრეაციულ სივრცეს თბილისში, მეტად განახლებულ უბნებს რეაბილიტირებული ქუჩებით, სკვერებით და პარკებით, მეტ ახალ საბავშვო ბაღს, მეტ ინფრასტრუქტურას, მეტად ხელმისაწვდომ სერვისებს, თბილისელების კეთილდღეობისთვის ბევრად მეტ პროგრამას ჯანდაცვის, სოციალური, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის თუ სხვა მიმართულებით. ამ ყველაფერს კი სჭირდება თბილისის გულშემატკივარი პროფესიონალების ძლიერი გუნდი საკრებულოში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი, მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას - ირაკლი კობახიძე
05.12.2025.15:37
ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროგრამის მონახაზზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერის თქმით, მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას.
„მასშტაბური მშენებლობები მთელს ქვეყანაში მიმდინარეობს. სულ ახლახან, ქუთაისში, 850-ზე მეტმა ოჯახმა იზეიმა ახალმოსახლეობა. მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას. ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროგრამის მონახაზზე, რომელიც დააჩქარებს განსახლების კუთხით შესაბამისი პროცესების წარმართვას. ჩვენი მიდგომა კომპლექსურია - ჩვენ არ ვაშენებთ უბრალოდ კედლებს. ჩვენ ვქმნით სრულფასოვან საცხოვრებელ გარემოს სკვერებით, სტადიონებითა და ბავშვთა გასართობი მოედნებით, რათა თქვენ და თქვენმა შვილებმა ჯანსაღ და კომფორტულ გარემოში იცხოვროთ. ამასთან, ჩვენ არასდროს ვივიწყებთ მთავარს - ჩვენი ოცნება და მიზანია დავბრუნდეთ ჩვენს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, დავბრუნდეთ საკუთარ სახლებში. გილოცავთ ახალმოსახლეობას და გისურვებთ ბედნიერებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას თქვენს ახალ სახლებში“, - განაცხადა პრემიერმა.